91:70 - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 91:70 სძლია.

რეგულაციების მიხედვით, თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელთა 1/3 დაიშვა. ჩვენს გუნდს მხოლოდ 3 ლეგიონერი ჰყავდა, თუმცა საუკეთესო შემადგენლობა ვერც მეტოქემ შეკრიბა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი ხუთეულით დაიწყო თამაში: მაკფადენი, სანაძე, ბოქოლიშვილი, ბერიაშვილი, შერმადინი. საქართველოს ნაკრები თავიდან 12:5 დაწინაურდა, მოწინააღმდეგემ მალე ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა პირველი მეოთხედი 24:18 მოიგო. საქართველოს ნაკრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, შერმადინი და მაკფადენი ლიდერობდნენ, რომლის თამაში ტრავმის გამო საეჭვო გახლდათ.

ნაყოფიერად ირჯებოდა
დაცვაში ჯინჭარაძე, რომელმაც კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შერმადინი კალათზე ბატონობდა, მაკედონიელთა ნატურალიზებული კალათბურთელი ვაილი ნეიტრალიზებული იყო, „ბარსელონას“ ახალგაზრდა წევრი სიმიჩიც, საქართველოს ნაკრები კი კიდევ უფრო გაიჭრა წინ და პირველი ტაიმი 46:31 დასრულდა.

მესამე პერიოდშიც ზუროსის შეგირდები ვიზავიზე უკეთ თამაშობდნენ და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 68:47 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში 26 ქულით გაიქცა, თუმცა საბოლოოდ 21 ქულით გამარჯვებას "დასჯერდა".

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაკფადენი გახდა, მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP - შერმადინი (20 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი). 12 ქულა ჯინჭარაძემ ჩააგდო, 11 - სანაძემ, 10 - ბერიშვილმა, 4-4 კი - ბოქოლიშვილმა, ბექაურმა და ლონდარიძემ. სტუმართაგან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი სტოიანოვსკი იყო.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების მეორე მატჩი 27 თებერვალს სკოპიეში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველამ ვნახეთ, რომ თამაში ფაქტიურად შერმამ და ტედმა მოიგეს, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ სიღრმეები გამოჩნდა, რომ არა სათადარიგოების კარგი თამაში, ორი კაცი ვერასოდეს ვერ მოიგებს თამაშს. ყოჩაღ ბიჭები, ყოჩაღ ზუროსს, წინ საქართველოვ.
ბადრი ბ
11:29 25-02-2022
0
ბრავო ზუროსს!ასე შეთხელებული შემადგენლობითაც კი,შესძლო და ბიჭები სრულიად გაიხსნენ.რა თქმა უნდა აშკარად ჩანდა,რომ არც მაკედონია იყო უძლიერესი შემადგენლობით,ისიც ჩანდა,რომ როცა მეტოქე ტემპს უმატებდა და მჭიდროდ გვეთამაშებოდა,თამაში გვერეოდა,მაგრამ მთლიანობაში მაინც ჩვენ ვჩანდით უფრო ორგანიზებული და მაღალი კლასის გუნდად.შერმადინს ბოლომდე არც ვტვირთავდით,მაგრამ მისი უბრალოდ ყოფნაც კი,აშკარად ჩანდა როგორ დამთრგუნველად მოქმედებდა მეტოქეზე და რამდენჯერ მისი შიშით,ფარქვეშიდან აჩქარებული სროლის შემდეგ,მეტოქემ ბურთი ვერ ჩააგდო.კარგია ისიც,რომ არც მაკფადენს დასჭირდა სრული დატვირთვით და ენერგიის დახარჯვით ეთამაშა.დანარჩენი ბიჭები საკმაო წარმატებით სცვლიდნენ მასაც,შერმადინსაც და სანაძესაც.აქ შენახული ენერგია,განმეორებით მატჩში აუცილებლად დაგვჭირდება,რადგან იქ სულ სხვა თამაში იქნება და ამ თამაშში, საკუთარ შეცდომებსაც გაანალიზებს მეტოქე.გულახდილად რომ ვთქვა,იმედი მქონდა გამარჯვებისა,მაგრამ ვფიქრობდი,ეს უმძიმეს ბრძოლაში გვექნებოდა მოსაპოვებელი და ბოლო წამებამდე სრული დაძაბვა მოგვიწევდა.კიდევ და კიდევ მადლობა ზუროსს და მადლობა ბიჭებს.ყველას უკლებლივ!ხომ აშკარად ჩანდა,რომ ყველა ბოლომდე მზად იყო ფსიქოლოგიურად.ეტყობა არც ისე სუსტი ჩემპიონატი გვაქვს,რაკი ბიჭებმა ასე კარგი თამაში აჩვენეს.
მეც თქვენთან ერთად ვუერთდები მთელ მსოფლიოს და ვგმობ,რუსეთის არნახულ თავხედობას.რა ნაძირალა უნდა იყო,რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს,სრულმასშტაბიანი დამპყრობლური ომი გაუჩაღო!ეტყობა რუსეთში ნამდვილი რუსები აღარ დარჩნენ და რუსულად მოლაპარაკე თათარ მონღოლთა ურდოების გენმატარებლები მართავენ, ოდესღაც მართლმადიდებელ ქვეყანას.ღმერთო დაიფარე და დაეხმარე უკრაინას,დასაჯე და იავარჰყავი მათი და ჩვენი სისხლის დამღვრელი!გააღვივე სიკეთის,სიყვარული თესლი,ბოროტისაგან მოწამლულ სულებში!
სოსო
10:44 25-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული