საქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოდან ტრეტოში იტალიასთან სათამაშოდ ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტრევიზოს შეკრება დაასრულა. 10-დღიანი ვარჯიშების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ალპებისკენ დაიძრა და ავტობუსით ორსაათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ მთებში ჩაფლულ ქალაქ ტრენტოი ჩავიდა. საქართველოს ნაკრები იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში 14 კალათბურთელით ჩავიდა. ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ოთარ ფხაკაძე გამოაკლდა, რომელმაც ნაკრების ტრენტოში გამგზავრებამდე ტრევიზოდან გეზი თბილისისკენ აიღო. ფხაკაძემ ვარჯიშზე ცხვირი დაიზიანა, მას თანაგუნდელის ხელი მოხვდა და ექიმების რეკომენდაციით 10 დღე უნდა დაესვენა.

ნაკრები ტრენტოში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ჯო, ტომასონი, დავით კაკუშაძე, დუდა
სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ავთანდილ ბახტაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, ილია ლონდარიძე

ტრენტოში ნაკრები 21 ივნისს, ნაშუადღევს ჩავიდა და სასტუმრო Best Western Adige-ში დაბინავდა. ეს გახლავთ ტრენტომდე ორიოდე კილომეტრით მდებარე სასტუმრო, სადაც სერია A-ს კლუბები ჩერდებიან, როცა ტრენტოს გუნდთან სათამაშოდ ამ ქალაქში ჩამოდიან. სადილობისა და დასვენების შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩმა ნაკრები ტრენტოს Quiditiano Arena-ზე ავარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრევიზოში 10-დღიანი შეკრება გაიარა, საიდანაც ტრენტოში პირველი ამხანაგური მატჩის გასამართად ჩავიდა. საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება. იტალიელებს ოკეანგაღმა, პუერტო რიკოში უწევთ თამაში, სადაც რიგის მსგავსად 6 ნაკრები შეიკრიბება და ოლიმპიადის 1 საგზურს გაითამაშებს.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. რიგაში ოლიმპიადის 1 საგზური გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი).

გათამაშების ფორმატის თანახმად, 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში 2 მატჩიდან მინიმუმ 1 უნდა მოიგოს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ჯგუფის მატჩებს 2 ივლისს მასპინძელ ლატვიასთან, ხოლო 4-ში – ფილიპინებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ შეკრებას ლატვიაში გააგრძელებს, სადაც 24 ივნისს, იტალიიდან ჩავა. ქალაქ იურმალაში საქართველო 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან და 28-ში ეგვიპტესთან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა აჩვენებს ვინმე ამ თამაშს იტალიასთან?
აჩი
13:35 23-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული