საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბოქოლიშვილი, მაკფადენი, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი. დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ორივე გუნდი უპირატესად პერიმეტრიდან აგროვებდა ქულებს, მაკფადენმა 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედი 28:24 მოვიგეთ.
მეორე პერიოდში უკრაინელებმა უკეთ ითამაშეს, საჯარიმოებს უშეცდომოდ იყენებდნენ და პეტროვის ზუსტი სამქულიანების წყალობით 7 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ჩვენი გუნდი დაცვაში შეცდომებს უშვებდა, ფარზე კი ჩვეულად ვერ დომინირებდა შერმადინი, რომელსაც პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა.
თუმცა, ზუროსის შეგირდებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს და პირველი ტაიმი 45:46 დასრულდა.