ჩამოვა შილდსი თბილისში? დანიის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი 13-კაციან შემადგენლობაშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მეტოქე დანიამ შემადგენლობა დაასახელა. პრინციპში, დანიის შემადგენლობაზე საუბრისას ერთი რამეა საინტერესო: ითამაშებს თუ არა შეივონ შილდსი – დანიური პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი, რომელსაც სკანდინავიური ქვეყნის ნაკრების მაისურით ერთადერთხელ, 2017 წლის ევრობასკეტის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში უთამაშია. როგორც ჩანს, მან დანიური პასპორტი ევროპაში გზის გასაკვლევად და კარიერის ასაწყობად მიიღო, სანაცვლოდ კი დანიის ეროვნული ნაკრებისთვის თითქმის არაფერი გაუკეთებია.

შილდსს ელოდნენ 1 წლის წინ, საქართველოსთან მატჩისთვის და მაშინ, როგორც ახლა, ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ შემადგენლობაში ფიგურირებდა. შილდსი არ ჩავიდა ნაკრებში სათამაშოდ
არც წინა, ნოემბრის ფანჯრისას, როცა დანიელებმა სერბეთთან ორივე შეხვედრა წააგეს. ჩამოვა შილდსი თბილისში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა დღეს არავის არ შეუძლია.

შეივონ შილდსი 30 წლისაა და ამერიკაში, სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობა რომ დაასრულა, პროფესიული კარიერა ევროპაში, გერმანულ “სკაილაინერსში” დაიწყო. ცხადია, ის 2016 წლის დრაფტზე არ აირჩიეს და როგორც ამერიკელი კალათბურთელების უმეტესობა, კარიერის ასაწყობად ევროპა აირჩია. დანიური პასპორტი შილდსს დაეხმარა, ამერიკელებზე დაწესებული ლიმიტი მასზე არ გავრცელებულიყო და “სკაილაინერში” გატარებული სეზონის შემდეგ იტალიურ “ტრენტოში” გადავიდა, სადაც ასევე 1 სეზონი გაატარა და მოხვდა ესპანურ “ბასკონიაში”, სადაც ლიდერი თორნიკე შენგელია გახლდათ. 2 წელი “ბასკონიაში” და შემდეგ შილდსი მილანის “ოლიმპიაში” გადაბარგდა და დღემდე იქ თამაშობს.

სხვათა შორის, შილდსი და შენგელია დღეს ერთმანეთს შეხვდებიან – მათი გუნდები იტალიის თასის გათამაშების მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან: “ვირტუს ბოლონია” “ოლიმპია მილანოს” წინააღმდეგ.

დანიის ნაკრებში სისტემატურად თამაშობს იფე ლუნდბერგი, რომელიც შენგელიას გუნდელი იყო “ვირტუს ბოლონიაში” და მიმდინარე სეზონის წინ სერბულ “პარტიზანში” გადავიდა. დანარჩენები იგივენი არიან, რომლებმაც საქართველოს ნაკრები 1 წლის წინ ნესტვედში დაამარცხეს და ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ევრობასკეტზე ზედიზედ მე-6-ედ გასვლა გაურთულეს. საქართველომ მას შემდეგ ფინეთი ორჯერ დაამარცხა და ისევ დანიას ხვდება, რომელთან მატჩიც გადამწყვეტია ჩვენი ნაკრებისთვის – 21 თებერვალს, დანიის თბილისში დამარცხების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე გავა.

დანიის 13-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ბაკარი დიბა (ჰაიდელბერგი, გერმანია), იფე ლუნდბერგი (პარტიზანი, სერბეთი), მარკუს მიოლერი (უნიკახა, ესპანეთი), სილვესტერ ბერგი, დარკი იუკიჩი (ორივე – ბაკენ ბეარსი), იონას ზოჰორა (შიაულაი, ლიეტუვა), ლიამ ჩერჩილი (ჰორსენსი), მადს ბონდე (გიპუზკოა, ესპანეთი), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), ფრედერიკ დრეიერი, ტობიას იენსენი (ორივე – ულმი, გერმანია), გუსტავ კნუდსენი (შარლერუა, ბელგია), შევონ შილდსი (მილანი, იტალია).

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
სტატისტიკა რა აქ ამ შილდს მილანში ეგეც დადეთ.
რრრ
23:54 12-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული