ზუროსი: ამერიკაში წასვლამდე საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი 2022 წარმატებით უნდა დავასრულო

AutoSharing Option
ცნობილი საკალათბურთო პორტალ Eurohoops-ის ბერძნულმა განყოფილებამ ილიას ზუროსს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩვენი ეროვნული გუნდისა და ქართველი კალათბურთელების შესახებ ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს…

- ინტერვიუ დავიწყოთ თქვენი ადგილსამყოფელით…
- კორონავირუსის პანდემიის გამო გადავწყვიტე, ოჯახთან ერთად ათენს გავრიდებოდი. ამჟამად მეუღლის სოფელ ლამიაში ვარ. აქ ყოველი შვებულებისას ჩამოვდივარ ხოლმე. წლეულს მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვარ.

- კორონავირუსის გამო გადაიდო სანაკრებო ტურნირები. რას ნიშნავს ეს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის?

- ეს მხოლოდ ნაკრების დამრიგებლისთვის როდია რთული, საკლუბო კალათბურთშიც არასახარბიელო მდგომარეობაა.
ფურცელზე ვკითხულობთ - ესა თუ ის კალათბურთელი ამა და ამ გუნდში გადავიდა, მაგრამ ქვეყნებში სხვადასხვა რეგულაციის გამო მოთამაშეებს გადაადგილება უჭირთ. პრობლემებია როგორც სპორტში, ასევე ცხოვრების ნებისმიერ სხვა დარგში. ერთი წლით გადაიდო ევრობასკეტი 2021, რომლის ერთ ჯგუფსაც საქართველო მასპინძლობს. გვესმის, რომ ამის გამო ზოგიერთი კალათბურთელი ევროპის ჩემპიონატს ერთი წლით ხანდაზმული შეხვდება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა გზა არ იყო. ვიმედოვნებ, ექიმები დროულად შექმნიან ვაქცინას.

- 4 წელია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბრძანდებით. ბევრი წარმატებაც გაქვთ. როგორ გაგრძელდება თქვენი მოგზაურობა საქართველოსთან ერთად?
- გუნდში რომ მივედი, შევცვალე ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი. იგი ჩემი მეგობარია და მის მიერ ჩაყრილი საფუძველი ძალიან დამეხმარა. საქართველოს ნაკრებში ასისტენტად წავიყვანე გიორგიოს ლიმნაიტისი, თავისი საქმის კარგი მცოდნე ადამიანი. საქართველოს ჩემპიონატი მაღალი დონისა არ არის, თუმცა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ძალებს არ იშურებენ სიტუაციის გამოსასწორებლად. ეს იოლი არ გახლავთ. საჭიროა დიდი წარმატება, რომ შესრულდეს ნახტომი წინსვლისკენ, როგორც ეს 1987 წელს საბერძნეთში (ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა) მოხდა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შენდება დარბაზები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა. საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელი. მაგალითად, გოგა ბითაძე დღეს უკვე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს. NBA-სთან ძალიან ახლოსაა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი სანდრო მამუკელაშვილი. ვცდილობთ, ახალგაზრდებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ. ერთმანეთის მიყოლებით კარიერა დაასრულეს მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ და ზაზა ფაჩულიამ. ნაკრებში ხმაურიანი გვარების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ვცდილობთ, ეს დანაკლისი ისე შევავსოთ, თამაშის ხარისხზე უარყოფითად არ აისახოს.

- გკითხავთ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელ თორნიკე შენგელიაზე. როგორია ასეთი მოთამაშის გაწვრთნა?
- გუნდში ასეთი კალათბურთელის ყოლა დიდი ბედნიერებაა. იშვიათი ადამიანია - ერთგული პროფესიონალი. თორნიკესთვის კალათბურთი ყველაფერია, მუდმივად შრომობს, არ ჩერდება. ზაფხულობით ბევრი კალათბურთელი ისვენებს, თავს გართობის უფლებას აძლევს. თორნიკე არ ჩერდება, ქირაობს მწვრთნელებს და მუშაობს მინუსების აღმოფხვრაზე. იგი ნაკრებისა და ქვეყნის ერთგულია. ასეთ კალათბურთელთან მუშაობა კი იოლია. შენგელიას პლუსი მისი უნივერსალურობაცაა – მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ბურთის ჩაგდებაც, მოხსნაც, დაცვაში საიმედოდ დგომაც…

- თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია იყო, ქვეყნის პრეზიდენტმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. თქვენ როგორ შეხვდით მისი მოსკოვის გუნდში გადასვლას?
- ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – სპორტი გვაერთიანებს. ეს ფაქტი პოლიტიკასთან არავითარ კავშირში არ არის. თოკო სპორტსმენია, რომელიც სულს საკუთარ ქვეყანას აძლევს. მან „ბასკონიასთან“ ერთად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და უმალ საქართველოს დროშა მოიხვია. ეს არის ადამიანი, რომელმაც ესპანეთში ჩემპიონობის მოპოვებიდან ერთ საათში გამომიგზავნა შეტყობინება – „მოუთმენლად ველი ასეთ ემოციურ წუთებს საქართველოს ნაკრებთან ერთად“. მისი პატრიოტიზმის გამოსახატავად სიტყვები საკმარისი არ არის. იგი თავის ქვეყანას მსოფლიოში საუკეთესო კუთხით წარადგენს, საქართველოს დიდი რეკლამაა. არ ვფიქრობ, რომ ყურად უნდა მივიღოთ უარყოფითი კომენტარები ასეთ დიდებულ ადამიანზე.

- ევროლიგისა და ფიბა-ს შეუთანხმებლობა სანაკრებო მატჩებზე უარყოფითად მოქმედებს. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- ძალიან მომწონს ფიბა-ს მიერ შექმნილი ჩემპიონთა ლიგა, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ვიმედოვნებ, მალე ფიბა და ევროლიგა შეთანხმებას მიაღწევენ და ევროტურნირები გაერთიანებული ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება. კალათბურთის წინსვლისთვის ასე აჯობებს.

- მწვრთნელობის 34-წლიანი სტაჟი გაქვთ. თუ არიან სპეციალისტები, რომლებმაც თქვენს სამწვრთნელო ფილოსოფიაზე გავლენა მოახდინეს?
- კალათბურთი მუდმივად ვითარდება. მწვრთნელმაც ფეხი უნდა აუწყოს, უნდა მიადევნოს თვალი, როგორ მუშაობენ მისი კოლეგები. გამოვარჩევ გრეგ პოპოვიჩსა და იგორ კოკოშკოვს – თავიანთ საქმეს იდეალურად უძღვებიან. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. საინტერესო იყო მუშაობა „საკრამენტოს“ მწვრთნელ მაიკლ მელოუნთან და „იუტას“ თავკაც ქუინ სნეიდერთან, რომლებთან ერთადაც საზაფხულო ლიგაზე ვმუშაობდი. ევროპელთაგან აუცილებლად უნდა ვახსენო ჟელიმირ ობრადოვიჩი, რომელთანაც არაერთ საკალათბურთო საკითხზე მაქვს ნამსჯელი. სიტო ალონსო ჩემი უახლოესი მეგობარია. მას საუკეთესო საკალათბურთო აზრები აქვს. ყველა სპეციალისტს თავისი შეხედულება გააჩნია და მათთან ყოველი ურთიერთობა ახლის სასწავლად უნდა გამოიყენო. არ შეიძლება არ აღვნიშნო გიორგიოს ლიმნაიტისთან ერთად საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა. იგი ძალიან მეხმარება და წარმატებებიც გვაქვს.

ჩემი სულიერი მამაა ტეოდოროს როდოპულოსი, რომელმაც ჩემი საკალათბურთო ფილოსოფიის ჩამოყალიბებაზე დიდად იმოქმედა. მის წინაშე ვალში ვარ.

- კარიერის ამერიკაში გაგრძელებაზე არ დაფიქრებულხართ?
- შეთავაზებები მართლაც იყო. რამდენიმე წლის წინ „ჰიუსტონ როკეტსის“ ორგანიზაციაში მუშაობის ვარიანტიც გამოჩნდა. თანაშემწის რანგში NBA-ს ერთ-ერთი კლუბი შარშან მეპატიჟებოდა, თუმცა საბოლოოდ „პერისტერისთან“ გავაფორმე კონტრაქტი. შეიძლება გასაკვირიც იყოს, რატომ არ გადავედი ამერიკაში, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ოკეანის გაღმა მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების წესი შენც უნდა შეიცვალო და ოჯახის წევრებმაც. აშშ-ში გუნდები ბევრს მოგზაურობენ, რისთვისაც მზად უნდა იყო. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ამერიკაში მაინც ვიმუშავებ, თუმცა მანამდე მინდა, საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი 2022 წარმატებით დავასრულო.

- შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ სამწვრთნელო კარიერის სამი მთავარი მოგონება?
- კარგად მახსენდება „პანიონიოსის“ ორგანიზაციაში მოღვაწეობა. იქ 7 წელი გავატარე. შანსს ვაძლევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენ თვალწინ გაიზარდნენ, მაღალი დონის კალათბურთელებად ჩამოყალიბდნენ და მოწინავე ევროპულ გუნდებში გადავიდნენ.

მეორე მნიშვნელოვანი გაჩერება „პანელინიოსი“ იყო, რომელთანაც დიდ წარმატებებს მივაღწიე.

არასოდეს დამავიწყდება „ჟალგირისში“ მუშაობა. ამ გუნდთან ერთად პირველად ვითამაშე ევროლიგაზე. ლიეტუვაში დაიბადა ჩემი ვაჟი. იქ კალათბურთი უზომოდ უყვართ – მახსენდება, ექთნები გულზე ხელმოწერას როგორი სიხარულით მთხოვდნენ.

…და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები! ბავშვები, დიდები, ქვეყნის ხელისუფლება – ერთად ქომაგობენ ეროვნულ გუნდს. კალათბურთი ყველას უყვარს. ჩემამდე იგორ კოკოშკოვმა 8 წელი იმუშავა, მე ევრობასკეტი 2022 წლის დასრულებისას 7 წელი გამომივა. 7 უმნიშვნელოვანესი წელი.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
100% ით ვეთანხმები გუშინდელ კომენტარს, რომ

,, ილო უშვიათი პროფესიონალია, რომელთა მსგავსი ძალიან ცოტა გვყავს ქვეყანაში" სამწუხაროდ, აქ დაწერილ კომენტარებშიც ჩანს ხოლმე მრავალი ადამიანის არასერიოზულობა...

ამიტომაც ასე ზუსტად და დიპლომატიურად დაახასიათა ბოლო წლების საუკეთესო კალათბურთელი და პიროვნება - თორნიკე შენგელია!!!

დათო
10:33 13-08-2020
1
კარგი მწვრთნელია, წარმატებები საქართველოს ნაკრებთან ერთად
irakli
08:58 13-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული