77:79 დამარცხების შემდეგ ლიტველმა ლეგენდამ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არვიდას საბონისმა დინჯად თქვა: ერთ თვეში ორჯერ შემთხვევით არავინ იგებსო. საქართველოს ნაკრებმა ხომ ბალტიელები აგვისტოს დასაწყისში ამხანაგურად მათსავე მოედანზე დაამარცხა.
შეხვედრას ძალიან საინტერესო წინაისტორია აქვს. უახლეს ისტორიას ვგულისხმობ: თამაშზე მიმავალ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა ჯგუფს
- რამდენით მოგიგებთ? - უტიფრად გვეკითხებოდნენ მეტოქეები. ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ.
ავტობუსიდან ჩამოსულებს ლიტველებთან ერთად საქართველოს დროშებით შეიარაღებული ქართველებიც შეგვხვდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამ ევრობასკეტზე ყველაზე მეტი ქომაგი სწორედ ისრაელში გვყავს. მათ გამარჯვებით ძალიან გაიხარეს და მატჩის შემდეგ მხურვალე ოვაციებით მიაცილეს კალათბურთელები ავტობუსამდე.
ლიტველებმა კი უჩვეულო სიმშვიდით დატოვეს დარბაზი... გასვლისას სწორედ ის შეზარხოშებული ახალგაზრდა შემეჩეხა, ავტობუსში პროგნოზით რომ დაინტერესდა. რამდენით მოგიგებთო, აღარ უკითხავს.
მაინც რის ხარჯზე მოვახერხეთ ლიტვასთან გამარჯვება?
გამარჯვება უმთავრესად დაცვის დამსახურებაა. საქართველოს ნაკრებმა ბოლოს და ბოლოს, გამოასწორა პერიმეტრის დაცვა. ლიტვამ ჯამში 8 სამიანი ჩააგდო, მაგრამ ბევრი, 27 სტყორცნა. ჩვენი უკანახაზელები საკმაოდ "ზემოთ" იყვნენ აწეულები და ამიტომაც არ რჩებოდათ ლიტველებს სამქულიანებისთვის თავისუფალი სივრცე.
გამოცდილება კალათბურთში ბევრს ნიშნავს. საქართველომ ლიტვასთანაც სწორედ ისე ითამაშა, როგორც საკონტროლო შეხვედრებში - თავიდან თითქმის ყველა მეტოქეს ჩამორჩა (გუშინ ლიტვასთან 12 ქულით აგებდა კიდეც), მაგრამ მეორე ტაიმში მშვიდად აღმოფხვრა სხვაობა, ხოლო ბოლო წამებზე ყველა კალათბურთელმა მშვენივრად იცის, რა უნდა გააკეთოს და როგორ. გამოცდილება კი იმაში ეხმარება, რომ ეს კარგად შეასრულოს.
ამხანაგურად ლიტვა რომ დავამარცხეთ, მაშინ თქვა ილიას ზუროსმა - საქართველომ ხასიათით მოიგოო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილსა და კომპანიას ვალანჩუნასზე, კალნიეტისსა და კუზმინსკასზე მებრძოლი ხასიათი აღმოაჩნდათ. თავი არ დაუზოგავთ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
ორი წინადადებით
გიორგი ცინცაძე. საკონტროლო მატჩებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გიორგი ცინცაძე იყო, რომელსაც მეორე პერიოდში კოჭი გადაუბრუნდა და მატჩს ვეღარ დაუბრუნდა.მაიკლ დიქსონი. ცინცაძის ნაცვლად გამთამაშებლობა მაიკლ დიქსონმა იკისრა და ბოლო წამებზე ჯერ მარცხნიდან ჩააგდო ურთულესი ორქულიანი, შემდეგ - მარჯვნიდან და საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე საქართველო 78:74 დააწინაურა.
დუდა სანაძე. შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრებში კარიერის საუკეთესო მატჩი ჰქონდა. მართალია, 13 ქულაზე მეტი სხვა შეხვედრებშიც ჩაუგდია, მაგრამ გუნდურად ძალიან ბევრი იმუშავა.
მანუჩარ მარკოიშვილი. იოანის მაჩიულისმა 2015 წლის გმირობა ვეღარ გაიმეორა. მიზეზი მანუჩარის დაცვაა. მანუს შორეული ორქულიანი გახსოვთ? - სირენამდე 1:22 წუთით ადრე რომ ჩააგდო და 76:74 დაგვაწინაურა.
თორნიკე შენგელია. ერთ-ერთი სწრაფი შეტევისას თოკო საჯარიმოს ხაზიდან ახტა და გემრიელად ჩატენა. ეს გახლდათ მომენტი, რომელმაც გვიჩვენა, რომ თოკო გუშინ შეუჩერებელი იყო - 29 ქულა ლიტვასთან!!!
გიორგი შერმადინი. დიდი დატვირთვა მოდიოდა საქართველოს ნაკრების წინა ხაზზე. შერმადინი ქულებში ჩვეულად ეფექტური არ იყო, მაგრამ მთავარი მისია შეასრულა - ლიტველებს ფარი არ დაუთმო.
მიხეილ ბერიშვილი. ზუროსი ენდო და მიიღო სტაბილური ფორვარდი, რომელსაც დაცვაში ნამდვილად არ უჭირდა ლიტველი ვარსკვლავების წინააღმდეგ.
ზაზა ფაჩულია. პრესკონფერენციაზე ინგლისურენოვანმა ჟურნალისტმა ლიტვის ნაკრების მწვრთნელს ჰკითხა: თქვენც ხომ არ მოგეჩვენათ, რომ ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ ლიტველი კალათბურთელები შეშინებულები თამაშობდნენო?
სერიოზულია თუ არა ცინცაძის ტრავმა?
ლიტვასთან მატჩის მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძეს გვერდით ხაზთან ბურთისთვის ბრძოლისას კოჭი გადაუბრუნდა. იგი მოედნიდან გავიდა და სათადარიგოთა სკამის უკან ექიმებისკენ გადაინაცვლა. დიდი შესვენების დაწყებისას გიორგი კოჭლობით გავიდა. სწორედ შესვენებაზე ვკითხე ჩვენი ნაკრების მედიკოსებს ტრავმის სიმძიმეზე. მითხრეს, ტრავმა სერიოზული არ ჩანსო. ილიას ზუროსმა ლიტვასთან "ბუ" აღარ ათამაშა.
მას პრესკონფერენციაზე ცინცაძის ტრავმის შესახებ ვკითხეთ:
- წინასწარი დაკვირვებით, ტრავმა სერიოზული არ ჩანს, თუმცა საჭიროა გამოკვლევა, რის შემდეგაც გვეცოდინება ზუსტი პასუხი. კალათბურთელის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია და მას ბოლომდე უნდა გავუფრთხილდეთ. ვიმედოვნებ, გამოკვლევა დადებით შედეგს მოგვცემს და გიორგი მალევე დაგვიბრუნდება.
ტრავმირებულია ახალგაზრდა გოგა ბითაძე, რომლის მოედანზე გამოჩენას მწვრთნელი მომდევნო ორ მატჩში არ ელის. მესამეში ვნახოთო...
ჩვენც დავიტოვოთ იმედი, რომ როგორც ცინცაძე, ასევე ბითაძე მალე დაუბრუნდებიან გუნდს. ესოდენ გრძელ მარათონში ხომ საქართველოს ნაკრებს თითოეული კალათბურთელი ძალიან სჭირდება.
ევრობასკეტი. B ჯგუფი. I ტური
31 აგვისტო, თელ-ავივი
ლიტვა-საქართველო 77:79
18:18, 21:16, 18:25, 20:20
მატჩის შემდეგ
ილიას ზუროსი: რატომ არ ვიღიმი? იმიტომ, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა
თორნიკე შენგელია: ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით
ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"