
ნაკრებში დროულად ჩამოსვლას რომ ვახსენებთ, ძირითადად თორნიკე შენგელიას ვგულისხმობთ. ბოლო წლებში ის ნაკრებში ჩარტერული რეისით უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე
ამჯერად, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით ფანჯარას ევროლიგის თამაშები არ ეკვეთება. შესაბამისად, გათავისუფლდა თუ არა თორნიკე, ნაკრებისკენ გამოეშურა და დღეს, თბილისი არენაზე ყველა დანარჩენ ლეგიონერთან და სუპერლიგის მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშა. სამწვრთნელო შტაბიც ბოლომდე შეივსო. მთავარ მწვრთნელთან – ალეკსანდარ ჯიკიჩთან და მის ასისტენტებთან – ანატოლი ბოისასა და ფილიპ მიხაილოვიჩთან ერთად დღევანდელ ვარჯიშზე თავიანთი ევროპული კლუბებიდან ჩამოსული მანუჩარ მარკოიშვილი და მარკო ესპოზიტოც იყვნენ.
მწვრთნელთა შტაბის განკარგულებაში 15 კალათბურთელია. ლეგიონერები – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი და მათე ხატიაშვილი. სუპერლიგის მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია და სანდრო სანაძე.
დღევანდელი ვარჯიში შედარებით მსუბუქი იყო იმის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილა კონტაქტი. მწვრთნელმა მოთამაშეებს კომბინაციები მეურვეების გარეშე დაამუშავებინა, რასაც საკალათბურთო ენაზე 5-0 ჰქვია, როცა კომბინაციას იმისთვის ამუშავებ, რომ კარგად დაისწავლო და თავდაპირველად დაცვითი ბარიერი ხელს არ გიშლის. ცხადია, პროცესი ნელ-ნელა გართულდება და კომბინაციური თამაშიც დაიხვეწება. ისე, რომ 21 თებერვლისთვის როგორც მოთამაშეები, ისე – ჩვენი გუნდის თამაშის სტრატეგია მზადების პიკში იყვნენ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დანიასთან 21 თებერვლის მატჩის მნიშვნელობას: მოგებით ევრობასკეტზე (ზედიზედ მეექვსედ) გავდივართ, ხოლო წაგება ფაქტობრივად მის მიღმა დარჩენას ნიშნავს. რჩება მხოლოდ თეორიული შანსი. ამიტომაცაა, დანია თამაშამდე 5 დღით ადრე რომ ჩამოვიდა და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ჩვენამდე, თბილისი არენაზე დანიელებმა ივარჯიშეს, რომელთა შემადგენლობაშიც არ ყოფილა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, შეივონ შილდსი. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის დანიის ნაკრებს თამაშამდე შეუერთდება და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს.
დანიის შემდეგ, საკვალიფიკაციოს ბოლო მატჩს საქართველო 24 თებერვალს, ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. დანიასთან მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს. გადამწყვეტი მატჩი 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება.
GBF