ზაზა ფაჩულია: ბევრმა ვერ გამიგო

AutoSharing Option
უკრაინასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

- საქართველო-უკრაინა 81:88 - სად გაქრა ენერგია? [VIDEO]

"დიპლომატიური ვიქნები და გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვთამაშობთ: "ჯიგრით". სამწუხაროდ, ასეთ დონეზე ეს საკმარისი არაა. აქ უნდა გამოიჩინო ინტელექტი, ცოდნა, უნდა მიაქციო ყურადღება პატარა დეტალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მოგებაში დაგეხმარება. ეს არის და ეს.

სამწუხაროდ, ბოლო მატჩებში ჩვენ პატ
არა დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევთ და გვინდა, ისევ "ჯიგრით" მოვიგოთ. ეს ძალიან რთულია ისეთ გუნდებთანაც კი, როგორიც უკრაინაა. ეს ელიტარული ნაკრები არ გახლავთ, მაგრამ რადგან ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, ე.ი. კარგი გუნდია. ასე დაისჯები ყოველთვის, როდესაც კალათბურთს პატივს არ სცემ და არ ითამაშებ ისე, როგორც საჭიროა. 40 წუთის განმავლობაში არ მიაქცევ ყურადღებას ისეთ დეტალებს, რომლებიც მატჩს გაგებინებს.

საერთოდ, ქართულ სპორტში სანამ ამ დეტალებს ყურადღება არ დაეთმობა, მანამდე წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია. რაღაც მონდომებით შეიძლება ქომაგს სიურპრიზი შესთავაზო ან 2 თამაში მოიგო. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა მედლამდე მივიდეთ, ჩემპიონები გავხდეთ ან ფინალში ვითამაშოთ, ამას მარტო მონდომებით გარჯა არ შველის. ამ ყველაფერს კალათბურთის თამაშის ცოდნა უნდა, ორივე მხარეს, როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში. სამწუხაროდ, ეს არის მწარე სიმართლე და რეალობა და ამას ყურადღება უნდა მიექცეს".

მისმა ამ ნათქვამმა გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სწორედ ამიტომ გუშინ მან განმარტება გააკეთა:

"ჩემს კომენტართან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა მოვისმინე. ბევრმა არასწორადაც გაიგო, ამიტომ, ვფიქრობ, უმჯობესია, დავაკონკრეტო. არასოდეს დავუშვებ, რომ ჩემს ძმებს, ჩემს თანაგუნდელებს შეურაცხყოფა ვაკადრო. მჯერა მათი პროფესიონალიზმის, ადამიანობის და ვაჟკაცობის.

საქართველოს ნაკრები ერთი გუნდია, ერთი საქმისთვის და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ვიცი, რომ ცოდნა გვაქვს, ბევრი შეგვიძლია და სწორედ იმიტომ ვთქვი - ეს ცოდნა და შესაძლებლობები კარგად გამოვიყენოთ. ასე რომ, ვისთვისაც გაუგებარი იყო, ვიმედოვნებ, ახლა გასაგები იქნება.

რთულ სიტუაციაში ვართ, ისრაელთან მოგება აუცილებლად გვჭირდება და გვინდა რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, მაქსიმალური მხარდაჭერა და ერთიანობა. ბევრს ვმუშაობთ და იმედი მაქვს, შრომა დაფასდება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ.

კალათბურთი სპორტია, არის მოგებებიც, წაგებებიც, მაგრამ ერთი რამ არის მთავარი - ყოველთვის გვეამაყება ნაკრებში თამაში და ყოველთვის მოსაგებად გამოვდივართ მოედანზე".

ბოლოს, რაც შეეხება ისრაელთან თამაშს:

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

"ჩვენი მეტოქე ისრაელია, ძლიერი გუნდი, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობს. მძიმე შეხვედრა იქნება, მით უმეტეს, რომ წინა თამაში (გერმანიასთან) თავის სასარგებლოდ დაასრულეს და ამჯერადაც მოგებისთვის გამოვლენ.

ენერგია, ცოდნა, გამოცდილება... ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მატჩში უნდა ჩავდოთ. იმედი მაქვს, რომ გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 31 /
არადა რაც პირველ კომენტარში იგულისხმა კარგად გავიგეთ და არ შემიძლია არ დავეთანხმო. მაინც გადაჰკრა თანაგუნდელებს და პრინციპში სამართლიანადაც:) მარტო ჯიგარი არ შველის თამაშის მოგებას, იმდენი ბავშვური შეცდომები დაუშვეს კი დაუჯდათ წაგებების ტოლფასად.
levo
05 სექტემბერი 2017 11:56
0
უაღრესად სწორი განმარტება გააკეთა ზაზამ...როგორც თვითონაც იძახის ეს მოსაზრება ეკუთვნის ყველა ქართველ სპორტსმენს, მწვრთნელს.... და არამხოლოდ სპორტს...RESPECT!!!
L.E.S
05 სექტემბერი 2017 11:49
0
სრულიად გეთანხმები ზაზუშ. დღეს კარგი დღეა, მოვიგებთ მჯერა!!! ვიცი რო თავს არ დაზოგავთ არც ერთი!!! ჩვენც არ დავზოგავთ თავს თბილისიდან გულშემატკივრობით :) ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო !
რაჟდენ (რაჟიკო) ფაჩულია
05 სექტემბერი 2017 11:54
0
მარტო "ჯიგრით" რა თქმა უნდა ვერ მოიგებ,მაგრამ NBA--ს ჩემპიონს, ესპანეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი "ობრადორიოს" რიგითი მოთამაშე არტემ პუსტავოი, 7-ჯერ რომ გადაგატენის თავზე"ალეუპს",ამას რა ჰქვია?ან საბერძნეთის აუტსაიდერი"რტიკალას" რიგითი წევრი ალექს ლიპოვი,რომ სამქულიანებით კალათს ამოგივსებს,სად არის აქ "ჯიგარი"?
"რიგითი გულშემატკივარი"
05 სექტემბერი 2017 14:51
2
ესეც იმის დასტური რისი ეჭვიც იყო - გუნდში არაჯანსაღი სიტუაციაა სამწუხაროდ. ამას ზაზა ახლა არ უნდა ამბობდეს, კარის, დურანტის და ტომპსონის გვერდით თამაში ადვილია, მაგრამ ნაკრებში ...? ბიჭები იგულისხმა თუ მწვრთნელი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიღაც გუნდის წევრ(ებ)ი "არ სცემენ პატივს კალათბურთს და არ აქვთ შესაბამისი ცოდნა". ამ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს (არც უნდა გაიფიქროს) კაპიტანი სამწუხაროდ და მერე განმარტებები არ უნდა ჭირდებოდეს, ეს ყველაფერი იგრძნობოდა ბოლო 2 თამაშში. პ.ს. ზაზა არ გეწყინოს მაგრამ ნბა-ს ჩემპიონიც არ უნდა კარგავდეს შეტევაში ზედიზედ 4-ჯერ ბურთს და იქიდან 2-ს გარბენის გამო.
???
05 სექტემბერი 2017 13:01
2
სიმართლე უნდა ითქვას. ზაზა მართალია,მარტო ჯიგრით ვერ მოიგებ. გუნდში რაღაც ხდება და წაგების ზაზაზე გადაბრალება არ არის სწორი. გაბლატავდაო რომ წერთ ესეც არ მიმაჩნია სწორად. ზაზა არის დიდი სპორტსმენი და დიდი ადამიანი. ის იმსახურებს დაფასებას.
დიტო
05 სექტემბერი 2017 17:23
2
მართალს იძახის ზაზა, ლიტვის მერე მოიშალა გუნდური თამაში და ძალიან ერთფეროვანი გახდა, ქვეცნობიერად განეწყვნენ რომ მსგვს გუნდებს უკვე ისედაც გადაუვლიდნენ ეს კი არ გამოვიდა და უკვე ვეღარ დაბრუნდნენ თამაში, თუ ჯგუფიდან გავედით შეიძლება ეს ჩავარდნა კარგიც იყოს ბევრი დასვკნა გამოიტანონ.
ნიკო
05 სექტემბერი 2017 17:22
0
ზაზას შეიძლება დავეთანხმო, მაგრამ თავის უამრავ შეცდომას რატომ არ აღიარებს, თუნდაც დამწყების დონეზე გაკეტებულ გარბენებს, გაფუჭებულ სროლებს, უაზრო ჯარიმებს? ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზაზას პოზიციაზე თამაში, მით უმეტეს, თითქმის თანაბარი შემცვლელის პირობებში, ყველაზე ნაკლებად დამღლელია. შენგელია, დიქსონი(განსაკუთრებით ცინცაძის არყოფნისას), ცინცაძე, მარკოიშვილი რამდენჯერმე უფრო მეტად ირჯებიან და დატვირთვაც მათზე მოდის. შესაბამისად, დაღლილობა უფრო დაეტყოთ.
თოკო
05 სექტემბერი 2017 13:22
1
ჩვენ ჩვენი მოსაგები უკვე გავაჩუქეთ. უკვე ნერვიულობადაც არ ღირს. ისრაელიც და იტალიაც ჩვენთან წაგებას სიზმარშიც კი არ დაუშვებენ. ეს იყო ამ ხუთი კაცის მაქსიმუმი და იმედია ახალგაზრდები ასევე წარმატებით ჩაენაცვლებიან ამ დამსახურებულ ვეტერანებს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, საკუთარ ერთ ადგილს ვერასოდეს გადაახტებიო. ამ ბიჭებმა შეძლეს ის რომ საქართველო ელიტაში დაამკვიდრეს. როცა არ გაქვს ჩემპიონატი, არც ერთი კლუბი არ გაგყავს ევროპის თასებზე, როცა ლეგიონერების გარდა არც ერთ კალათბურთელს უბრალოდ ნამდვილი კალათბურთელების ოფლის სუნიც კი არ შეუსუნთქავს, რა ჩემპიონობაზე და მეოთხედფინალებზეა ლაპარაკი. საქართველოში დღეს სპორტსმენები სახელმწიფო საჯარო მოხელეებივით ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და მაინც მაგარი შედეგები გვაქვს სპორტის ბევრ სახეობაში. ზაზას რაც შეეხება მას შეეძლო მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ უბრალოდ დამტკბარიყო ცხოვრებით და წყნარად, მშვიდად დაესვენა სხვა ბევრი ევროპელი ვარსკვლავივით, მაგრამ ის პატრიოტია და ფულის გამო არ ჩამოსულა ნაკრებში და არც იმისთვის რომ საქართველოს ნაკრების გაფარჩაკების თანამონაწილე ყოფილიყო. მას გული შესტკივა იმაზე რასაც მეც ვხედავ და თქვენც. ნაკრები ირევა და არავინ არ იცის ვინ რა გააკეთოს, უაზრო ბავშვურ შეცდომებს უშვებენ. იმის მაგივრად რომ დაწყნარდნენ და დალაგებულად შეუტიონ ზოგი ალთას გარბის ზოგი ბალთას, დაათრევენ ამ ბურთს, სანამ სულელურად არ დაკარგავენ და ფარქვეშაც იმდენ ბურთს გვიხსნიან რამდენიც კალათში არ ვარდება.
................
05 სექტემბერი 2017 13:10
2
არ გვინდა რა ვინმეს გაკერპება. ზაზა მაგარია, მაგრამ არის მოქმედი კალათბურთელი და მორჩა. მოედანზე უნდა გავიდეს და ითმაშოს, რასაც მწვრთნელი დაავალებს ის გააკეთოს და არა განცხადებები აკეთოს იმაზე რა მდგომარეობაა ქართულ სპორტში. და დიდი ბოდიში მაგრამ მადლობას ვერ ვეტყვი კალათბურთელს და პატრიოტიზმსაც ვერ ვხედავ თუ ნაკრებში თამაშობს, კალათბურთელმა სხვა რა უნდა გააკეთოს?
1
05 სექტემბერი 2017 13:47
1
გეთანხმები ზაზა. დიახ, წარმატებას აღწევს ის ვინც ცოდნას გზას მისცემს და გამოიყენებს.რუსთაველიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებს საამაყო, გონიერი ადამიანი ხარ!!!!!!!!!!!!!
tariel k.
05 სექტემბერი 2017 15:34
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული