ვარსკვლავთცვენა ფლორიდაში

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა იყო გამორჩეული. ერთში "მაიამი" საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა "ნიუ იორკს". ამ მატჩს განსაკუთრებული ინტრიგა ჰქონდა - ფლორიდელთა "დიდი ტრიო" ნიუ იორკელთა ახალი ვარსკვლავური დუეტის (სტაუდმაიერი-ენტონი) წინააღმდეგ. სხვა თუ არაფერი, ამ შეხვედრაში მოედანზე იყო მიმდინარე სეზონის ხუთი საუკეთესო სნაიპერიდან ოთხი.

"ნიუ იორკმა", რომელიც კარგი შეტევით არის ცნობილი, ამჯერად დაცვაში გამოიჩინა თავი - "მაიამის" ჯამში 20 შეცდომა დააშვებინა და მეორე ტაიმში მხოლოდ 35 ქულა დააგროვა. არადა, მასპინძლებისთვის მატჩი კარგად დაიწყო. სამხრეთელებს პირველ მეოთხედში ყველაფერი გამოსდიოდათ, მეორე
მეოთხედში კი "ნიუ იორკის" მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რადგან "ჰიტის" უპირატესობა დიდ შესვენებამდე ოთხწუთნახევრით ადრე 15 ქულას შეადგენდა. თუმცა ამის შემდეგ ლებრონი და კომპანია გაჩერდა და მეტოქის 16:0 სპურტი გამოეპარა. წინ უკვე "ნიქსი" იყო - 52:51.

შესვენების შემდეგ გუნდებმა უფრო მეტი ყურადღება დაცვას დაუთმეს. დაიწყო ნერვული და დაძაბული თამაში და ვერც ერთი გუნდი სოლიდური სხვაობით წინ გასვლას ვერ ახერხებდა. საფინალო სირენამდე სამი წუთი რჩებოდა, როცა ლებრონ ჯეიმსმა გარღვევით ორი ქულა მოიპოვა და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო "მაიამის" ბოლო ზუსტი ტყორცნა თამაშიდან. ფლორიდელები 84:78 დაწინაურდნენ, მაგრამ ამას მოჰყვა "ნიუ იორკის" მორიგი გაქცევა - 13:2, რისი წყალობითაც სტუმრებმა უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს.


* * *
"დასავლეთის ფინალის რეპეტიცია" - ასე მონათლა ერთ-ერთმა კომენტატორმა "ოკლაჰომასა" და "ლეიკერსის" მატჩი. რა თქმა უნდა, ასეთ განსაზღვრებას არ დაეთანხმებიან "სან ანტონიო" და "დალასი", თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარებაც არ იქნება გასაკვირი.

ამ მატჩში რამდენიმე საინტერესო დუელი იყო მოსალოდნელი. მაგალითად, დაცვაში ერთი ერთზე თამაშის სპეციალისტი ტაბო სეფოლოშა კობი ბრაიანტის წინააღმდეგ. შვეიცარიელი სტარტზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა - "ლეიკერსის" ლიდერს გასაქანი არ მისცა, თან ორი სამქულიანი ჩააგდო და "თანდერი" - 12:2 - გავიდა წინ. ბუნებრივია, "ლეიკერსი" ასე იოლად არ დანებდებოდა და ასეც მოხდა: კალიფორნიელებმა იქვე 7:1 სპურტით უპასუხეს.

მეორე ტაიმში სათადარიგოების ჯერი დადგა. "ოკლაჰომას" წინა ხაზი უფრო სწრაფი და მობილური აღმოჩნდა და ამან მასპინძლებს 10-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ფილ ჯექსონს მოედანზე ბრაიანტის, ბინუმისა და ფიშერის დაბრუნება მოუწია და მალე ანგარიში გათანაბრდა - 42:42.

აშკარად ჩანდა, რომ ინტრიგა ამ შეხვედრაში ბოლომდე იცოცხლებდა და ასეც მოხდა. მეოთხე მეოთხედი დურანტმა და კომპანიამ კარგად დაიწყეს. შესანიშნავად მოქმედებდა ფარქვეშ სერჟ იბაკა, სამქულიანი ჩააგდო კუკმა... მაგრამ საბოლოო უპირატესობის მოპოვება მასპინძლებმა მაინც ვერ შეძლეს. ბრაიანტმა, როგორც იქნა, თავი დააღწია სეფოლოშას მარწუხებს და რამდენიმე საფირმო ტყორცნა მოათავსა კალათში. მოუმატა გასოლმაც. მოკლედ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც შარშანდელი პლეი ოფის პირველ წრეში, როცა ახალგაზრდა "ოკლაჰომამ" ბრძოლა მოახვია თავს "ლეიკერსს", მაგრამ ბოლოს მაინც ვერ გაუძლო მომავალი ჩემპიონის ძალას.

მიუხედავად ამისა, "თანდერს" ჰქონდა გადარჩენის შანსი. სამქულიანი ჩამორჩენისას ბოლო შეტევა მასპინძლებს ჰქონდათ, რომლებმაც ორჯერ მოასწრეს შორეული ტყორცნის შესრულება - ჯერ დურანტმა ააცილა, რის შემდეგაც შეტევაში მოხსნა კოლისონმა და ჰარდენს გადააწოდა, მაგრამ მისი სამქულიანიც არაზუსტი გამოდგა.


* * *
გუშინ რამდენიმე კალათბურთელს ინდივიდუალურად ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა. პირველ რიგში, უნდა გამოვარჩიოთ "მინესოტას" ლიდერი კევინ ლავი. მან "გოლდენ სტეიტთან" შეხვედრაში მოედანზე 41 წუთი გაატარა და 37 ქულა (თამაშიდან - 8/13, სამქულიანი - 3/4, საჯარიმო - 18/23) დააგროვა. ამას დაემატა 23 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი პასი. ეს იყო ლავის ზედიზედ 46-ე ორმაგი დუბლი. გარდა ამისა, "მგლების" ფორვარდმა ამ სეზონში მეოთხე მატჩი ჩაატარა, როცა მინიმუმ 30 ქულითა და 20 მოხსნით გამოიჩინა თავი.

ბრწყინვალე იყო მანუ ჯინობილი. მას შემდეგ, რაც "მემფისთან" მატჩში ტრავმის გამო მოედანი დატოვა ტონი პარკერმა, არგენტინელი მარტო გაუსწორდა "დათვებს". მანუს ანგარიშზე ბოლო მეოთხედში 18 ქულა იყო, სულ კი 35 ქულა დააგროვა, რაც სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი გახლავთ. სხვათა შორის, "სან ანტონიომ" ზედიზედ 21-ე საშინაო გამარჯვება მოიპოვა და ეს ამ გუნდის რეკორდია ერთი სეზონისთვის.

დღის მესამე გმირად უნდა მოვნათლოთ 38 წლის გრან ჰილი. მანაც ამ სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 44 წუთში 34 ქულა (თამაშიდან - 14/26, სამქულიანი - 4/7, საჯარიმო - 2/2) დააგროვა და ამას 9 მოხსნა, 4 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება დაუმატა. სწორედ მისმა ერთ-ერთმა სამქულიანმა მოუტანა "ფინიქსს" "ინდიანასთან" მატჩში ოვერტაიმი, სადაც "მზეებმა" გატეხეს მეტოქის წინააღმდეგობა.

ინდიანა-ფინიქსი 108:110 (ო)
29:33, 22:27, 21:22, 27:17, 9:11
ი: გრეინჯერი (25+6 პასი), პრაისი (18+5 მოხსნა), ჰენსბრო (13+5 მოხსნა), რაში (11+8 მოხსნა).
ფ: ჰილი (34+9 მოხსნა), გორტატი (17+11 მოხსნა), დადლი (15), ფრაი (14+10 მოხსნა), ნეში (10+13 პასი+5 მოხსნა).

ოკლაჰომა-ლეიკერსი 87:90
28:22, 28:29, 13:21, 18:18
ო: უესტბრუკი (22+6 მოხსნა+6 პასი), დურანტი (21), ჰარდენი (14), სეფოლოშა (10).
ლ: გასოლი (18+11 მოხსნა), ბრაიანტი (17+7 პასი), ბინუმი (16+10 მოხსნა+5 დაფარება), არტესტი (10).

კლივლენდი-ფილადელფია 91:95
23:22, 20:27, 21:26, 27:20
კ: ჰიქსონი (22+16 მოხსნა), სეშენსი (20+6 მოხსნა+10 პასი), ჯეიმისონი (16), სამუელსი (12+6 მოხსნა).
ფ: ბრენდი (16+8 მოხსნა), უილიამსი (16), მიქსი (14+3 ჩაჭრა), ჰოლიდეი (13+6 მოხსნა+9 პასი), იანგი (12+5 მოხსნა), ტერნერი (10).

მინესოტა-გ. სტეიტი 126:123
32:41, 37:32, 35:16, 22:34
მ: ლავი (37+23 მოხსნა), ბიზლი (25+9 მოხსნა), ჯონსონი (17+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), რიდნური (13+5 პასი), ტოლივერი (12+10 მოხსნა), პეკოვიჩი (11).
გ-ს: კარი (33+11 მოხსნა), რაიტი (26), ელისი (20+5 მოხსნა+8 პასი+6 ჩაჭრა), ლი (20+10 მოხსნა+5 პასი).

ორლანდო-შარლოტი 100:86
30:28, 29:23, 21:18, 20:17
ო: ჰოვარდი (20+10 მოხსნა), ბასი (17+3 დაფარება), არენასი (16), ნელსონი (13+7 პასი), რიჩარდსონი (11+6 მოხსნა).
შ: ჯექსონი (35+6 მოხსნა), დიაო (11+9 მოხსნა), ოგუსტინი (11).

ტორონტო-დალასი 96:114
30:24, 27:26, 15:25, 24:39
ტ: ჯონსონი (21+7 მოხსნა), დეროზანი (19), კალდერონი (15+8 მოხსნა+8 პასი).
დ: ნოვიცკი (31+13 მოხსნა), მერიონი (20+6 მოხსნა), ტერი (19+5 პასი), მაინმი (13), ბარეა (12+9 პასი).

ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 89:91
27:21, 28:19, 17:22, 17:29
ნ-ო: უესტი (22+9 მოხსნა+5 პასი), ბელინელი (14), არიზა (13+7 მოხსნა), ლენდრი (13), პოლი (6+12 პასი+3 ჩაჭრა), ოკაფორი (6+14 მოხსნა).
ჰ: მარტინი (33+5 მოხსნა), ლოური (18), ჰეიესი (6+11 მოხსნა+5 პასი).

სან ანტონიო-მემფისი 95:88
26:16, 17:19, 16:28, 36:25
ს-ა: ჯინობილი (35+6 მოხსნა+8 პასი), ბონერი (14), ჰილი (14), დანკანი (12+8 მოხსნა+5 დაფარება).
მ: რენდოლფი (24+17 მოხსნა+5 პასი), კონლი (19), არტური (12), ალენი (10).

მაიამი-ნიუ იორკი 86:91
34:23, 17:29, 15:13, 20:26
მ: ჯეიმსი (27+7 მოხსნა+5 პასი), ბოში (20+12 მოხსნა), უეიდი (12+7 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), მილერი (10).
ნ-ი: ენტონი (29+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (16+10 მოხსნა), ბილაპსი (16), უოკერი (10+7 მოხსნა).

პორტლენდი-ატლანტა 83:90
18:19, 18:29, 13:20, 34:22
პ: მილერი (20+7 მოხსნა), ოლდრიჯი (19+8 მოხსნა), მეტიუზი (12+3 ჩაჭრა).
ა: კროუფორდი (23), ჯონსონი (22), სმიტი (14+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), უილიამსი (11+7 მოხსნა).


დღის რიცხვები
- კობი ბრაიანტმა "ოკლაჰომასთან" მატჩში 17 ქულა დააგროვა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ელვინ ჰეიესს გადაასწრო. ახლა "შავი მამბა" 27 320 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფებდა. სავარაუდოდ, ერთ-ორ კვირაში კობი მოზეს მელოუნს შეავიწროვებს და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლებს. ახლა მათ შორის სხვაობა 89 ქულას შეადგენს.

ბომბარდირების ათეული
1. ქარიმ აბულ-ჯაბარი 38 387
2. კარლ მელოუნი 36 928
3. მაიკლ ჯორდნი 32 292
4. უილტ ჩემბერლენი 31 419
5. შაკილ ო'ნილი 28 590
6. მოზეს მელოუნი 27 409
7. კობი ბრაიანტი 27 320
8. ელვინ ჰეიესი 27 313
9. ჰაკიმ ოლაჟუონი 26 946
10. ოსკარ რობერტსონი 26 710

- გუშინ ისტორია ტიმ დანკანმაც გადაწერა. "მემფისთან" მატჩში მან ხუთი დაფარება დააგროვა, რისი წყალობითაც ბლოკშოტების რაოდენობით ალონსო მოურნინგს გაუთანაბრდა - 2356. ახლა ეს კალათბურთელები  საუკეთესო დამფარებლების სიაში მეათე ადგილს იყოფენ. მალე დანკანი მეცხრე ადგილზე გადავა, რადგან ამ პოზიციაზე მყოფ რობერტ პერიშს სულ რაღაც ხუთი დაფარებით ჩამორჩება.

- "ორლანდოს" მცველმა ჯეისონ რიჩარდსონმა "შარლოტთან" მოგებულ მატჩში ოთხი ტყორცნა მოათავსა კალათში. კარიერის განმავლობაში 30 წლის მოთამაშეს თამაშიდან 5000 ბურთი აქვს ჩაგდებული.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული