საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017 დაასრულა. იტალიასთან ეფექტურ მატჩში ბოლო წამებზე 69:71 დამარცხდა და ისრაელის იმედად რჩებოდა - ტურის ბოლო შეხვედრაში მასპინძლებს უკრაინისთვის რომ მოეგოთ, მერვედფინალში საქართველო გავიდოდა, მაგრამ უკრაინას მეტი მოტივაცია აღმოაჩნდა და, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

- კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი
- ილიას ზუროსი: მადლობა ბიჭებს, მადლობა ქართველ გულშემატკივარს...
- მაიკლ დიქსონი: იტალიამ არ გვაპატია
- ეტორე მესინა: მაიკლ დიქსონი ძლიერი კალათბურთელია

ასე რომ, ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე ლიტვა გავიდა, მეორეზე -
გერმანია, მესამეზე იტალია, მეოთხეზე - უკრაინა, ისრაელი შინ დარჩა, ხოლო საქართველო სამშობლოში გაემგზავრა.

ბოლო მატჩამდე გაურკვევლობა და მოლოდინი საქართველოს ნაკრებს დაბედებული აქვს, თუმცა აქამდე ორივე შემთხვევაში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა: 2011 წელს, ევრობასკეტზე პირველად რომ გავედით, მესამე ადგილის დასაკავებლად ჯგუფის უკანასკნელი ტურის მესამე მატჩის დასრულებამდე მოგვიწია მოცდა - ვქომაგობდით უკრაინას, რომელმაც ბელგია დაამარცხა და საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ბელგიის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს ადგილს ბულგარეთი დაიკავებდა.

2015 წელს ჰოლანდიასთან დაუგეგმავმა წაგებამ კვლავ ჯგუფური ეტაპის ბოლომდე გაურკვევლობაში გვამყოფა: მერვედფინალის საგზურს იმ შემთხვევაში ვინაღდებდით, თუ საბერძნეთი ჰოლანდიას დაამარცხებდა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო და პლეი-ოფში ლიტვას შევხვდით...

რატომ?
რატომ მივიყვანეთ საქმე ბოლო წუთებამდე, მაშინ, როდესაც პირველ ტურში ჯგუფის ფავორიტ ლიტვას ვძლიეთ? საქმე მარტივადაა: ჩვენს გუნდს ჰყავს მაღალი კლასის შვიდი კალათბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ თუნდაც ლიტვის დამარცხება, თუმცა, თუ ენერგიის აღდგენას ვერ მოასწრებენ, შესაძლოა უკრაინასთანაც წააგონ, რადგან არ გვყავს ევროპაში გამოცდილი სათადარიგოთა სკამი.

არადა, ქართული გუნდები ევროტურნირებზე რეგულარულად რომ თამაშობდნენ, გვეყოლებოდა.

ევროპის ჩემპიონატზე არც ერთი მწვრთნელი არ მიმართავს შეცვლის ისეთ სისტემას, როგორსაც ილიას ზუროსი: გუნდის ლიდერებს სათითაოდ ასვენებს. ასეთ დროს, გინდა თუ არა, კალათბურთელებს 32-36 წუთი უწევთ თამაში. თუმცა, როდესაც დგება კრიტიკული დრო, ქართველებს შეუძლიათ ენერგიის ბოლომდე მოკრება, საკუთარ თავს ზემოთაც და ძლიერ მეტოქეზე გადახტომაც.

გუშინ, იტალიასთან მეოთხე პერიოდში, 16 ქულის სხვაობით აგებდნენ. ასეთ დროს იტალიის წინააღმდეგ შესაძლოა, ბევრს ჩაეთვალა, რომ მატჩი დასრულებულია, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩებში მიგვაჩვია ბოლო წუთებზე თამაშის შემოტრიალებას. ასე იყო ამჯერადაც: უპირველესად დაცვაში დამაჯერებელი თამაშით იტალიას ზედიზედ სამი შეცდომა დააშვებინა, ფარქვეშიდან ტყორცნებს სამიანები მიაშველა და ბოლო წუთზე მაიკლ დიქსონის სამქულიანით გადაასწრო კიდეც.

ძალიან საინტერესო გამოდგა უკანასკნელი ორწუთნახევრის ქრონოლოგია:

2:13 დიქსონი - 3 ქ. (63:65)
1:48 ფილოი - 2 ქ. (63:67)
1:30 შენგელია - 2ქ (65:67)
0:59 დიქსონი - 3ქ (68:67)
0:43 ჰაკეტი - 2ქ (68:69)
0:14 არადორი - 1ქ (68:70)
0:06 არადორი - 1ქ (68:71)
0:03 დიქსონი - 1ქ (69:71)
0:03 ფაჩულია - მოხსნა
0:01 შერმადინი - ორი ქულა (არაზუსტი)

აი, ასე დასანანი მარცხი ვიწვნიეთ იტალიასთან, რამაც საბოლოოდ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ბედი უარყოფითად გადაწყვიტა. ებრაელი ჟურნალისტები გვამშვიდებდნენ, თქვენი გუნდი მერვედფინალში თამაშს უკრაინაზე მეტად იმსახურებდაო.

ჩვენ კი ასე ვთქვათ: ლიტვასთან, ისრაელთან და იტალიასთან ნაჩვენები თამაშით ნამდვილად იმსახურებდა, უკრაინასთან და გერმანიასთან ნაჩვენებით - არა. უკრაინას სწორედ ჩვენ მივეცით შანსი და მშვენივრად გამოიყენა. ამიტომაა საინტერესო კალათბურთი: ერთმა ფეხის დაცდენამ შესაძლოა ყოველგვარ იმედს წყალი გადაასხას, ერთმა აცილებულმა ბურთმა - მერვედფინალს მიღმა დაგტოვოს. არადა, იტალიასთან რომ მოგვეგო, რასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მერვედფინალში ფინეთს ვხვდებოდით...

ევრობასკეტი 2017. B ჯგუფი
6 სექტემბერი, თელ-ავივი, 1746 მაყურებელი
საქართველო-იტალია 69:71
10:27, 20:11, 17:20, 22:13

Sportall.Ge

გერმანია-ლიტვა 72:89
19:23, 24:24, 17:25, 12:17
გერმანია: შრიოდერი (26), ბენცინგი (11), ფოიგტმანი (9), ბარტელი (6), ტადა (0+8 მოხსნა+6 პასი) - სასტარტო; ჰარტენშტაინი (10), ტიმანი (4), აკპინარი (3), ლო (3).
ლიტვა: ვალანჩუნასი (27+15 მოხსნა), მოტეიუნასი (15), კალნიეტისი (10+9 პასი), კუზმინსკასი (7), გრიგონისი (6) - სასტარტო; ულანოვასი (11), იუშკიავიჩუსი (9), მაჩიულისი (2), გუდაიტისი (2).

ისრაელი-უკრაინა 64:88
16:19, 12:27, 11:25, 25:17
ისრაელი: ელიაჰუ (12+6 პასი), კადირი (10), ტიმორი (7), მეკელი (3), კასპი (3) - სასტარტო; ოჰაიონი (11), პნინი (8), დოუსონი (5), ბლეიზერი (3), ზალმასონი (2).
უკრაინა: კრავცოვი (17+7 მოხსნა), კოლჩენკო (9), ლუკაშოვი (5+7 პასი), კორნიენკო (4), პუსტოზვონოვი (2) - სასტარტო; ოტვერჩენკო (13), ლიპოვი (10), ბობროვი (9), პუსტოვოი (8+7 მოხსნა), კონევი (7), ზაიცევი (4).

A ჯგუფი
სლოვენია-საფრანგეთი 95:78
28:22, 24:13, 25:16, 18:27
სლოვენია: დრაგიჩი (22+8 პასი), დონჩიჩი (15+9 მოხსნა), ვიდმარი (13), ბლაჟიჩი (7), მურიჩი (2) - სასტარტო; პრეპელიჩი (14), რენდოლფი (9), დიმეცი (6), ნიკოლიჩი (5), ჩანჩარი (2).
საფრანგეთი: დე კოლო (16), დიაო (13), ფურნიე (11), ლოვერნი (7), ერტელი (4) - სასტარტო; სერაფინი (12), ვესტერმანი (6), ლაბერი (6), პუარიე (2), ტუპანი (1).

საბერძნეთი-პოლონეთი 95:77
23:29, 26:14, 21:24, 25:10
საბერძნეთი: სლუკასი (26), კალატესი (24+10 პასი), პრინტეზისი (14), პაპანიკოლაუ (8), აგრავანისი (0) - სასტარტო; ბურუსისი (10), პაპაიანისი (8+8 მოხსნა), პაპასი (3), მანცარისი (2).
პოლონეთი: კულიგი (26+7 მოხსნა), ვაჩინსკი (17+6 პასი), კოშარეკი (12+9 პასი), პონიტკა (8), სელი (0) - სასტარტო; კარნოვსკი (7), ზამოისკი (5), სოკოლოვსკი (2).

ფინეთი-ისლანდია 83:79
24:18, 18:22, 10:19, 31:20
ფინეთი: სალინი (17+7 მოხსნა), კოპონენი (10+6 პასი), ლი (9+8 მოხსნა), ჰაფი (5+7 მოხსნა), კოტი (4) - სასტარტო; მარკანენი (23), ნუუტინენი (7), რანიკო (6), ლინდბომი (2).
ისლანდია: სტეფანსონი (13), ჰერმანსონი (12), ბაირინგსონი (12), პაულსონი (11), ვილჰიაულმსონი (9) - სასტარტო; აკოქსი (10), ერმოლინსკი (4), ფრიდრიკსონი (3), ბიერნსონი (3), ჰლინასონი (2).

1/8-ფინალში ხვდებიან
9 სექტემბერი
გერმანია-საფრანგეთი
სლოვენია-უკრაინა
ლიტვა-საბერძნეთი
ფინეთი-იტალია.

ევრობასკეტის C და D ჯგუფებში ბოლო ტურის შეხვედრები დღეს, 7 სექტემბერს გაიმართება.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ვამაყობ ჩვენი ბიჭებით
rezo
07 სექტემბერი 2017 19:50
0
კვირიკასვილო გააორმაგე სუპერლიგის დაფინანსება ტუ სეიზლება მოაკელიტ ფეხბურტელებს
შოთა გუგეშაშვილი
07 სექტემბერი 2017 17:56
0
დიდი მადლობა ბიჭებს!!!
თქვენთან ერთად ვწუხვართ!
მადლობა ბიჭებს!
ზვიადი
07 სექტემბერი 2017 16:44
0
მადლობა ბიჭებს ყველაფფრისთვის. ძალიან ადვილია კლავიატურასთან ჯდომა და კრიტიკა. დარწმუნებული არც ერთ სხვა ნაკრებს ევრობასკეთზე ამდენი სირთულე არ ჰქონია როგორც ჩვენსას. ძნელია 7 კაცით ჩახვიდე ევროპის პირველობაზე და დაგეგმო – ამას აუცილებლად მოვუგებ იმასთან კი ბრძოლა შეიძლებაო. არ მინდა ისე გამიგოთ თითქოს სათადარიგოებს ვაკრიტიკებდე იმის გამო რომ ლიდერებს სათანადოდ კი არა საერთოდ ვერ ცვლიდნენ. უბრალოდ ეს ის რეალობაა რომელსაც წესით უნდა შევგუებულიყავით და რეალურად შეგვეფასებინა ნაკრების შესაძლებლობები. ზოგიერთმა დაწერა რომ თურმე როცა ნაკრებს და ქვეყანას წარმოადგენ დაღლაზე კი არ უნდა იწუწუნო , უნდა დაფრინავდეო. კი ბატონო შეიძლება ფიზიკურად ისე მოემზადო რომ გიჟივით ირბინო და მაინც არ დაიღალო მაგრამ ვერსად გაექცევი გონივრულ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, სტრესს არიქა უაზრო ჯარიმა არ მივიღო არ დავიტვირთო ფოლებით თორემ რომ გამაგდონ ვერავინ შემცვლის–თქო
მომავალი კი ძალიან გაურკვეველია. დღეს კაპიტანი წავიდა ხვალ ან ზეგ მას მანუ და
ვიკა შეიძლება მიჰყვნენ მათი მიახლოებული შემცვლელი კი ამდენი წლის განმავლობაში არა და არ ჩანს. ამდენი წელი ამ ბიჭებმა ასეთი რთული გზა გაიარეს აქმდე მოვედით და ძალიან არ მინდა მათი წასვლის შემდეგ ერთი ხელის მოსმით ისევ იქ აღმოვჩნდეთ საიდანაც ასე წვალებით ამოვყვინთეთ. ძალიან არ მინდა რამდენიმე წელიწადში ტკბილ მოგონებად დაგვრჩეს ეს " ჩაგდებული ევრობასკეტი"
არ მინდა რომ სინანულით აღმოგცვდეს – "ეჰჰჰ ეს ეხლაა გუნდი არ გვყავს თორემ იყო დრო როდესაც ლიტვას, იტალიას, ხორვატიას, რუსეთს, სერბეთს და ა.შ. ტოლ–სწორად ვეთამაშებოდით
ამისათვის კი აუცილებელია ქართულმა გუნდებმა რეგულარულად ითამაშონ ევროთასებზე აიმაღლონ კლასი ევროჩელენდზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროლიგაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შემცირდება "გულშემატკივართა" რიცხვი ჩვენი ნაკრების სათადარიგოთა სკამზე.
დუდუ
07 სექტემბერი 2017 16:03
0
ეგ არაფერი, ამაზე გადაევლოს, თუკი საიდანმე კიდევ დავრჩით გასავარდნები... სამაგიეროდ, საზოგადოებრივზე ამ წუთშიც გადის რეკლამა, რომელიც მოგვიწოდებს გულმხურვალედ ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე... მე მგონი, უნდა დავუჯეროთ - კანონმორჩილების ამბავია...
მსქროლავი ტროლი
07 სექტემბერი 2017 15:59
4
დვალიშვილი ნაკრებში უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდებს მეტი დრო უნდა მიცემოდა. ცინცაძემ დაგვაღალატა და მაგას შემცვლელი უნდა. ზუროსი და დიქსონი გვჭირდება, სანიკიძეც მაგრა დაგვაკლდა
daTuna
07 სექტემბერი 2017 15:44
0
გეთანხმებით სრულად, სამწუხაროდ ეგაა რეალობა, ღრმა ანალიზი, სწორი შეფასება და სწორი დაგეგმარება, ჩვენ ქართველებს, უმეტესწილად გვაკლია...შეცვლებს რაც შეეხება: ამხანაგურების დროს კიდე უფრო აკეთებდა ზუროსი რაღაცეებს მაგრამ რეალურ თამაშებში სულ ცაიტნოტში ვიყავით და გამორიცხული იყო "მკვდარი სულების" მოედანზე გაშვება თყნდაც 30 წამით, ის კია არა, ორი ძირითადის მოთამაშე გაგვინულდა ეფექტყრობის კუთხით. ერთი რაც ვერ გამიგია ის არის, ძირითადი ხუთეული რატომ ვერ იწყებდა თამაშს მობილიზებული? აი ეს მართლაც ვერ ამომიხსნია! დავიჯერო ამ დონის ფსიქოლოგიური პრობლემა არსებიბს ნაკრებში? იქნებ ვინმემ კვალიფიციურად ახსნას ეს საკითხი, მადლობა. და კიდევ ერთი, რატომ არ წაიყვანეს ცქიტიშვილი და ფაცაცია?
ილია - ???-ს
07 სექტემბერი 2017 15:38
0
საოცარი "კანონზომიერებები" ახასიათებს ზოგადად ისტორიას და კერძოდ სპორტს. 2011 წლის ჩემპიონატზე სწორედ ის უკრაინა, რომელმაც დღეს თამაშგარე დაგვტოვა, დაგვეხმარა ჯგუფიდან გასვლაში, ბოლო ტურში მოიგო რა მატჩი, რომელიც მისთვის არაფრის მომტანი იყო.
S.K.
07 სექტემბერი 2017 12:35
0
სამწუხაროდ გამარჯვებების მერე უკვე აღარ გვახსოვს ხოლმე ის პრობლემები რაც მთელი თამაში სახეზეა. ლიტვასთან გამარჯვება დავაკომენტარე, რომ თუ არ გამოასწორებდნენ შეცდომებს, კონცენტრაციის დაკარგვას, ზაზა თუ არ მოუმატებდა ბიჭებს ენერგია არ ეყოფოდათ და დასანანი იქნებოდა თუ ეს ემოციური თამაში შედეგს არ მოიტანდა. სამწუხაროდ ასეც მოხდა. ბიჭებმა მაგარ მუხტში გვამყოფეს და მაგრად გვანერვიულეს მთელი ტურნირი და ეს მათი თამაშის სტილის დამსახურებაა - მოდუნება და მერე ამოქაჩვა, რასაც რათქმაუნდა ყოველთვის ვერ მიიყვანდნენ გამარჯვებამდე. ეს ამოქაჩვები რომ არ ყოფილიყო და თანაბრად წაგვეყვანა თამაშები თავიდანვე და იგივე შედეგით დაგვესრულებინა, ძალიან უსახური შეხვედრები იქნებოდა. მოკლედ ღრმად რომ არ წავიდეთ მე პირადად გუნდის თამაში ვერ დავინახე, ვერ ვნახე დამუშავებული კომბინაცია, ვერ ვნახე სწორი შეცვლები (თუნდაც ამ პატარა სკამით) უფრო ინდივიდუალიზმის დამსახურება იყო ის აფეთქებები რასაც პერიოდულად ახერხებდა გუნდი. გუნდში სათამაშო დისციპლინის პრობლემაც იყო, ამდენი ტექნიკური ჯარიმა მოთამაშეებს და მწვრთნელს ??? ან რატომ უნდა წაიყვანო კალათბურთელები რომლებსაც მოედანს არ თუ ვერ გააკარებ და თითოელს თუნდაც 2-3 წუთი ვერ შეუშვებ მოედანზე ძირითადების გვერდით. მოკლედ აღარ გავაგეძელებ და რბილად რომ ვთქვათ მწრთნელის ხელი მე ვერ დავინახე.
???
07 სექტემბერი 2017 12:20
1
ვინც გვყავს მათგან მაქსიმუმი უნდა გამოადნო რომ შედეგი გქონდეს და წყალში არ ჩაიყაროს ძირითადების თამაში. ამ გუნდით აპირებდა მწვრთნელი გასვლას, მაგრამ მგონი თვითონაც ვერ აფასებდა რეალობას სწორად. თუ აზრი არ აქვს და არ აპირებ გამოყენებას, მაშინ ვეტერანები კი არა ახალგაზრდები უნდა წაიყვანო რომ რაღაც ნაბიჯი გადადგან მომავლისთვის. ეს თობაც პირდაპირ მაღალი დონის კალათბურთელებად არ დაბადებულან და ნაკრებთან ერთად იზრდებოდნენ, მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, აბა ჩვენი ჩემპიონატის დონე და არჩევანის სიმწირე ვიცით ყველამ.
რეზო - ს
07 სექტემბერი 2017 15:47
1
ვინმე გვყავს კიდე კალათბურთელები? ან სად თამშობენ? რა დონეზე?
რეზო
07 სექტემბერი 2017 12:48
0
სახელმწიფომ და ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ზუროსის და დიქსონის შესანარჩუნებლათ. შერმადინი შენგელია და მარკოიშვილი დიდი ძალაა.
koko
07 სექტემბერი 2017 12:18
0

სიახლეები პოპულარული