ამ ტრიბუნებში ჩაიკარგა მცირერიცხოვანი ქართული ქომაგობა. ისრაელში სხვა სურათს უნდა ველოდეთ. შეიქმნა საქართველოს ნაკრების ფან-კლუბი, რომელიც საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული და ბევრ მოწინააღმდეგეს უნდა აჯობოს
ცხადია, ისრაელის ნაკრებს ვერ ვაჯობებთ, რადგან შეჯიბრების მასპინძელია; ლიტველებთანაც გაგვიჭირდება უპირატესობის მოპოვება, რადგან ბალტიისპირელები ყველა ევრობასკეტზე ოჯახებითურთ მიემგზავრებიან...
- საქართველოს ნაკრების ფან-კლუბი კარგად მომზადებული ხვდება ევროპის ჩემპიონატს, - გვითხრა ფან-კლუბის ხელმძღვნელმა ვაჟა კვარაცხელიამ, - 31 აგვისტოდან დაიწყება ევრობასკეტი, სექტემბრის მეორე ნახევრიდან თბილისის "დინამო" ევროპის საკლუბო ტურნირებში ერთვება, ხოლო ნოემბრიდან საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ელის. ჩვენი ეროვნული გუნდი უკვე მეოთხე ევრობასკეტზე ითამაშებს და ვეცდებით, მაქსიმალურად დავეხმაროთ გუნდს და ყოველი მატჩი გავალამაზოთ.
ეროვნული გუნდის ფან-კლუბის ჩამოყალიბების იდეა ჟურნალისტ ზურაბ თალაკვაძეს ეკუთვნის, რომელიც ვაჟა კვარაცხელიასთან ერთად მთავარი ორგანიზატორია. როგორც ბატონი ვაჟა ამბობს, გაითვალისწინეს ლიტვური გამოცდილება:
- ყველას კარგად მოეხსენება, როგორ არის მოწესრიგებული ლიტვაში გულშემატკივრობის საკითხი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კარგად ორგანიზებული ფან-კლუბია, რომელსაც ტომას ბალაიჩი უდგას სათავეში. მას კარგად ვიცნობთ და სწორედ ტომასის რჩევები გავითვალისწინეთ ფან-კლუბის შექმნისას.
ევრობასკეტისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, გვაქვს სპეციალური ეკიპირება, აღჭურვილობა და გულშემატკივრობისას ქართულ ელემენტებსაც დავურთავთ. ეს ყველაფერი კი საიმისოდაა, რომ ეროვნულ ნაკრებს პლეი ოფში გასვლა გავუადვილოთ. ვფიქრობ, მას ნამდვილად შესწევს ძალა, ჯგუფის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"