ილიას ზუროსი: ორ დღეში რომ მოემზადო, ჯადოქარი უნდა იყო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 30 ნოემბერს ესტონეთის ნაკრებსა და 3 დეკემბერს ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა გამოაცხადა და პრესკონფერენცია გამართა.

"რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან მოსამზადებლად გვაქვს საკმაოდ მცირე დრო. ორი დღე უნდა ვივარჯიშოთ და ორი დღე ვიქნებით გზაში. წინა შემთხვევაშიც იგივე სიტუაცია იყო, თუმცა მაშინ თორნიკე შენგელია იყო ჩვენთან ერთად.

ესტონეთის ნაკრები შეიძლება სუსტ გუნდად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ გუნდმა ისრაელი დაამარცხა. მათ ჰყავთ ახალგაზრდა კალათბურთელები, რომლებიც საკმაოდ პერსპექტიულები არიან.

რაც შეეხება ისრაელს ისინი სრული შემადგენლობით ჩამოდიან.
მათ კიდევ აქვთ შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის. როგორც იცით, "მაქაბი" ევროლიგაზე თამაშობს, თუმცა მათი ყველა ებრაელი კალათბურთელი ამჯერად ნაკრებში იქნება და ისინი ძლიერი გუნდით ჩამოდიან.

საქართველოში უყვართ კალათბურთი და ეს გულშემატკივრების მხარდაჭერაში გამოიხატება. მე იმედი მაქვს, რომ სპორტის სასახლე კვლავ გაივსება და ქომაგები აქტიურად მოვლენ.

პრობლემები გვაქვს, რამდენიმე კალათბურთელი არ არის ფორმაში, რადგან რამდენიმეს სეზონი ჯერ არ დაწყებია. მთავარ პრობლემად მოსამზადებელი დრო მიმაჩნია. ამ ორ დღეში გუნდი იდეალურად რომ მოამზადო, ჯადოქარი უნდა იყო. რთულია სხვადასხვა სისტემაში მოთამაშე კალათბურთელების ერთ გუნდად უცბად შეთამაშება. 

დაგვაკლდება თორნიკე შენგელია, მეტ ჯენინგი და სანდრო მამუკელაშვილი.

ტედ მაკფადენი კარგი მოთამაშეა, ისევე, როგორც მისი წინამორბედები მეტ ჯენინგი და მაიკლ დიქსონი. ვიმედოვნებ, რომ ის თავის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს და მაქსიმუმს გააკეთებს გუნდისთვის.

ეს ორი თამაში არის შესაძლებლობა, რომ გამოვცადოთ კალათბურთელები. ამ მატჩებში მიეცემათ ახალგაზრდებს შანსი და ვნახავთ მათ შესაძლებლობებს. ამავდროულად, ისინი შეეჩვევიან შემადგენლობას და სამომავლოდ უფრო თამამები იქნებიან".

altილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ზუროსი, ჰეიგი, ასანიძე...ეს ის ხალხია ვისი გამოჩენაც ქართულ სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი ბედნიერებაა. ერთი ფეხბურთშიც მოგვცა მათი მსგავსი დამრიგებელი და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება.თვითნაბადი ტალანტები კი მრავლად იბადებიან საქართველოსში, მაგრამ კარგი მწვრთნელი დიდი მომავლის გარანტიაა.
emigranti
16:37 26-11-2018
4

სიახლეები პოპულარული