საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს

AutoSharing Option
საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ ნანა მჭედლიძის შესანიშნავი ფილმის, „პირველი მერცხალის“ ფინალური სცენა გამახსენდა, როდესაც ქართველი ფეხბურთელები „აბა ულას“ მღერიან. ეს რაღაც განსაკუთრებულია, გაუტეხავი სულის გამოხატულებაა, ბრძოლის უნარის, დამარცხების მერე ფეხზე წამოდგომის და მიზნის მიღწევის. გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და რაოდენ სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი პენალტი აფხაზეთიდან დევნილმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, რომელიც თანანაკრებელებთან ერთად ნამატჩევს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებთან მივიდა და სკანდირებდა: „აფხაზეთი საქართველოა!“, „სამაჩაბლო საქართველოა!“. საქართველოა და მერე როგორი საქართველოა...

უსაშველოდ გაიწელა შეხვედრის დაწყება, დრო თითქოს მიიზლაზნებოდა; შიშის გრძნობაც არსებობდა, რომ ჩვენი ბიჭები
ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ. გაუძლეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. მეტოქეს არაფერი დაუთმეს და გამოჩნდა მწვრთნელის, ვილი სანიოლის სტრატეგიის, ტაქტიკის და შერჩეული შემადგენლობის მართებულობა. თერთმეტმეტრიანების სერია ლატარიაა, შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ ასეც რომ არ მომხდარიყო, განა ფეხბურთელებზე აუგი დაგვცდებოდა. ისინი ხომ ბოლომდე დაიხარჯნენ, სული, გული ჩადეს თამაშში, გააკეთეს, რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ. ყველა ქების ღირსია, ვინმეს გამოყოფა არ შეიძლება. დაცვაც კარგად გაისარჯა, მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ მისცეს მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება, თუმცა წარმოუდგენელია ასეთ მოწინააღმდეგეს 120 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ მიეცეს შანსი. ცოტა გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ძლიერებს უმართლებთ და ფეხბურთის ღმერთიც ჩვენ მხარეს აღმოჩნდა.

Sportall.Ge

არ მინდა, ვინმე გამოვყო, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნოდ ლაშა დვალმა და გიორგი ქოჩორაშვილმა გამაკვირვეს. საბა კვირკველიას სასტარტოში არდაყენებას სულ ტყუილად უკიჟინებდნენ სანიოლს. როგორც კი დავინახე პირველ ვარჯიშზე, როგორ ფორმაში იმყოფებოდა, მასში ეჭვი არ შემპარვია. აქვს ხოლმე სეზონის დასაწყისში გარკვეული პრობლემა, თუმცა მწყობრში ჩადგომისთანავე ისევ ძველი საბა ხდება. გიორგი მამარდაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ხოლო ასაკის, სიმაღლის და უნარების გათვალისწინებით, საუკეთესოც შეუძლია გახდეს. გიორგი ჩაკვეტაძეზე ბევრს ჩაქნეული ჰქონდა ხელი, რადგან მძიმე ოპერაციების შემდეგ მისი დაბრუნება თითქოს წარმოუდგენლად მოჩანდა. დაბრუნდა, ფიზიკურად კიდევ უფრო მომძლავრდა და მისგან შემდგომ პროგრესირებას ველით.

ცალკე საუბრის თემაა ხვიჩა კვარაცხელია. ზოგიერთი რატომღაც თვლის, რომ კარგი მატჩი არ ჰქონდა, რასაც აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები, ვინაიდან მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა მეურვეები, სამ მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა, კონსტანტინოს ციმიკასი კი მსაჯს, შიმონ მარჩინიაკს აუცილებლად უნდა გაეძევებინა. ბერძენმა კვარაცხელიას მწყობრიდან გამოსაყვანად პირველ ტაიმში გამიზნულად და არა უნებურად ჩაარტყა იდაყვი სახეში. თქვა ელადელების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა, რომ უკვე საწყის წუთებში მისი სამი მცველი გაფრთხილებული და „გაწითლების“ საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და ამანაც შეუზღუდათ მოქმედების საშუალება. ხვიჩას მუდამ ორი ან სამი ფეხბურთელი წნეხის ქვეშ ჰყავდა და ისინი შეტევებში სრულფასოვნად ჩართვას ვერ ახერხებდნენ.

Sportall.Ge

ალბათ, ყველა ჩვენგანმა ძალიან ინერვიულა, კინაღამ გამისკდა გული (ერთი პირობა შემეშინდა, ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნოდა), მაგრამ ეს გამარჯვება ამად ღირდა. მადლობა ფეხბურთელებს და განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს. ჩვენი გოგო-ბიჭები, როგორც ყოველთვის, განუმეორებლები იყვნენ. იცით, მგონია, საკუთარ თავს სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხოლმე. ერთ ამბავს გავიხსენებ - საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე უეფას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ტურნირი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, ჩვენთან გაიმართა. ხალისიანი, გარეგნულადაც ლამაზი მაყურებლები მგზნებარე ქომაგობით სტადიონზე რაღაც საოცარ ატმოსფეროს ქმნიან და მახსენდება ლამის დავიწყებული გამონათქვამი, რომელიც, შესაძლოა, ზოგს გადაჭარბებულად მიაჩნია - "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ". ვართ, ბატონებო და ქალბატონებო, ოღონდ ხანდახან და ამ „ხანდახან“-ის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ ძალიან, ძალიან მცირერიცხოვან ვაიგულშემატკივრებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წარმატება არ უხარიათ და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ ყოველთვის საუკეთესონი ვიყოთ, ისეთები, როგორებიც ბოლო ორი თამაშისას ვიყავით.

ამ გამარჯვებას ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ახალი მუხტის შეძენა ძალუძს. უნდა გითხრათ, არც ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებით მთლად უშანსოდ და ბრძოლას გერმანიაშიც ყველას გავუმართავთ. "აბა ულა", საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მიემგზავრება - ვისაც გჯერათ, გაგვატარეთ.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგი სტატიაა!თუმცა ჩემ აზრს გამოვთქვამ,ვფიქრობ კვარაცხელია გასულ წელთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილი არაა და არც ამ მატჩი იყო ისეთი როგორსაც ვისურვებდით.კიი მეტოქეზე ზეწოლას ახდენდა,მაგრამ რას ვხეირობდით?ბურთს მუდმივად კარგავდა,გადამრია სისულელეებით,როცა ფლანგზე ხარ ოთხ მეტოქესთან,დაარტყი ძლიერად პარტნიორისკენ,ან გაძვრება ან მეტოქიდან აუტში გადავა,თავდაღუნული თამაშობდა ან ეგოისტურად ან სულელურად.ის ძალიან ნიჭიერია და თუ კარგ ხელში არ მოხვდა,გაფუჭდება.ვფიქრობ სანიოლიმ სწორი სტრატეგია აირჩია,მაგრამ ამ სტრატეგიას უფრო მიქაუტაძე მოუხდებოდა და დავითაშვილი სასტარტოში და შემდეგ შეცვლაზე ზივზივაძე და ჩაკვე.ესეც არ იყოს მათი შეცვლა ძალზე დააგვიანა.სწორედ ნახევარმცველების კარგი თამაშით იყო ჩაკეტილი კარისკენ მიმავალი გზები და როცა ჩაკვე და კიტე დაიღალნენ მაშინ შეიქმნა სახიფათო მომენტები ჩვენ კართან. ვულოცავ ბიჭებს და საქართველო,ეს გამარჯვება გუნდის,ხელმძღვანელების და ხალხის უნიკალური ერთობის ხარჯზე მოხდა!წინ საქართველო!წარმატებები!
ლუკა
30 მარტი 2024 21:15
0
გუნდის ექიმმა, შენგელიას რაღაც პატარა ძვილის ტრამვა აქვსო, გამოჯანმრთელების დრო არ უთქვია. იმედია ივნისისთვის ფორმაში იქნება.
მალხაზ ჯობავა
27 მარტი 2024 23:46
1
ლევან შენგელიას, კოჭ-წვივის მცირე მოტეხილობა აქვს, სერიოზული არაა, რამოდენიმე კვირაში მწყობრში იქნებაო. ჩემი უღრმესი პატივისცემა და სიყვარული მას, უმაგრეს ქართველს, ამ გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს!
დიდება საქართველოს!
ლევანი
27 მარტი 2024 23:35
1
კიდევ და კიდევ გილოცავ საქართველო.. ახლა როცა ემოცია ოდნავ დაცხრა მაინტერესებს სად არის დაკარგული ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილი??
რიგითი
27 მარტი 2024 23:11
6
ნუ ივიწყებთ: 81-ში ოსმა და აფხაზმა შექმნეს ისტორია. ეს ძალიან მისანიშნებელი და საყურადღებო ფაქტია
Gio
27 მარტი 2024 22:58
2
ის ოსი და აფხაზი(სამწუხაროდ ტრაგიკულად დაღუპული) დღესაც საქართველოში არიან და აგრძელებენ ქვეყნის მხარდაჭერას( ვიტალის შვილები)
suxumchanin
28 მარტი 2024 08:25
0
კი ბატონო, 81-ში ისტორია აფხაზმა და ოსმა შექმნეს და არა აფსუამ და კავკასიონის ქედს მიღმიდან გადმოსულმა ალანიელმა ოვსმა. ისინი სულით, გულით და მენტალობით საქართველოს შვილები იყვნენ, იმიტომაც იყვნენ იქ სადაც იყვნენ და თამაშობდნენ იქ, სადაც თამაშობდნენ.
საქართველო
28 მარტი 2024 00:07
1
პატრიოტული გულის ძახილი არ მაძლევს საშუალებას რომ არ ვთქვა:
კომუნისტების მიერ აშენებულ სტადიონზე გამარჯვებას არ ვაღიარებ. ვითხოვ ბათუმის სტადიონზე გადათამაშებას.
დამოუკიდებელმა საქართველომ სწორედ დამოუკიდებლობის პერიოდში აშენებულ სტადიონზე უნდა მოიპოვოს გამარჯვება.
P.S საერთოდაც, მეტროსაც თუ გავაჩერებთ ურიგო არ იქნება. იმუშაოს მხოლოდ ორმა სადგურმა, რომლებიც დამოუკიდებლობის დროს ავაშენეთ, ვაჟა-ფშაველა - სახელმწიფო უნივერსიტეტი.
!!
27 მარტი 2024 22:29
27
ნამდვილად, ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვულოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას! წინ, კიდევ ბევრი, დიდი გამარჯვებები გველის!
ვახო...
27 მარტი 2024 21:21
0
ეს ყველაფერი კარგი!!კიდევ უკეთესი იქნებოდა,თუ ლევან შენგელიას ჯანმრთელობას მოიკითხავდით.უდიდესი დამსახურება მიუძღვის ამ ბიჭს ნაკრების წარმატებაში.ნუთუ არავინ არ იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.კაცს ისედაც გაუხარდებოდა მოკითხვა.
ჯანაშია ვაგნერი.
27 მარტი 2024 21:10
2
შენგელიას ტრამვაზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია გთხოვთ დაწეროთ!
თემური
27 მარტი 2024 21:06
0
კვეკვესკირზე ხმა არ გავიგო ყოველთვის კარგი ბიჭი იყო პიროვნულად და აგერ შეასრულა განსაკუთრებული ბიჭია.
X
27 მარტი 2024 19:51
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული