დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების კენჭისყრა გაიმართა.
მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქი 2020 წლის 10-19 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს და ჩვენი ინტერესიც, ცხადია, უმეტესწილად ამ ასაკზეა მიპყრობილი.
კენჭისყრას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი შალვა ონიანი. ბოისა კენჭისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილიც მიუჩინა. მას ასე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად.
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
მთლიანობაში, თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის B
დივიზიონში მონაწილეობას 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. შეიქმნა 4 ჯგუფი, რომელთაგანაც ორი 6-გუნდიანი და ორიც - 5-გუნდიანი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელიტური, A დივიზიონის საგზური.
თბილისში 10-19 ივლისს გასამართი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ სერბეთის, ლატვიისა და რუსეთის ნაკრებები. ეს იმ თაობის გუნდები არიან, რომლებმაც 2 წლის წინ, ევროპის 18-წლამდელთა A დივიზიონში ნახევარფინალში ითამაშეს.
სერბეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიას მოუგო, ხოლო რუსეთი მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა. ისე მოხდა, რომ ეს ნაკრებები წლეულს 20-წლამდელთა A დივიზიონიდან გამოვარდნენ და მომავალი წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვლენ B დივიზიონში საასპარეზოდ.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში რუმინეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, უკრაინასა და ირლანდიასთან მოხვდა. ამ ასაკობრივ ჩემპიონატში B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში 6-6-ად გადანაწილდა. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა მერვედფინალში და A დივიზიონში გადასასვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
16-წლამდელთა B დივიზიონი 13-22 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. აქაც 24 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და გათამაშების ფორმატიც სხვა ასაკობრივი პირველობების ანალოგიური იქნება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, უკრაინა, კვიპროსი, სლოვაკეთი და რუმინეთი.16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)
ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. ორივეგან ჩვენი ნაკრები C დივიზიონშია. 16-წლამდელთა C დივიზიონს 14-19 აგვისტოს გიბრალტარი უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან სომხეთისა და უელსის გუნდები.
18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)
რაც შეეხებათ 18 წლამდე გოგონებს, C დივიზიონი ანდორაში, 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში 8 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში სომხეთთან, კვიპროსთან და მალტასთან მოხვდა. მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით