გაფიცვა "დეტროიტში"

AutoSharing Option
დიდი არეულობაა "დეტროიტ პისტონზში". შაბათს ამ გუნდმა "ფილადელფიას" წინააღმდეგ მხოლოდ ექვსი (!) კალათბურთელის გამოყვანა შეძლო. ოთხმა მოთამაშემ - ტრეისი მაკგრეიდიმ, ტაიშონ პრინსმა, რიჩარდ ჰემილტონმა და კრის უილკოქსმა - გაფიცვა გამოაცხადა და დილით დანიშნულ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო.

გარდა ამისა. "პისტონზს" ოჯახური პრობლემების გამო გამოაკლდა ბენ უოლასი, ხოლო როდნი სტაკი და ოსტინ დეი ჯერაც ტრავმებს მკურნალობენ.

როგორც ESPN იტყობინება, ბოიკოტის მიზეზი მთავარი მწვრთნელი ჯონ კიუსტერი გახდა, რომელსაც უკვე დიდი ხანია უთანხმოება აქვს გუნდის ლიდერებთან. ეს კვარტეტი ჯერ კიდევ "ყველა ვარსკვლავის უქმეების"
წინ აპირებდა ბოიკოტის გამოცხადებას, მაგრამ მთელი გუნდის თავის მხარეს გადაბირება ვერ შეძლო. მსგავსი რამ ვერც ამჯერად მოახერხეს, მაგრამ გაფიცვა მაინც გამოაცხადეს.


* * *
სავარაუდოდ, სწორედ ამ ბოიკოტმა დააჩქარა "დეტროიტიდან" რიჩარდ ჰემილტონის წასვლა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ მცველი "პისტონზთან" საკუთარ კონტრაქტს გამოისყიდის და "ჩიკაგო ბულზში" გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელზე პრეტენზიას "კლივლენდიც" აცხადებდა, მაგრამ ჰემილტონმა აუთსაიდერის რიგებში თამაშზე უარი თქვა.

რიჩარდმა სწორედ ჯონ კიუსტერთან კონფლიქტის გამო გამოტოვა ამ სეზონში მატჩების სოლიდური რაოდენობა.


* * *
ზედიზედ შესრულებული ორმაგი დუბლების რაოდენობით NBA-ის აბსოლუტურ რეკორდს მიაუხლოვდა "მინესოტა ტიმბერვულვზის" ფორვარდი კევინ ლავი. შაბათს "ნიუ ორლეანთან" მატჩში მან ზედიზედ 45-ე დაბლ-დაბლი შეასრულა. ეს უკვე გახლავთ ლიგის რეკორდი ერთი სეზონისთვის. ახლა კი ლავს ექვსი ორმაგი დუბლი სჭირდება, რათა აბსოლუტურ რეკორდსმენ მოზეს მელოუნს დაეწიოს.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ბრწყინვალე სერია 1978-79 წლების სეზონში დაიწყო და 1979-80 წლების სეზონში დაასრულა. მელოუნის რეკორდი ზედიზედ 51 ორმაგ დუბლს უდრის.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული