ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა: ფრენკამპით, სანაძით, ბურჯანაძით და შერმადინით - შენგელიასა და ბითაძის გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თბილისი არის ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მასპინძელი. 15-დან 22 თებერვლის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქს სერბეთის, ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ეწვევიან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ჯგუფის დარჩენილ 2 ტურს (4 მატჩი) ეგრედ წოდებული “ბაბლის” პრინციპით ჩაატარებენ, რაც იზოლირებულ სივრცეში, მაქსიმალური უსაფრთხოებით მატჩების ორგანიზებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ფიბა-მ კოვიდ-უსაფრთხოების მიზნით გათამაშების ფორმატი შეცვალა და თითოეული ჯგუფის თითო ფანჯრის თამაშებს ერთ ქვეყანაში, ერთ
დარბაზში ატარებს. საქართველომ უკვე მიიღო მონაწილეობა ფინეთში გამართულ “ბაბლში”, რომლის ფარგლებშიც ფინეთთან და შვეიცარიასთან გამართული ორივე შეხვედრა მოიგო. ფინური თამაშების დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში გადაწყდა, რომ მომავალ “ბაბლს” თბილისი უმასპინძლებდა, სადაც 19 და 21 თებერვალს E ჯგუფის დარჩენილი ოთხივე შეხვედრა გაიმართებოდა.

თბილისური “ბაბლი” 15 თებერვალს იწყება. ჯგუფის მონაწილე ოთხივე ნაკრები სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დაბინავდება და იზოლაციაში იცხოვრებს. მოთამაშეებსა და გუნდის წევრებს ფიბა-სა და ჩვენი სახელმწიფო რეგულაციების თანახმად პერიოდულად კოვიდ-ტესტები ჩაუტარდებათ და პარალელურად სპორტის სასახლეში ივარჯიშებენ. თამაშები 19 და 21 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში, მაყურებლების გარეშე გაიმართება.

ილიას ზუროსმა სერბეთთან (19 თებერვალი) და ფინეთთან (21 თებერვალი) მატჩებისთვის 16 კალათბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაშია 2 ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი – ყველასთვის კარგად ნაცნობი თად მაკფადენი და ახალი ამერიკელი მოთამაშე კონერ ფრენკამპი. გამომდინარე იქიდან, რომ შეკრება 1 კვირამდე გრძელდება და 2 მატჩია გასამართი, ფიბა-ს რეგულაციის თანახმად, მწვრთნელს საშუალება აქვს, ნებისმიერ დროს შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელოს და საჭიროების შემთხვევაში, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან ნებისმიერი მოთამაშე გამოიძახოს.

15 თებერვლიდან ნაკრებთან შეკრებას დაიწყებს კონერ ფრენკამპი, რომელიც საქართველოშია და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა 12 თებერვალს მიიღო. ფრენკამპი ესპანეთის უმაღლესლიგელი “მურსიას” ლიდერია. ის კლასიკური “პირველი ნომერია” და გამთამაშებლობასთან ერთად ბომბარდირული თვისებებითაცაა დაჯილდოვებული.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში ფრენკამპი ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა ფუენლაბრადელი მელო ტრიმბლესა და ტენერიფელი გიორგი შერმადინის შემდეგ. კონერი მატჩში საშუალოდ 16.9 ქულას, 3.6 პასს და 2.3 მოხსნას აგროვებს. პრენკამპისთვის მიმდინარე სეზონი მესამეა ევროპაში. ესპანეთამდე ის საბერძნეთის “რეტიმნოში” და ბულგარულ “ბეროეში” თამაშობდა. საბერძნეთიდან ესპანურ ლიგაში გაკეთებული დიდი ნახტომი კი იმის შედეგია, რომ ის წინა სეზონში ბერძნულ ოლ სტარში მოხვდა. მან ეს იმით დაიმსახურა, რომ 2020 წელს ბერძნული ლიგის ბომბარდირი გახდა საშუალოდ მოგროვებული 20.8 ქულით.

კონერ ფრენკამპის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ჯილდო გახლავთ ოქროს მედალი, რომელიც მან 2012 წელს, ლიტვაში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში მოიგო. ფრენკამპი 2012 წლის მსოფლიოს U17 ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

სტუდენტურ კალათბურთში ფრენკამპს ისეთ სახელიან გუნდში უთამაშია, როგორიცაა “კანზასი”. მან ამ ცნობილ უნივერსიტეტში 1 სეზონი გაატარა, რის შემდეგაც ასევე ცნობილ “ვიჩიტაში” გადავიდა და 2017 წელს Missouri Valley-ს კონფერენციის MVP გახდა.

წინა საკვალიფიკაციო მატჩებისგან განსხვავებით ეროვნულ ნაკრებს დაეხმარებიან ახლახან სერბულ “ბორაცში” გადასული დუდა სანაძე და ესპანური “გრან კანარიას” წევრი ბექა ბურჯანაძე. თბილისშია და ნაკრების მატჩებში მიიღებს მონაწილეობას ყატარულ “ალ შამალში” მოთამაშე მიხეილ ბერიშვილი, ხოლო საუდის არაბეთში მყოფი გიორგი ცინცაძე ამ ქვეყნის მკაცრი კოვიდ-რეგულაციების გამო ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლასა და ეროვნული გუნდის დახმარებას.

საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაშავდა და მართალია, მძიმე ტრავმას გადაურჩა, თუმცა უახლოეს პერიოდში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. შენგელია გასულ მატჩებში დიდად დაეხმარა ჩვენს ნაკრებს, თუმცა ამჯერად ტრავმირებულია.

ნაკრებში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ ამერიკაში მოთამაშე ქართველები – ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე და NCAA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი. მოგეხსენებათ, ნბა-სა და NCAA-ში გახურებული სეზონია და ამ დროს იქ მოთამაშე კალათბურთელების ნაკრებში თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

სერბეთთან და ფინეთთან ითამაშებს გიორგი შერმადინი, რომლის “ტენერიფეც” დღეს ესპანეთის თასის გათამაშების ნახევარფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში მისი გუნდი ფინალურ მატჩს 14 თებერვალს ითამაშებს, რის შემდეგაც შერმადინი თბილისში გამოემგზავრება.

ნაკრებში პირველად გამოიძახეს გიორგი თვალაბეიშვილი, კლუბ “რუსთავის” 22 წლის ცენტრი, ხოლო “ოლიმპის” ლიდერი კახა ჯინჭარაძე ეროვნულ გუნდს 5-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

გამომდინარე იქიდან, რომ საკვალიფიკაციო მატჩები ფიბა-ს მკაცრი რეგულაციებით, თითქმის სრულ იზოლაციაში ტარდება, მას-მედიისთვის ტრადიციულად ქცეული ღია ვარჯიშები არ გაიმართება. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ჟურნალისტებისთვის zoom-ის საშუალებით 15 თებერვალს სასტუმრო “თბილისი მერიოტიდან” ონლაინ-კონფერენციას გამართავს და ნაკრების ირგვლივ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

Sportall.Ge

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლონდარიძე გამეხარდა, ეგრე ვერავინ გულშემატკივრობს სკამიდან, გახალისებს...ლამის თილისმაა:)
emigranti
14 თებერვალი 2021 00:04
0
მაინცდამაინც ასეთი თამაშების წინ იღებენ ტრავმებს?
თემო
13 თებერვალი 2021 22:50
15
სადა ხარ ჩვენო თოკომოტივო? რაღა ეხლა მოგივიდა მსუბუქი ტრამვა? რაღაც ცოტა საეჭვოა!! იქ შემდეგი ორი სამი მატჩი მაინც უნდა გამოტოვო, თორე ვინც დაგრჩით იმათაც აგვიცრუვდება გული!
იქაური
13 თებერვალი 2021 21:51
21
ის რას გვერჩის?
David
13 თებერვალი 2021 21:31
6
და ორი უცხოელით თამაში შეიძლება???
გიორგი
13 თებერვალი 2021 21:27
7
ვაფშე არ უყურო ნუ გამომიხვედით პატრიოტები სიტყვით თუ რამის თავი გაქვთ სხვანაირად გამოხატეთ თქვენი პატრიოტიზმი და სპორტს ნუ რევთ პოლიტიკურ ......
Gaguuuu
13 თებერვალი 2021 21:26
21
როცა ითამაშებს, სულ რომ საფინალო შეხვედრა იყოს არ ვუყურებ, რა თქმა უნდა
David
13 თებერვალი 2021 21:34
26
საინტერესოა ეგ უახლოესი რეზერვი და ფრენკამპი უნდა დატვირთონ , ვნახოთ რა გამოვა.
dsag
13 თებერვალი 2021 21:25
1
ძალიანაც კარგი თუ შენგელია არ იქნება,მისი თამაშის შემთხვევაში სხვა არხზე მომიწევდა გადართვა.
David
13 თებერვალი 2021 21:07
43
თვითონ რას გვერჩის? ან აწუხებს ტრავმა და ან არა, თვითონაც იცის რომ დოლ-გარმონით არავინ დახვდება და ხშირად იქნება ტრავმირებული ანაკრებო შეხვედრების წინ
David
13 თებერვალი 2021 21:40
27
შენგელიას რას ერჩი?
dsag
13 თებერვალი 2021 21:24
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული