საქართველოს ნაკრების ფან-კლუბი ევრობასკეტისთვის მზადაა

AutoSharing Option
სლოვენია, საქართველოს მსგავსად, ევროპის პატარა ქვეყანაა, თუმცა იქ კალათბურთში გულშემატკივრობის კულტურა გაცილებით მაღალ დონეზეა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ორი ათეული წლის განმავლობაში სლოვენიური "ოლიმპია" ევროლიგაზე წარმატებით თამაშობდა, ქომაგებისთვის კვირაში ერთხელ ტოპ-ხარისხის კალათბურთის ხილვა ცხოვრების ნაწილად იქცა. 2013 წელს ევროპის ჩემპიონატს სწორედ სლოვენიამ უმასპინძლა და მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე არანაკლებ ეფექტური სანახავი მწვანე გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები იყო.

ამ ტრიბუნებში ჩაიკარგა მცირერიცხოვანი ქართული ქომაგობა. ისრაელში სხვა სურათს უნდა ველოდეთ. შეიქმნა საქართველოს ნაკრების ფან-კლუბი, რომელიც საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული და ბევრ მოწინააღმდეგეს უნდა აჯობოს
კიდეც.

ცხადია, ისრაელის ნაკრებს ვერ ვაჯობებთ, რადგან შეჯიბრების მასპინძელია; ლიტველებთანაც გაგვიჭირდება უპირატესობის მოპოვება, რადგან ბალტიისპირელები ყველა ევრობასკეტზე ოჯახებითურთ მიემგზავრებიან...

- საქართველოს ნაკრების ფან-კლუბი კარგად მომზადებული ხვდება ევროპის ჩემპიონატს, - გვითხრა ფან-კლუბის ხელმძღვნელმა ვაჟა კვარაცხელიამ, - 31 აგვისტოდან დაიწყება ევრობასკეტი, სექტემბრის მეორე ნახევრიდან თბილისის "დინამო" ევროპის საკლუბო ტურნირებში ერთვება, ხოლო ნოემბრიდან საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ელის. ჩვენი ეროვნული გუნდი უკვე მეოთხე ევრობასკეტზე ითამაშებს და ვეცდებით, მაქსიმალურად დავეხმაროთ გუნდს და ყოველი მატჩი გავალამაზოთ.

ეროვნული გუნდის ფან-კლუბის ჩამოყალიბების იდეა ჟურნალისტ ზურაბ თალაკვაძეს ეკუთვნის, რომელიც ვაჟა კვარაცხელიასთან ერთად მთავარი ორგანიზატორია. როგორც ბატონი ვაჟა ამბობს, გაითვალისწინეს ლიტვური გამოცდილება:

- ყველას კარგად მოეხსენება, როგორ არის მოწესრიგებული ლიტვაში გულშემატკივრობის საკითხი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კარგად ორგანიზებული ფან-კლუბია, რომელსაც ტომას ბალაიჩი უდგას სათავეში. მას კარგად ვიცნობთ და სწორედ ტომასის რჩევები გავითვალისწინეთ ფან-კლუბის შექმნისას.

ევრობასკეტისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, გვაქვს სპეციალური ეკიპირება, აღჭურვილობა და გულშემატკივრობისას ქართულ ელემენტებსაც დავურთავთ. ეს ყველაფერი კი საიმისოდაა, რომ ეროვნულ ნაკრებს პლეი ოფში გასვლა გავუადვილოთ. ვფიქრობ, მას ნამდვილად შესწევს ძალა, ჯგუფის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდეს.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული