მან საქართველოს ნაკრებში პირველად 2000 წლის 17 მაისს ითამაშა, ბოლოს 2017 წლის 6 სექტემბერს. ზაზას სადებიუტო შეხვედრაში საქართველო ევრობასკეტის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგთან 71:92 დამარცხდა, მას მერე ფაჩულიას კაპიტნობით ჩვენი გუნდი ევროპის წამყვან საკალათბურთო ქვეყნებს გაუთანაბრდა და ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე.
ზაზას
- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]
თამაშის დასრულების შემდეგ ზაზამ თავის "ფეისბუქზე" საქართველოს ნაკრების მაისური გამოფინა და დაწერა - სანაკრებო კარიერა დავასრულეო.
- კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი
- ემოციური მომენტი იყო, - მითხრა მან ინტერვიუში, - როდესაც ცხოვრების ნახევარი ნაკრებში გაქვს გატარებული, 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ეროვნულ გუნდში თამაშობ, წარმოუდგენელია ემოციის გარეშე თქვა - სანაკრებო კარიერას ვასრულებო.
17 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ ზაფხულს ვერ ჩამოვედი, ამის მიზეზი ტრავმა იყო, რამაც ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი გამომატოვებინა.
რა იქნება მერე...
- ჯერაც ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნები სანაკრებო მატჩების გარეშე. მომავალი ზაფხული სხვანაირი იქნება, არ ვიცი, როგორ დავგეგმო, ფიქრიც კი რთულია. უჩვეულო გრძნობაა - მოვა სანაკრებო მატჩების დრო და ვერ ითამაშებ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მშვენივრად მესმის, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ფიბას მიერ საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის შეცვლამ ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი. მოგეხსენებათ, სანაკრებო მატჩები შუა სეზონზე გადაანაწილეს. სწორედ იმ დროსაა, როცა NBA-ში გახურებული სეზონია.
ამის მიუხედავად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ბოლოს ვთქვი ის, რაც გულმა და გონებამ მიკარნახა.
პატივიც და მოვალეობაც
- NBA-ს თასის პრეზენტაციისას მადლობა გადავუხადე ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლეს, შვილებს, რომლებიც მხარში მიდგანან. ისინი ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ და კარგად ესმოდათ, რატომ ხდებოდა ასე. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი პატივი, დიდი სიხარული, ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება იყო. ისევე როგორც ახალგაზრდულ ასაკში, ბოლომდე მონდომებით, გულით ვეკიდებოდი თითოეულ ვარჯიშს, თითოეულ შეკრებას, თითოეულ თამაშს. კარგად მესმის, რომ ნაკრებში თამაში არ არის პირადული, საკუთარი მიზნებისთვის... ეს არის ქვეყნისთვის ჩემი ხალხისთვის. ეროვნულში თამაში ჩემთვის დიდი პატივიც იყო და მოვალეობაც. იქ ხომ ახალგაზრდული ასაკიდან ვთამაშობდი და მეორეც - გუნდის კაპიტანი ვიყავი.
ყველას მინდა მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის და კრიტიკისთვისაც, რადგან ამან უკეთეს ადამიანად მაქცია, მეტი სტიმული მომცა. კრიტიკა პირად შეურაცხყოფად არასოდეს მიმიღია, ვაანალიზებდი და ვცდილობდი, როგორც ქვეყნისთვის საჭირო იყო, ისე მოვქცეულიყავი, თამაშით გამომესწორებინა. შედეგად, მივიღე დიდი გამოცდილება და განვვითარდი როგორც მოედანზე, ისევე მის მიღმა.
კალათბურთში ვრჩები
- 17 წლის განმავლობაში ბევრი მძიმე დღე გადავიტანეთ და ბევრი გამარჯვებაც გვქონდა. ოთხჯერ გავედით ევრობასკეტზე. ეს იყო ის, რაც ჩემს სანაკრებო კარიერაში შევძელი. იმისიც მჯერა, რომ ჩვენი ხალხი უფრო მეტ წარმატებას იმსახურებს. რადგან სანაკრებო კარიერა დავასრულე, იმას არ ნიშნავს, რომ გვერდში აღარ ვუდგავარ. კალათბურთიდან არ მივდივარ, აქ ვრჩები. მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, ჩემი აკადემია, სადაც ასობით ბავშვი დადის. ათასობით მშობელი გვენდობა. მათ შვილები ჩაგვაბარეს არა მარტო კალათბურთის სწავლის იმედით, არამედ იმიტომაც რომ მეგობრები შეიძინონ, შეიყვარონ სპორტული ცხოვრება, შეიყვარონ კალათბურთი, მოხვდნენ ევროპაში, NBA-ში ან თუნდაც კოლეჯში და კალათბურთის პარალელურად მიიღონ კარგი განათლება, ჩამოუყალიბდეთ გუნდური მენტალიტეტი.
ჩვენი მიზანი
- ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოზარდმა თავის მაქსიმუმს მიაღწიოს. ბუნებრივია, ყველას ერთნაირი ნიჭი ვერ ექნება, მაგრამ ვცდილობთ, შესაძლებლობების სრულად რეალიზებაში დავეხმაროთ. ამიტომაც გვყავს კარგი ქართველი მწვრთნელები, სამი უცხოელი სპეციალისტი. სხვათა შორის, მესამე უცხოელი მწვრთნელი წლეულს ჩამოვიყვანეთ. იგი ამერიკელია. ბავშვები ყველა ასაკში სხვადასხვანაირად იტვირთებიან. ჩვენც მონდომებულები ვართ და ისინიც. იგეგმება რამდენიმე ტურნირში მონაწილეობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ...
კალათბურთელად ჩამოყალიბება ერთ დღეში არ ხდება, ხანგრძლივი პროცესია. მშობლებსაც კარგად ესმით და ბავშვებსაც, რომ მარტო ერთი დღე თავგანწირული ვარჯიშით სპორტსმენი ვერ გახდები. საჭიროა მოთმინება, რაც ნებისმიერმა კალათბურთელმა თავიდანვე უნდა გამოიმუშაოს. ამიტომაც ვამბობ, კალათბურთელობა იოლი არ არის, ბევრი შრომა და გამართლებაცაა საჭირო. ამ ყველაფერზე კი, ჩვენს აკადემიაში ჩვენი სტუმრები ესაუბრებიან ბავშვებს.
მომავალმა კალათბურთელებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ სწორად განვითარებისთვის სჭირდებათ სწორი კვება, ძილი, დასვენება, ენერგიის აღდგენა. მოზარდ ასაკში შეიძლება კიდევ ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გაჩნდეს, რასაც დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
განათლება მნიშვნელოვანია
- ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება. სპორტსმენმა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული სხვა ქვეყანაში თამაში, უცხო ენა აუცილებლად უნდა იცოდეს. თან კარგად. უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც სხვადასხვა დონეზე ასპარეზობენ. ძალიან მაღალ დონეზე, საშუალოზე და ა.შ. არ ვამბობ მხოლოდ კალათბურთელებზე. სპორტში ბევრი რამ იცვლება, დღეს მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელები ისე ვეღარ ფასობენ, ვეღარ აღწევენ წარმატებებს, როგორც ადრე.
ყველა სპორტსმენს სჭირდება ფსიქოლოგიური მდგრადობა, გონებრივი სიძლიერე და განათლება.
ახალი მოთხოვნები კალათბურთში
- სიტუაციას შევხედოთ თუნდაც კლუბის მფლობელის, მენეჯერისა თუ მწვრთნელის გადმოსახედიდან. ყველას სურს გუნდში ისეთი სპორტსმენი ჰყავდეს, ვინც სწრაფად აზროვნებს, თამაშისას წამიერად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. კალათბურთის ტემპმა იმდენად მოიმატა, რომ მოედანზე დაფიქრების დრო აღარ არის, უნდა იმოქმედო, სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღო. ამას, რა თქმა უნდა, ტვინის მუშაობა სჭირდება.
ვარჯიშების სტილიც შეიცვალა. დიდი დრო და დიდი ფული იხარჯება გამოკვლევებზე. არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში. მეცნიერები, მედიკოსები ბევრს მუშაობენ, რომ შექმნან ახალი სტილის ვარჯიშები, დანერგონ სიახლეები. ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ გუნდებმა მაქსიმალური შედეგი მიიღონ, ტრავმების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ...
იცვლება მიდგომა, ვარჯიშების სისტემა. საქართველომაც ფეხი უნდა აუწყოს სიახლეებს, დაეწიოს განვითარებულ საკალათბურთო ქვეყნებს.
ზაზა ფაჩულიას მონათხრობის მეორე ნაწილს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"