ბოშკო რადოვიჩის ნაკრები კვალიფიკაციაში მართლაც დაიჩაგრა, რადგანაც ერთადერთი იყო, ვინც 3 მატჩი მოიგო, თუმცა, მიზანს მაინც ვერ მიაღწია. მონტენეგრო იმან აზარალა, რომ გერმანიის ჯგუფში მოხვდა. ეს უკანასკნელი ევროპირველობის ერთ-ერთი მასპინძელია და ცხადია, ტურნირზე ასპარეზობა გარანტირებული
ცნობისთვის, რადოვიჩის შეგირდებმა კვალიფიკაციაში სწორედ გერმანიას მოუგეს ორივე მატჩი (80:74, 82:75), 2-ჯერ დამარცხდნენ საფრანგეთთან (66:85, 71:73), დიდ ბრიტანეთთან კი თანაბარი ბალანსი ჰქონდათ (81:74, 59:74). კვალიფიკაციაში მონტენეგროელთა საუკეთესო მოთამაშეები ნიკოლა ივანოვიჩი, ჯასტინ კობსი, პეტარ პოპოვიჩი (ყველა – ბუდუჩნოსტი), მარკო ტოდოროვიჩი (ხუვენტუტი, ესპანეთი) და მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA) იყვნენ. ითამაშეს ესპანური ლიგა ენდესას სხვა წარმომადგენლებმაც: დინო რადონჩიჩი (სარაგოსა), ნემანია ჯურიშიჩი (ესტუდიანტესი).
ასე და ამგვარად, თბილისში გასამართ ევრობასკეტის A ჯგუფში სათამაშოდ რუსეთის ნაცვლად მონტენეგრო მოდის, რომელიც რუსეთზე ძლიერი არაა, მაგრამ არც ბევრად ნაკლებია. მონტენეგროელებს საქართველოს ნაკრები ორჯერ შეხვედრია. ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ექსიუგოსლავიური ქვეყანა ჩვენს ჯგუფში იყო და თბილისში დაძაბულ ბრძოლაში – 76:74 მოგვიგო, თუმცა მეორე წრეში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველომ ქალაქ ბარში მონტენეგრო გმირულად – 90:84 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით ევრობასკეტის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მონტენეგროსთან ერთად ევრობასკეტის თბილისურ ჯგუფში იქნებიან: ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი. თამაშები 1-7 სექტემბერს გაიმართება და 4 საუკეთესო ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ, ბერლინში გაემგზავრება.
GBF.GE