საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებთან მატჩი სოლიდური გაქცევით დაიწყო. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი პირველი პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 13:0 იგებდა, თუმცა ბენილუქსელები მალევე გამოფხიზლდნენ და
ყველაფერი შეიცვალა მეორე პერიოდიდან. ჰოლანდიელებმა დაცვა გააძლიერეს, შეტევაში ტემპს უმატეს და შედეგად უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალევე ანგარიშშიც აისახა. ჰოლანდიამ 23:8 მოიგო ათწუთეული და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე ათწუთეული თანაბარი გამოდგა და ბოლო პერიოდის წინ ჰოლანდიელებს 5-ქულიანი ლიდერობა შერჩათ. დასკვნით მეოთხედში ქართველები ბევრს ეცადნენ, მეტოქეს 2 ქულითაც მიუახლოვდნენ, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს. საფინალო სირენამდე 2:55 წუთით ადრე ჰოლანდია 52:50 იგებდა, როცა ქართველებმა რამდენიმე შეტევა გააცუდეს და მეტოქის ჯერიც დადგა. ჰოლანდიელებმა ბოლო წუთზე 6-მდე გაზარდეს უპირატესობა და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე სარგებლიანი ლუკა ლიკლიკაძე გახლდათ, რომელმაც 13 ქულა, 7 ჩაჭრა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 14 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ავალიანი, სანდრო კასაბურის ანგარიშზე კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.
ჩვენს ჯგუფში პორტუგალიამ კვიპროსს 59:46 მოუგო, ჩეხეთისა და ირლანდიის მატჩი გვიან ღამით დასრულდება. საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩს 9 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით