საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს 17 ქულით უგებდა და დამარცხდა

AutoSharing Option
დასანანი მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა 1 ქულის სხვაობით – 58:59 დათმო. დასანანია, როცა მატჩის უმეტეს დროს იგებ და ერთხანს, მეტოქეს მთელი 17 ქულით უსწრებ, თუმცა საბოლოოდ წაგებული აღმოჩნდები. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა ჩვენს ნაკრებს, რომელიც პოლონეთს მე-3 პერიოდის მე-3 წუთზე 39:22 უგებდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და ბოლო წამებზე, დრამატულ ფინალში დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთნახსენები 17-ქულიანი უპირატესობა დაკარგა და ბოლო პერიოდის
საწყის 5 წუთში ბურთი ვერ ჩააგდო, რის შემდეგაც მდევრის როლში აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრებს მოგების შანსი მაინც მიეცა. შეხვედრის ბოლოს გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით, ჩერქეზიშვილის გუნდი ბოლო წუთზე 2 ქულით დაწინაურდა და პოლონელების გაფუჭებული შეტევის შემდეგ, საფინალო სირენამდე 45 წამით ადრე ბურთიც მოიპოვა, მაგრამ… ბურთის ჩამჭრელმა ნიკა დარბაიძემ სწრაფად შეუტია, რაც შექმნილ ვითარებაში გამართლებული იყო, თუმცა შეტევაში ბურთი წინ გაექცა და მისი მოედანზე დაბრუნებისას, მეტოქემ ჩაუჭრა. სირენამდე 28 წამით ადრე პოლონელებმა საჯარიმოებით გაათანაბრეს და ქართველებს მორიგი შეტევის და გამარჯვების ხელახალი შანსი მიეცათ.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ბურთი გაათამაშეს, თუმცა შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამის ამოწურვამდე 6-7 წამით ადრე შეუტიეს, რაც ვერ გამოუვიდათ და ჩაჭრილი ბურთი პოლონელებმა სწრაფად გადაიტანეს საქართველოს ნახევარზე. სლავები არაორგანიზებულად უტევდნენ და პერიმეტრსმიღმა, სრულიად უვნებელ სიტუაციაში, საფინალო სირენამდე 2.4 წამით ადრე, მსაჯებმა რატი ანდრონიკაშვილი დააჯარიმეს. პოლონელთა ბომბარდირმა ლუკაშ კოლენდამ პირველი ააცილა, მეორე კი ჩააგდო და 59:58. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა წუთშესვენება კი აიღო და შეტევაც დაგეგმა, მაგრამ ამ მატჩში ჩვენი გუნდის ბომბარდირმა დავით აფხაზავამ სამქულიანი ააცილა და ქართველების 1-ქულიანი მარცხიც დაფიქსირდა.

წაგების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მეტოქეზე 10-ით მეტი დაკარგვა გახლდათ. როცა გუნდი ბურთს 21-ჯერ დაკარგავს, მოგების მიღწევა გმირობის ტოლფასია. მიუხედავად ყველაფრისა, ქართველებს წარმატების რეალური შანსი ჰქონდათ და მოგება ბოლო წუთზე, ისევ და ისევ საკუთარი შეცდომების გამო დაკარგეს.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი გახდა დავით აფხაზავა. 9 ქულა მოაგროვა გიორგი კორსანტიამ, 6 – ნიკა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 5-5 ქულა ერთბაშად ხუთი კალათბურთელის – ლევან ბაბილოძის, ნიკა დარბაიძის, სანდრო მამუკელაშვილის, ლადო ფურცხვანიძის და რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. პოლონელებს 24 ქულით ლუკაშ კოლენდამ ულიდერა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 14 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს ჯგუფში ჩატარებულ მეორე მატჩში ფინეთმა პორტუგალია 83:59 გაანადგურა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რატომ არ არიან ბითაძე და ბულაშვილი? თუ ამათმა იუკადრისეს პირდაპირ უნდა ითქვას და არც დიდ ნაკრებში ესაქმებათ არაფერი. თუ ტრამვა აქვთ ან სხვა საპატიო მიზეზი ესეც უნდა ითქვას!
ზვიადი
20:08 14-07-2018
0
ბითაძე რატო არაა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული