U20. საქართველოს ნაკრები კიევის ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. ბოლო ტურამდე სლოვაკეთისა U20 და უკრაინის U18 ნაკრებების დამმარცხებელმა ქართველებმა ბოლო შეხვედრა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში – 64:73 დამარცხდნენ.

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მატჩის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე 5 ქულით იგებდა – ვახტანგ გაფრინდაშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ქართველები 61:56 დაწინაურდნენ და გამარჯვებას მიუახლოვდნენ. აქ კი უკრაინელებმა წუთშესვენება აიღეს და მოედანზე დაბრუნებულები შედეგიანად ათამაშდნენ. 7:0 გაქცევით მასპინძლები 63:61 დაწინაურდნენ, თუმცა ლუკა კალატოზიშვილის ზუსტი გარღვევით ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს.

თამაშის
დასრულებამდე 2 წუთით ადრე კალატოზიშვილი ვადიმ კოზაკზე დაჯარიმდა, როცა ეს უკანასკნელი სამქულიანს ესროდა. კოზაკმა სამივე საჯარიმო ჩააგდო, ქართველებმა შეტევა გააცუდეს და როცა უკრაინელებმა ისევ იხეირეს, ბოლო წუთი დაიწყო, ანგარიშში სხვაობამ კი 6 ქულას მიაღწია. საბოლოოდ ქართველები 9 ქულით დამარცხდნენ და კიევის საერთაშორისო ტურნირი მე-2 ადგილზე დაასრულეს.

უკრაინასთან საერთო შედეგიანობით საუკეთესო იყო აკაკი ფიფია, რომელმაც 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა 20 ქულით, რომელმაც 9 პასიც გაიღო, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა, პლუს, ბევრი სროლა აუცდა და ამიტომ მისმა ეფექტურობის ინდექსმა მხოლოდ 11 შეადგინა. 12 ქულა მიითვალა ვახტანგ გაფრინდაშვილმა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გასული შეკრება სლოვენიაში დაიწყო, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილ საწვრთნელ ბაზაზე, დაბა პოდჩეტრტეკში ივარჯიშა. გლიგორიევიჩის გუნდმა სლოვენიის 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებთან 14 და 16 ივნისს თითო სპარინგ-მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლებში დამარცხდა. სლოვენიიდან ქართველებმა უკრაინაში გადაინაცვლეს და კიევის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშეს.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში დღეს დაბრუნდება და განაგრძობს მომზადებას ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი-ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-21 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაძაბული ბრძოლაა 9 ქულით წაგება>>>>?????
Динамовец
15:52 24-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული