ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სატრანსფერო ციებცხელებაში აქტიურად ჩაება "ბოსტონ სელტიქსი". სეზონის ერთ-ერთმა ფავორიტმა პრინციპულ შეთანხმებას მიღწია "ოკლაჰომასთან" და ოთხი კალათბურთელისგან შემდგარი ტრეიდი განახორციელა.
კერძოდ, "სელტიქსი" "თანდერს" ცენტრ კენდრიკ პერკინსსა და მცველი ნეიტ რობინსონს მისცემს, სანაცვლოდ კი ამავე ამპლუის კალათბურთელებს - ჯეფ გრინსა და ნენად კრსტიჩს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პერკინსმა "ლეიკერსთან" შარშანდელი ფინალური სერიის დროს მიიღო მძიმე ტრავმა და ახლახანს დაუბრუნდა თამაშს. როგორც ჩანს, "სელტიქსის" დამრიგებელი დოკ რივერსი აღარ განიხილავდა მას თავისი გუნდის ძირითად ცენტრად. ამ სეზონში პერკინსმა 12 მატჩი ჩაატარა და
ჯეფ გრინი "ოკლაჰომას" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო - მან წელს 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 15.2 ქულითა და 5.6 მოხსნით დაეხმარა გუნდს. კრსტიჩმა ორჯერ ნაკლები მატჩი ჩაატარა და 7.6 ქულა და 5.4 მოხსნა მიითვალა.
გრინისა და კრსტიჩის დამატების შემდეგ "სელტიქსის" ხელმძღვანელობამ კიდევ სამი კალათბურთელი ჩათვალა ბალასტად. "კლივლენდში" გაუშვეს სემიჰ ერდენი და ლუკ ჰარანგოდი, სანაცვლოდ კი მხოლოდ დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება მიიღეს.
თურქი ერდენის ანგარიშზე 37 მატჩი და 14 წუთი საშუალო სათამაშო დროა. მისი სტატისტიკა 4.1 ქულასა და 2.9 მოხსნას უდრის. ჰარანდოგიმ 28 მატჩში საშუალოდ 2.3 ქულა და 2.0 მოხსნა დააგროვა.
მესამე გასხვისებული კალათბურთელია მარკიზ დენიელსი, რომელიც "კელტებმა" "საკრამენტოს" დაუთმეს. ამ მოთამაშის შეძენა "მეფეების" მთავარ მწვრთნელ პოლ უესტფოლს უნდოდა. "საკრამენტომ" მასში გარკვეული თანხა გადაიხადა.
წელს დენიელსი საშუალოდ 19 წუთს თამაშობს და 5.5 ქულასა და 2.3 მოხსნას აგროვებს.
* * *
"ჰიუსტონის" ფორვარდი შეინ ბატიე "მემფისში" ბრუნდება. საპირისპირო მიმართულებით ჰიუსტონისკენ მიემართება ცენტრი ჰაშიმ ტაბიტი, რასაც დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანიც ემატება.
ბატიე "გრიზლისმა" (მაშინ ეს გუნდი ქალაქ ვანკუვერს ეკუთვნოდა) 2001 წლის დრაფტში მეექვსე ნომრად აირჩია და 2006 წელს გაუცვალა "ჰიუსტონს" სტრომაილ სვიფტსა და რუდი გეიში.
ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი წელს საშუალოდ 8.6 ქულასა და 4.8 მოხსნას აგროვებს. 23 წლის ტაბიტის სტატისტიკა 1.2 ქულასა და 1.7 მოხსნას უდრის.
* * *
"როკეტსი" ამ ერთი ტრეიდით არ დაკმაყოფილდა და "ფინიქს სანზს" გაურიგდა. კერძოდ, მცველი აარონ ბრუქსი გამთამაშებელ გორან დრაგიჩში გაცვალა. სლოვენიელის გარდა "ჰიუსტონმა" დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანიც მიიღო.
მიმდინარე რეგულარულში ბრუქსის სტატისტიკაა - 11.6 ქულა და 3.8 პასი, დრაგიჩისა - 7.4 ქულა და 3.1 პასი.
* * *
"შარლოტმა" "პორტლენდს" დაუთმო თავისი ერთ-ერთი ლიდერი, ფორვარდი ჯერალდ უოლასი. ამ კალათბურთელს დიდი ხანია უნდოდა "ბობკეტსის" დატოვება, "ბლეიზერსი" კი შემადგენლობის გაძლიერებას ლამობდა.
უოლასის სანაცვლოდ "შარლოტმა" მცირე კომპენსაცია მიიღო. ვარაუდობდნენ, რომ ამ ტრეიდში "პორტლენდის" მხრიდან ანდრე მილერი იქნებოდა ჩართული, მაგრამ სხვანაირად მოხდა: "შარლოტში" გაემგზავრა მუდმივად ტრავმირებული ცენტრი ჯოელ პრჟიბილა, რასაც "პორტლენდმა" დრაფტის პირველი რაუნდის ორი არჩევანი დაუმატა.
ამ სეზონში ჯერალდ უოლასმა 48 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 15.6 ქულა და 8.2 მოხსნა დააგროვა.
* * *
დღის ბოლო ტრეიდი განახორციელეს იმავე "შარლოტმა" და "ოკლაჰომამ". ცენტრი ნაზრ მოჰამედი "ოკლაჰომაში" ითამაშებს, ფორვარდები - დი ჯეი უაიტი და მო პეტერსონი - "ბობკეტსში".
მოჰამედი ამ სეზონში საშუალოდ 7.3 ქულასა და 4.9 მოხსნას აგროვებს, უაიტი - 2.8 ქულას და 2.3 მოხსნას, პეტერსონი - 1.0 ქულას და 0.8 მოხსნას.