სწორედ ასეთი ამბებისთვისაა ეს რუბრიკა.
1. ეს საქართველოს ნაკრების სასტუმროა. "ჰილტონი". ვარსკვლავების რაოდენობას ვერ ითვლის. ევრობასკეტის მონაწილე ყველა გუნდი აქ ცხოვრობს. თელ-ავივის სანაპირო ზოლში მდებარეობს. იქვეა რამდენიმე ტიპის პლაჟი...
2. ეს ძაღლების პლაჟია.
3. "ჰილტონიდან" 500 მეტრ სავალზე, ჩრდილოეთისკენ, სანაპირო ლიტვის დროშებითაა გაჯერებული. ...დროშებით და ლიტველებით.
წამიერად კი გამიელვა - საქართველომ, გერმანიამ, იტალიამ, უკრაინამ რა დააშავეს, მათი დროშები რომ არ ჩამოუკიდებიათ-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ ისრაელმა ჯგუფის პარტნიორად სწორედ ლიტვა აირჩია. დანარჩენი მეტოქეები წილისყრამ შეახვედრა.
მასპინძლებმა ლიტვა იმიტომაც აირჩიეს, რომ იცოდნენ, უამრავი ქომაგი ჩაჰყვებოდა.
4. ქერათმიან მწვანედ შემოსილ ხალხს თელ-ავივის ყველა წერტილში შეხვდებით. თამაშის წინ და მის შემდეგ ავტობუსები ისეა გადატენილი, ლიტველები ლუდის ქაფივით გადმოდიან...
გაჟღენთილები კი არიან ლუდით. საქართველო-ლიტვის წინ სწორედ ასეთი ავტობუსით ვიმგზავრე.
- რა სხვაობით მოგიგებთ? - მკითხა ერთმა ახალგაზრდა ბალტიელმა.
- საქართველო 4 ქულით იგებს!
- რატომ ასე ცოტა? ხომ არ გეშინიათ?
- ოხ, ერთი გემრიელად მოვუგოთ ლიტვას, რომ გავაჩუმოთ ასეთი ყეყეჩები, - ქართულად გადავულაპარაკე კოლეგას. შუა ხნის, ვიცინის სახის ლიტველმა, რომელიც ისე იყო შეზარხოშებული, ხელის მოსაკიდებელზე დაკიდებული ქანაობდა, გაბრაზება რომ შემატყო, გამიღიმა:
- გენაცვალე, კალათბურთი თამაშია. ჩვენ გვიყვარს მზიანი თბილისი, ხინკალი, ხაჩაპური... თუ მოვიგებთ, ხომ კარგი, თუ არა, "ჩორტ ს ნამი" (ეშმაკსაც წავუღივართო)...
5. ...ალბათ, ამაზე თქვა - წავუღივართო.
6. ლიტველების ტრიბუნის შემყურე ჩეხეთიდან ჩამოსულმა ქართველმა ჟურნალისტმა დაიჩივლა - ხომ შეიძლება ჩვენც ოდესმე ასე ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებსო.
შეიძლება! მაგრამ როდესაც თბილისში წელიწადში ორი მატჩია და ისიც ამხანაგური, როგორ უნდა მოახერხო ასე ორგანიზება? ქართველი გულშემატკივარი ლიტველებივით აქტიური რომ იყოს, მუდმივი პრაქტიკა სჭირდება. საქართველოში კი მხოლოდ ნაკრების თითოოროლა მატჩს წლობით ველით, ევროტურნირებზე არც ერთი გუნდი არ თამაშობს, ქომაგი სუპერლიგაში გაივლის პრაქტიკას?
7. ისრაელში ლიტველებზე მეტი ქართველი გულშემატკივარია, ემოციურადაც ქომაგობს. ლიტვასთან გამარჯვებამ კი ყველა მეცხრე ცაზე აიყვანა. იქ დავრჩით მანამ, სანამ გერმანიამ ცის კაბადონიდან მიწაზე არ დაგვიშვა.
ნამატჩევს ქართველი ქომაგები მხურვალე ოვაციებითა და შეძახილებით ხვდებოდნენ ჩვენს კალათბურთელებს. იქვე შევნიშნე ისრაელის ფერებში შეღებილი სამი ახალგაზრდა.
ისრაელის ნაკრების გულშემატკივრები ვართ, თქვენ რომ გიყურებთ, ჩვენც გვიხარიაო.
8. ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ ილიას ზუროსი პირველი გამოვიდა და ოჯახის წევრებს გადაეხვია.
ავტობუსისკენ მიმავალ არვიდას საბონისს მამაპაპური სიტყვა მოუხდებოდა - კუშტი. სწორედ ასეთი სახით გამოვიდა დარბაზიდან.
მას ზუროსმა ხელი გაუწოდა, თუმცა საბონისმა არც შეხედა, ისე ჩაუარა...
მართლა ვერ შენიშნა, თუმცა წამიერად უკან მოიხედა და ზუროსი რომ დაინახა, მობრუნდა, გაუღიმა, რამდენიმე სიტყვა გაუცვალა, შემდეგ ისევ მოიკუშტა და ავტობუსში ავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყველა ახალ საცხოვრებელ დასხლებაში 2 კორპუსს შორის აუცილებლად კალათბურთის მოედანია მოწყობილი, ჩვენთან კი 2 კორპუსს შორის მესამე კორპუსს ჩააკვეხებენ.
აი ამიტომ არია ლიტვაში პოპულარული კალათბურთი, ვიდრე ჩვენთან.