ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც მომავალი სანაკრებო თამაშებისთვის 14 მოთამაშეს შეარჩევს. სწორედ მათგან, თამაშების წინა დღეს დაასახელებს მთავარი მწვრთნელი იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც ოფიციალურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს 21 და 24 ნოემბერს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები ელის. ჩვენი ნაკრები 3 დღის ინტერვალით ორივე მატჩს ფინეთთან გამართავს. ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 21 ნოემბერს ჰელსინკიში ითამაშებს, 24-ში კი ფინეთს თბილისში დაუპირისპირდება.

ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება არასრული შემადგენლობით – 11 ნოემბრიდან დაიწყო. 3 დღის
განმავლობაში ალეკსანდარ ჯიკიჩი ნაკრებს დიღმის არენაზე ავარჯიშებს, ხოლო ფინეთში გამგზავრებამდე ბოლო 3 დღეს გუნდი თბილისი არენაზე მოემზადება. ეროვნული გუნდი ფინეთში 18 ნოემბერს გაემგზავრება და მზადებას ჰელსინკიში განაგრძობს, სადაც ნაკრებს ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერები – გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდებიან.

პირდაპირ ფინეთში ჩავა ის ამერიკელი ლეგიონერიც, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს 21 ნოემბერს ფინეთთან მატჩში. ასეთი ორია – ჯო ტომასონი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უკვე 4 მატჩი აქვს ჩატარებული და ახალი ნატურალიზებული ამერიკელი, ესპანური ბასკონიას წევრი, კამარ ბოლდუინი.

ნაკრებში 3 ახალწვეულია: ქუთაისი 2010-ის წევრი, 20 წლის გიორგი სულაბერიძე, გორის ივერიონის ცენტრი, 25 წლის ივანე მეგენეიშვილი და თსუ-ს 16 წლის გამთამაშებელი, ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილი და მის ასაკობრივ გუნდებში მოთამაშე მათე ყავლაშვილი. ესპანეთიდან თბილისში ჩამოვიდა და 12 კაცში მოსახვედრად იბრძოლებს გასულ ზაფხულს ყავლაშვილთან ერთად 16-წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე მათე ხატიაშვილი, რომელსაც მცირე ასაკის მიუხედავად ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშის საკმაო სტაჟი აქვს. ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ ილიას ზუროსმა გამოიძახა და 14 წლის მოზარდმა ეროვნულ გუნდში რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. გასულ ზაფხულს კი ხატიაშვილი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის სამზადისში მყოფი ჩვენი ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში გამოიძახეს სანდრო სანაძე, დუდა სანაძის უმცროსი ძმა, რომელიც ზესტაფონის მარგვეთში შედეგიან სეზონს ატარებს. სუპერლიგაში წარმატებული ასპარეზობა დაუფასდა ზემოთნახსენებ დებიუტანტ ივანე მეგენეიშვილსაც, რომელიც ასაკობრივ ნაკრებებში ხანგამოშვებით ხვდებოდა და მისი არასტაბილურობის მიზეზი ხშირი ტრავმიანობა იყო. რაც შეეხება კიდევ ერთ დებიუტანტ, გიორგი სულაბერიძეს, ის მიმდინარე ჩემპიონატში ქუთაისის გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და წინა სეზონის სუპერლიგის ჩემპიონობაშიც საკუთარი წვლილი მიუძღვის.

მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს დაბრუნებული ლუკა ლიკლიკაძე ნაკრებსაც დაუბრუნდა, რომელმაც 2023 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა სუპერლიგის წინა სეზონის სტარტზე აქილევსის მყესი გიწყვიტა და თითქმის 1 წელი არ უთამაშია. ის მოედანზე ამ სეზონიდან დაბრუნდა და ჯერ კიდევ ფორმის აღდგენის პროცესშია. ლიკლიკაძესთან ერთად გამთამაშებლის პოზიციაზე ნაკრებში გამოძახებულნი არიან გაგრის “ამრას” წევრი, ლუკა მაზიაშვილი და ბოლო მატჩებში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეები – რატი ანდრონიკაშვილი და გიორგი ოჩხიკიძე.

ის, თუ რომელი კალათბურთელები მოხვდებიან ფინეთთან მატჩის 12-კაციან განაცხადში, ალეკსანდარ ჯიკიჩი თბილისური შეკრების ბოლოს გადაწყვეტს, რის შემდეგაც, 18 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჰელსინკიში გაემგზავრება, სადაც ფინეთთან დაპირისპირებამდე მოსამზადებლად კიდევ 2 დღე ექნება.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მატებაა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტების სიას, რომელსაც ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი შეადგენენ, დაემატა ნიკა ცინცაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან 11 ნოემბრიდან იქნება. ბოისა და მარკოიშვილი უცხოურ კლუბებში – შესაბამისად ბერძნულ მარუსიში და მონაკოში მუშაობენ, რის გამოც ნაკრებს მოგვიანებით, ფიბა-ს სანაკრებო ფანჯრის ოფიციალურად გახსნის შემდეგ შეუერთდებიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ბავშვები არიან თან მომავალი გამთამაშებკები,მაგრამ მსროლელი არ გვყავს და არც იზრდება ან პერსპექტიულ ბავშვს გვერდზე უშვებენ და ნეპოტიზმის ბავშვები მოდიან...ნაკრებში მსროლელი არ გვყავს 2-3 ნომერი.იმიტომ გვიჭირს უმაღლეს დონეზე თანამაში.2-3 ნომერი გვინდა .....ამდენი გამთამაშებელი არ გვჭირდება თან 2 ლეგიონერი..ხომ შეიძლება 3 ნომერი დავიმატოთ.
ადამიანი
13:53 12-11-2024
2
ქართული კალათბურთი მომაკვდავ მდგომარეობაშია, ხოლო შერმადინი-შენგელიას წასვლის შემდეგ საბოლოოდ განუტევებს სულს...
სიმართლე
09:11 12-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული