ზუროსმა შვეიცარიასთან მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. შვეიცარიასთან მატჩისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 20 თებერვალს, შვეიცარიის წინააღმდეგ საქართველოს ღირსებას ეს მოთამაშეები დაიცავენ:

გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, თად მაკფადენი, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია

თავად ვარჯიშმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა - მილოშ გლიგორიევიჩმა, ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა კალათბურთელები კომბინაციების გათამაშებაში ავარჯიშეს. უმეტესი დრო ორმხრივ თამაშს
დაეთმო, რომლის განმავლობაშიც აქცენტები კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო, რომლებსაც ჩვენი გუნდი შვეიცარიის წინააღმდეგ მიმართავს.

შესარჩევი ეტაპის განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის. შვეიცარიასთან შეხვედრა 20 თებერვალს, სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება.

ილიას ზუროსი:
"16 თებერვლიდან დავიწყეთ მომზადება ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპისთვის. მართალია, ევრობასკეტი 2021-ის საგზური, როგორც მასპინძელს, მიღებული გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის შესარჩევ მატჩებს დიდი მნიშვნელობა აქვს - მომავალი თაობა უნდა მოვამზადოთ ევრობასკეტისთვის. გვჭირდება მათი დახმარება, ნაკრებისთვის აუცილებელია ახალი სისხლი და სწორედ ახლა უნდა ვნახოთ, სად ვართ და ვისი იმედი უნდა გვქონდეს 2021 წელს.

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ 20 თებერვალს დაგეგმილ შვეიცარიასთან მატჩში ქართველი გულშემატივარი ნაკრებში ახალ სახეებს იხილავს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იოლი თამაში არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ კალათბურთში იოლი შეხვედრები არ არსებობს.  მატჩებისთვის მოსამზადებლად სულ სამი დღე გვაქვს, რაც ძალიან ცოტა დროა, განსაკუთრებით, ჩვენს სიტუაციაში, როცა ახალი გუნდი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი.

კალათბურთი ხომ გუნდური თამაშია და შედეგის მისაღწევად საჭიროა, თითოეული კალათბურთელი კარგად იცნობდეს და კარგად უგებდეს პარტნიორს. კარგია, რომ გვყავს ძალიან გამოცდილი, მაღალი დონის ლეგიონერები, რომლებისგანაც ახალგაზრდები ბევრს ისწავლიან და ევრობასკეტზე სათანადოდ მომზადებული გუნდი გვეყოლება".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბითაძეს ნბაში დროს არ აძლევენ და აკით მაინც გამოეშვათ.. უმაგრესი მონაცემები აქ
0
მიგეწერათ თქვე დალოცვილებო, რომელი გუნდიდანაა თითოეული მოთამაშე, რა პოზიციაზე თამაშობს. ახალგაზრდა მოთამაშეები ხომ ყველამ არ ვიცით.
ლეონტი
23:48 19-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული