საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-5 ადგილი დაიკავა. კოტე ტუღუშისა და ძმების – დავით და სანდრო ნოზაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ბოლო მატჩში სლოვაკეთის ნაკრები 96:79 დაამარცხა და მე-5 ადგილზე გავიდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო და 2-ში მარცხი განიცადა. სამწუხაროდ, ამ ორში ერთია საკვანძო, უკრაინასთან მეოთხედფინალური მატჩი, რომელიც ქართველებმა დათმეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

მას შემდეგ საქართველომ ორივე მატჩი მოიგო და მეოთხედფინალიდან გავარდნილ 4 გუნდს (სლოვაკეთი, უნგრეთი პორტუგალია) შორის საუკეთესო – მე-5
ადგილი დაიკავა. უნგრეთთან მატჩი არ ყოფილა იოლი, რომელიც მადიარების ლიდერობით დაიწყო. უნგრელებმა პირველი პერიოდი 22:20 მოიგეს და დანებებას არ აპირებდნენ. საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხა პირველი ტაიმის ბოლოს შეიტანა, თუმცა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მაინც ვერ მოიპოვა – 46:40 პირველი ნახევრის შემდეგ.

მესამე პერიოდში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც ქართველებმა 3 ქულით მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 9 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ყველაფერი გაირკვა. საქართველომ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და საბოლოოდ 17 ქულით მოუგო, რაშიც ლომის წილი საკალათბურთო კლუბ “ქუთაისის” წევრებს – გიორგი ოჩხიკიძეს და გიორგი სულაბერიძეს მიუძღვით. პირველმა 27 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, სულაბერიძემ კი შეხვედრა 26 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. გამოირჩა ვატო გაჩეჩილაძეც, რომელმაც 14 მოხსნა და 7 ქულა მოაგროვა, ლუკა ლომთაძემ შეხვედრა 10 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. ლუკა ალავიძემ შეხვედრა 14 ქულითა და 5 პასით დაასრულა.

ტურნირის შემდეგ დასახელდა ტურნირის საუკეთესო (სიმბოლური) ხუთეული, რომელშიც გიორგი სულაბერიძე შევიდა. ქართველი ფორვარდი ჩემპიონატის განმავლობაში საშუალოდ 19.6 ქულას (ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი) და 10.9 მოხსნას (მეორე საუკეთესო) აგროვებდა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21.4-ს (მეორე საუკეთესო) შეადგენდა.

ამით, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი დასრულდა. ფინალში მასპინძელმა რუმინეთმა უკრაინას 80:58 მოუგო. ორივე გუნდმა A დივიზიონის საგზური მოიპოვა. მესამე საგზური ფინეთს ერგო, რომელმაც ბრინჯაოს მატჩში ნიდერლანდები 73:56 დაამარცხა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული