საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი

AutoSharing Option
#Sixth_Man

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს უნიკალური წინახაზი ჰყავს!

თორნიკე შენგელია. გოგა ბითაძე. სანდრო მამუკელაშვილი. გიორგი შერმადინი. ბექა ბურჯანაძე.

თუ ვინმემ არ იცით, ამ სპორტში წინახაზს მძიმე ფორვარდისა და ცენტრის ტანდემს უწოდებენ.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად მკვეთრად აღვწერო, რატომაა ამ ხალხის ერთობლიობა უნიკალური, მათ წყვილების სახით განვიხილავ:

თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე - ნაკრების ძირითადი ხუთეულის 4 და 5 ნომრები. მე ვიტყოდი, გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაც კი.
ძალიან წააგავს ეს დუეტი NBA-ში დღეს დამკვიდრებულ სტილს, რომელიც ვინგისა და დიდი, ძლიერი ცენტრის ურთიერთობას გულისხმობს.
თოკო მთლად ვინგი არ არის, მაგრამ ძალიან მოქნილია, ახერხებს ბრწყინვალე პენეტრაციებს და სამქულიანებიც ისწავლა ბოლო პერიოდში.
თუმცა მის მსგავსებას ვინგებთან (ანუ მსგავსებას და არა - ნომინალურობას), თავისი დიდი პლუსი აქვს, როცა ევროპული ნაკრები ხარ. ეს გახლავთ მოხსნა. შენგელიას ვერ ვუწოდებდი დიდებულ მომხსნელს, მაგრამ ცუდიც არ ეთქმის. ამ ასპექტის გამოყენება კი ძალიან დასჭირდება, როცა გოგა პერიმეტრზე ავა სასროლად (ამას ძალიან ხშირად გააკეთებს). ეს უკანასკნელი ვინმემ უნდა დააზღვიოს, თუ მისი ტყორცნა ვერ რეალიზდება.

კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს ბითაძის ხშირ ყოფნას სამქულიანის ხაზთან. როცა მისი მოწინააღმდეგე ხარ, ვერ დატოვებ იქ მარტო, რადგან თავისუფალ სიტუაციაში მყოფი გოგა სამიანების უმრავლესობას ჩაგიგდებს. შესაბამისად, გიწევს, მას პერიმეტრზე აჰყვე. იცით, ეს რამდენად ასხამს წყალს ჩვენს წისქვილზე? - საოცრად! ჩათვალეთ, რომ თორნიკე შენგელიასთვის მეტოქის 3-წამიანი ზონა ცარიელი რჩება და თოკოს პენეტრაცია, უბრალოდ, შეუჩერებელი ხდება.

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გოგა, თავის მხრივ, იდეალური დამზღვევია, ასევე, მოხსნაზე. გარდა ამისა, მშვენივრად მოგვეხსენება, რამდენად მაღალი დონის მოთამაშეებზე გვაქვს საუბარი, როცა იმპროვიზაციას ეხება საქმე. ამიტომ, მათი შესაძლებლობების განხილვა ახლა არ ღირს.

გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია - აქ სტილი, იდეაში, იცვლება და, ცოტა არ იყოს, შაბლონური ხდება, რადგან გიორგი, როგორც წესი, შიგნიდან თამაშობს და ნაკლებად უტევს პერიმეტრიდან, რაც მე, პირადად, მიკვირს, რადგან შერმადინს გარედან სროლა შეუძლია და ამ სტრატეგიით ზემოხსენებული ბრწყინვალე შეტევითი სტრატეგია არ დაიკარგებოდა. იდეაში, ეს ილიას ზუროსის პრეროგატივაა.

სანდრო მამუკელაშვილი - რატომ მხოლოდ სანდრო? იმიტომ, რომ, როცა გიორგი შერმადინი ნაკრებიდან წავა, მამუკელაშვილი იქნება გუნდის მთავარი და ზედგამოჭრილი Sixth Man (მეექვსე კაცი). რას გულისხმობს ეს:

ზედმეტ ნიუანსებში რომ არ შევიჭრა, ამ ბიჭს შეუძლია მოედანზე თორნიკე შენგელიაც იყოს და გოგა ბითაძეც, რაც ნიშნავს, რომ მძიმე ფორვარდზეც შემოვა და ცენტრზეც. ამ ყველაფრის საშუალებას მას სიმაღლეც აძლევს (210 სმ), წონაც (110 კგ) და შესაძლებლობებიც (ძლიერი, მოქნილი, კარგი მსროლელი და მომხსნელია).

ამ ხსენებული ფაქტორების ერთობლიობა კი ნიშნავს, რომ გოგასა და თოკოს უნიკალური შეტევითი სტილი არც სანდროს შემთხვევაში დაიკარგება.

ბექა ბურჯანაძე - პირდაპირ ვთქვათ, ბექა აქ რეზერვისტი უნდა იყოს. ვიცით, რამდენად კარგი 4 ნომერია ის, მაგრამ ამ ხალხისთვის დროის ,,მოპარვა", ცოტა არ იყოს, გაუჭირდება. თუმცა ასეთი კალათბურთელის რეზერვში ყოფნაც ფუფუნებაა ნებისმიერი მწვრთნელისთვის და კონკრეტულ სიტუაციებში იდეალურად გამოყენებადია.

რაც შეეხება დაცვას, ინდივიდუალურად ვერც ერთს დავუწუნებთ ამ ასპექტს. თუმცა არის ერთი მომენტი, როცა მოედანზე სანდრო და გოგა ერთად გვყავს, წინახაზი ოდნავ გვიმძიმდება. აქაც ყველაფერი კარგადაა, რადგან თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ევროპული ნაკრებები, რომელთაც უფრო მობილური წინახაზის ყოლის საშუალება აქვთ.

ეს არის გამზადებული პროდუქტი ილიას ზუროსისთვის, რომ ააწყოს უძლიერესი სტრატეგია. მაგრამ თუ ჩვენ ისევ მხოლოდ ქაოტური იმპროვიზაცია ვნახეთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება და, უბრალოდ, საცოდაობა იქნება ამხელა რესურსის განიავება...

არსებობს კიდევ ერთი სცენარი, სადაც შენგელია 3-ზე დგას, სანდრო - 4-ზე, გოგა კი - 5-ზე. ეს არის იმდენად საინტერესო შესაძლო ფაქტი, რომ ცალკე მიმოხილვას იმსახურებს. გარდა ამისა, სრულიად შესაძლებელია, ზუსტად ასე წარვდგეთ Eurobasket-ზე. ასე რომ, ამ თემის დეტალურ განხილვას იხილავთ ხვალ, შუადღეს.

პ.ს. შეგნებულად არ ვახსენებ გიორგი ბეჟანიშვილს, რადგან გაურკვეველია, საერთოდ ითამაშებს თუ არა ნაკრებში. მას ავსტრიის მოქალაქეობა აქვს ამ ეტაპზე.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 7 /
უკანა ხაზში გაგვაფარჩაკებენ...... ცინცაძეზე რომ წერენ მაგარი იყოო, როდის იყო მაგარი? იქნებ მაგარი არ იყო და უბრალოდ უკეთესი არავინ გვყავდა? გამაგებინეთ გამთამაშებელი მეტოქის ფარისკენ ზურგით (ტრაკით) რატომ უნდა იწყებდეს შეტევას? ტიპი როგორც კი შუა ხაზს მიუახლოვდება უმალ ტრაკს უშვერს მეტოქეს ეგებ ბურთი არ წამართვას დრიბლინგზეო. აი ესეთი გამთამაშებელი გვყავდა და ტრაგედია ის იყო რომ უკეთესი არც გვყოლია, თორე ცინცაძეს მაქსიმუმ სკამიდან ეთამაშა 15 წუთი წესიერ სასტავში
ცინცაძე აღარ დაგვანახოთ
23:17 23-09-2020
2
და მაგ ანდრონიკაშვილმა თუ ვერ გაამართლა მერე რას შვები ან იმ ბულაშვილს რატო ბლოკავს ფედერაცია ცინცაძე მაგარი იყო მაგრამ უკვე ასაკშია და სისწრაფეც აღარააქ.
zaza
21:55 22-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული