საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ესტონეთთან 66:76 დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბრძოლით დაიწყო. სამწუხაროდ, გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა ესტონეთთან მარცხი განიცადა, თუმცა ბოლო პერიოდში გამოჩენილი დიდი შეუპოვრობის ხარჯზე თითქმის უიმედო მატჩი შემოატრიალა და გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ…

შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ ნაკლები რჩებოდა, როცა 64:69 ჩამორჩენილი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ირაკლი კილაძემ მოხსნა, თუმცა არც მისი ნასროლი ჩაეშვა კალათში, რის შემდეგაც ესტონელებმა სწრაფი შეტევა დააგვირგვინეს და საქართველო საბოლოოდ გატეხეს.

არადა, შეხვედრის დასრულებამდე შვიდიოდ წუთით
ადრე ესტონეთი 20 ქულით იგებდა და მატჩის ბედიც თითქმის სათავისოდ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ვლადიმერ თავაქარაშვილისა და დავით გოგაძის სამქულიანებმა, გაფრინდაშვილისა და ალექსი მერკვილაძის ფარზე კარგმა თამაშმა, ქართველების გუნდურმა სულისკვეთებამ ჩამორჩენა 4 წუთში 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოპოვებამდე საქართველოს ნაკრებს მცირედი დააკლდა.

ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეზე კარგად იმუშავა ფარქვეშ (9-ით მეტი ბურთი მოხსნა), თუმცა საჯარიმო სროლების ცუდად შესრულება გახდა დამარცხების უმთავრესი მიზეზი. ესტონელებმა 11 ცდიდან 7 ჩააგდეს, ქართველებმა კი 33-დან მხოლოდ 14 გამოიყენეს. ამასთან, ბალტიისპირელებმა ქართველებზე 5-ით მეტი სამიანი მიითვალეს.

საბოლოოდ ესტონელებმა 76:66 იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი იონას რიისმას (18 ქულა) და ილიმარ რაიენდს (15 ქულა) მიუძღვით. საქართველოს ნაკრებში 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 15 ქულა და 4 მოხსნა ჰქონდა ზურა ვაშაკიძეს, ხოლო ალექსი მერკვილაძის ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა.

ჯგუფის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს, საფრანგეთთან, თბილისის დროით 20:15 საათზე გამართავს. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი, იტალია – საფრანგეთი, დღეს, 22:30 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
მწრთვნელის ხელი ეტყობა,ტაქტიკა აქვთ ძლიერი.ისე ერთი გუნდის მწრთვნელები რატომ არიან ჰა ნაკრებში ? გურასპაული ხომ არ იტყვის რამეს ?!
1
33 დან 14 ჯარიმა?ვერავინ დამარწმუნებს,რომ ამაზე გაცილებით უკეთ სროლა არ იციან.საქმე ფსიქოლოგიაში უნდა იყოს.მატჩის ბოლოსაც,როცა ანგარიში შემცირდა,ისევ ხელი აუკანკალდათ.არადა თუ მოგება გვინდოდა,ეს თამაში უნდა მოგვეგო.ეტყობა მართლა არა გვყავს საშუალო კვალიფიკაციის მწვრთნელები მაინც.
სოსო
10:14 11-08-2018
0

სიახლეები პოპულარული