მხოლოდ სამი ლეგიონერით ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ჩვენი ეროვნული გუნდის ის 12-12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 24 და 27 თებერვალს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში დაუპირისპირდებიან.

შემადგენლობა 24-კაციანია და ის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორის, ფიბა-ს სპეციალურ საშეჯიბრო ბაზაში გაგზავნილი, ხოლო ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

ამავდროულად, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მომავალი მატჩებისთვის ვარჯიშები 19 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 16 კალათბურთელით დაიწყება. შემადგენლობაში 3 ლეგიონერია – ესპანური "ტენერიფეს" ლიდერი გიორგი შერმადინი, ესპანურსავე "მურსიაში" მოასპარეზე თად მაკფადენი
და სერბული "ბორაცის" მსროლელი დუდა სანაძე. დანარჩენი 13 კალათბურთელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან, სუპერლიგის გუნდებიდანაა.

Sportall.Ge

ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ან სხვა ნებისმიერი მიზეზით, თუკი ნაკრების შემადგენლობაში ცვლილების გაკეთება იქნება საჭირო, სამწვრთნელო შტაბს გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობიდან ნებისმიერი მოთამაშის დამატება შეეძლება. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებს 3 დღის განმავლობაში 2 რთული მატჩი ელის და გამორიცხული არაა, მწვრთნელებმა როტაციას მიმართონ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 2 მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა გასული წლის 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას 88:83 სძლია, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა. თითო მოგება-წაგებით საქართველო G ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში მაქსიმალურად მეტი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გადაჰყვეს.

შეგახსენებთ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფების შემადგენლობას და გათამაშების ფორმატს:

A ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ლატვია, სლოვაკეთი

B ჯგუფი: საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, ბელარუსი

C ჯგუფი: სლოვენია, ხორვატია, ფინეთი, შვედეთი

D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი

E ჯგუფი: საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია, მონტენეგრო

F ჯგუფი: ლიეტუვა, ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი

G ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთი მაკედონია

H ჯგუფი: იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია

ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გავა. მეორე ეტაპზე შეიქმნება 6-გუნდიანი ჯგუფები, რომლებშიც გუნდები შემდეგი პრინციპით მოხვდებიან: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ისლანდია, ნიდერლანდები) საუკეთესო ტრიოსთან შექმნის ახალ ჯგუფს. ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები, პლუს ბოლო, მე-4 ადგილზე გასულ ნაკრებთან დაფიქსირებული შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს მეორე ჯგუფურ ეტაპზე სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზეც 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი შეხვედრა 24 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება და მასზე სპორტის სასახლის მთლიანი ტევადობის 33%-ს შეეძლება დასწრება. გულშემატკივარს მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ხვალიდან, 18 თებერვლიდან შეეძლება. მეორე შეხვედრა 3 დღეში, 27 თებერვალს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამას ქვია წაგვიგია და ვერ გაგვიგიაო, ისე ამ კოლეჯთა ლიგიდან მაკედონიას თუ ჩამოგვყავს ჩვენ რატომ ვერ ჩამოგვყავს? არის რამდენიმე ქართველი კოლეჯთა ლიგაში თუნდაც ისიანი, დავიჯერა ისეთ დაბალიდონისანი არია ჩვენი ჭ კლასის ლიგაში მოთამაშეებს ვერ აჯობებენ?
რრრ
13:59 18-02-2022
1
თბილისში ალბათ მოვუგებთ წმინდა ემოციის მაკდაფენის და შერმადინის ხარჯზე.ეგეც საკითხავია მაგრამ მაინც.მაგრამ იქ?მაკედონიაში მოვიგებთ ორი კალათბურთელით?მითუმეტეს თბილისში გინდა არ გინდა ორივე 40 წუთთან მიახლოებულად უნდა ათამაშო თან ჯარიმები არ ინდა აიღოს შერმადინმა.სანაძე როგორ ფორმაშია ნეტა.რავიცი,რთული საკითხია.ვფიქრობ ასეთი შემადგენლობით მსოფლიოზე თამაშის არანაირო შანსი არ გვაქვს.აშკარად დაღმავალ გზას მიუყვება კალათბურთი სამწუხაროდ.აბა ასეთი ჩემპიონატით და არცერთი გუნდით ევროთასებზე რა გინდა ქნა.
Master
12:57 18-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული