მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 79:65 დაამარცხა.
მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი (დიდება) გაჟღერდა და ქართველმა კალათბურთელებმა გაკვირვება ვერ დამალეს. ილია ზუროსმა იგივე სასტარტო ხუთეული გაიყვანა - მაკფადენი, სანაძე, ბოქოლიშვილი, ბერიაშვილი, შერმადინი. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ. მათ რიგებში დიმიტრიევიჩი გამოირჩეოდა, რომელსაც თბილისურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. პირველი მეოთხედი 18:21 წავაგეთ.
მეორე პირიოდის დასაწყისში ჩვენი გუნდი პირველად გავიდა წინ (22:21) და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. მერე საქართველოს ნაკრები დაცვაშიც უკეთ გაისარჯა და შეტევაშიც და პირველი ტაიმი 43:35 მოვიგეთ.
მესამე მეოთხედში ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა. მოწინააღმდეგემ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო. ყურადღებით მეურვეობდნენ შერმადინს, რომელიც ჩვეულად შედეგიანი ვერ იყო. თამაში არ წაუვიდა სანაძეს, სამაგიეროდ, ბოქოლიშვილი აქტიურობდა, ბერიშვილიც; ჯინჭარაძე ბოლომდე იბრძოდა, მაკფადენი კი შეუჩერებელი იყო და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიას კვლავ სძლია.
24 ქულით ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო, 13 ქულა შერმადინმა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა და 3 პასი), 11 ბოქილიშვილმა, 10 სანაძემ, 8 ჯინჭარაძემ, 3 ბექაურმა და 2 ლონდარიძემ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 25 ქულით დიმიტრიევიჩი გახდა, ხოლო ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი ვაილის ჰქონდა - 22.