ოლიმპიადის გადადების პარალელურად, შეიძლება 2021 წლის ევრობასკეტი 2022 წელს ჩატარდეს.
როგორც მოგეხსენებათ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადადო. ბერძნული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ეს ფაქტი ევროპირველობის გადადებასაც გამოიწვევს.
ამ ფაქტის დასადასტურებლად ორი მიზეზი სახელდება:
- პირველი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპები, რომლებიც წელს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო და იმ ფონზე, როცა ყველა ჩემპიონატი გაჩერებულია, არავინ იცის, რამდენად შეძლებს ფიბა, სანაკრებო შესარჩევები ტრადიციულ დროს მოაწყოს.
- მეორე კი ის არის, რომ ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირი და ევრობასკეტიც ერთიმეორის მიყოლებით უნდა წარიმართოს, რაც გარკვეულწილად შეუძლებლად მოჩანს.
შეგახსენებთ, 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი საქართველო, ჩეხეთი, იტალია და გერმანიაა.