ჯუნიორ NBA-GBF ლიგის კენჭისყრას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

AutoSharing Option
დღეს თბილისში "ჯუნიორ NBA-GBF" ლიგის კენჭისყრა გაიმართა. ოლიმპიურ სასახლეში თავი მოიყარა ტურნირის მონაწილე 30 გუნდის 450-მა მოთამაშემ.

"ჯუნიორ NBA-GBF" ლიგა საქართველოში მესამედ ტარდება. იგი გახლავთ ყველაზე მასშტაბური ტურნირი, რომელშიც 1000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობს. ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად წლეულს 80-ამდე გუნდი იბრძოდა, თუმცა "ჯუნიორ NBA-GBF" ლიგაში მათგან მხოლოდ 30 მოხვდა. ეს სეზონი ასევე იქნება იმით გამორჩეული, რომ "ჯუნიორ NBA-GBF" ლიგაში ვერგასული გუნდები ამ ტურნირის B დივიზიონში იასპარეზებენ.

კენჭისყრის ცერემონიალს საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის
მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა, კალათბურთის ფედერაციის სპონსორებმა, პარტნიორებმა, ჟურნალისტებმა და მსახიობებმა.

მოწვეულმა სტუმრებმა კენჭისყრის შედეგად "ჯუნიორ NBA-GBF" ლიგაში მონაწილე 30 გუნდს ნბა-ს კლუბების სახელები მიანიჭეს. სანამ კენჭისყრა დაიწყებოდა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და სპორტისა და კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი დოლაბერიძემ.

კენჭისყრამ საზეიმო ვითარებაში და ხალისიანად ჩაიარა. ტურნირის მონაწილე გუნდების წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან – თელავიდან, ლაგოდეხიდან, საგარეჯოდან, რუსთავიდან, სოხუმიდან, თბილისიდან, გორიდან, კასპიდან, ხაშურიდან, ქუთაისიდან, საჩხერიდან, ჭიათურიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან, ფოთიდან, სენაკიდან – აღფრთოვანებით ხვდებოდნენ იმ გუნდების სახელების გაჟღერებას, რომლებიც მათ ხვდებოდათ. ტურნირის ყველა მონაწილეს ნბა-ს გუნდების სახელწოდებები მიენიჭათ და ისინი ამერიკის პროფესიული ლიგის მსგავსად, 6 დივიზიონში გადანაწილდნენ.

"ჯუნიორ NBA-GBF" ლიგის 6 დივიზიონი შემდეგ ქალაქებში გაიმართება – თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ქუთაისი და ბათუმი. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსგავსად, 6 დივიზიონი 2 კონფერენციად არის გაყოფილი. თითო კონფერენციიდან პლეი-ოფში 8 საუკეთესო გავა. შესაბამისად, რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესო 16 გუნდი ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი-ოფის საწყისი რაუნდების შემდეგ გუნდები დედაქალაქში გადმოინაცვლებენ, სადაც ჩემპიონის გამოსავლენი გადამწყვეტი მატჩები – ოთხთა ფინალი გაიმართება.



მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული