კორონავირუსის გამო ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ე.წ. ბაბლის სისტემით გრძელდება. ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი , მიხეილ ბერიშვილი და რატი ანდრონიკაშვილი ვერ დაეხმარენ, ხოლო მასპინძლებს სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდათ.
საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი სასტარტო ხუთეულით დაიწყო: შენგელია, მაკფადენი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია. ზუროსის მიერ ორი ცენტრის დაყენება ფარზე უპირატესობის მოპოვების სურვილით იყო განპირობებული. დებიუტში მასპინძლები 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა შერმადინის, შენგელიასა და მაკფადენის მეცადინეობით ჩვენმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და წინ გაიჭრა. თანაც, "სუომი" ჯარიმებით დაიტვირთა და პირველი მეოთხედი 22:19 მოვიგეთ.
მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 10 ქულით გაიქცა, შემდეგ მოწინააღმდეგემ ანგარიშის შემცირება მოახერხა და პირველი ტაიმი 40:44 დასრულდა.
ზუროსის შეგირდებმა მესამე პერიოდი ცუდად დაიწყეს, 5 გუნდური პერსონალური მიიღეს, თუმცა მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - ბოლოს ბაქრაძემ მეტოქეს ბურთი მოჰპარა და დასკვნითი მეოთხედის წინ ფრე - 65:65. აღსანიშნავია დებიუტანტების - ფევაძისა და ბაქრაძის კარგი თამაში.
მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრები თავიდან მდევრის როლში იყო, შერმადინთან ბრძოლაში მისმა ორმა მეურვემ მიიღო მეხუთე ფოლი, ბოლოსკენ ჩვენი გუნდი მეტოქეზე უკეთ თამაშობდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან 27 ქულა შერმადინმა ჩააგდო (პლუს 10 მოხსნა), 19 შენგელიამ (8 მოხსნა), 14 მაკფადენმა (10 პასი), 11 ფევაძემ (6 მოხსნა), 10 ბაქრაძემ, სტუმართაგან კი 22 ქულით საუკეთესო სალინი იყო.
30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად სერბეთს სძლია.