მერვედფინალში ბალტიისპირელთა ძლევით ელინებმა გულშემატკივრებს დაანახეს, რომ დიდი გუნდები ძალებს თანაბრად ანაწილებენ, ნახევარფინალებისთვის ემზადებიან. მეოთხედფინალში რუსეთთან მატჩის მესამე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა რომ მოიპოვეს, ბერძნებს კიდევ უფრო შეემატათ თავდაჯერება.
არ ჩანდა გზა, რითაც რუსები თამაშს შემოატრიალებდნენ, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ გამოასწორა რუსეთმა შეტევაში თამაში, ჩამორჩენაც გააბათილა და საბოლოოდ 74:69 გაიმარჯვა. იანის ანტატოკუნმპოსა და ვასილის სპანულისის გარეშე მოთამაშე საბერძნეთი კი ის დიდი გუნდი არ აღმოჩნდა,
გმირი: რუსეთის ნაკრებს ბევრი კარგი კალათბურთელი ჰყავს, მაგრამ მწვრთნელ სერგეი ბაზარევიჩი ალექსეი შვედს ბოლომდე ენდობა და სწორედ მის თამაშზეა ბევრი რამ დამოკიდებული. აქამდე შვედს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა და რუსეთიც თამაშს თამაშზე იგებდა. საბერძნეთთან პირველ ტაიმში ალექსეიმ ბევრი შეცდომა დაუშვა და ბევრი ტყორცნაც გააცუდა.
შესაბამისად, ელინებიც კარგად სარგებლობდნენ რუსების შეცდომებით და, როგორც მოგახსენეთ, სხვაობასაც ზრდიდნენ. თუმცა მესამე ათწუთეულის ბოლოს რუსეთმა 11:2 გაქცევა მოაწყო, რაშიც სწორედ შვედს მიუძღოდა 7-ქულიანი წვლილი. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და ბოლო წამებს უნდა გადაეწყვიტა გამარჯვებულის ბედი. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბაზარევიჩმა თამაშიდან შვედი მოხსნა. მის ნაცვლად ბურთის გათამაშება დმირტი ხვოსტოვს დაეკისრა და თამაშიც მოიგო - საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე საშუალო დისტანციიდან ჩააგდო, რუსეთი 70:66 დააწინაურა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
სტატისტიკა არ ტყუის: ასეთ დაძაბულ მატჩებში ყოველმა შეცდომამ, ყოველმა აცილებულმა ორქულიანმა შეიძლება შეხვედრის ბედი გადაწყვიტოს. სამქულიანის სროლისას შესაძლოა, მეტოქემ ხელი შეგიშალოს, მაგრამ საჯარიმო ტყორცნებისას ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ბერძნებმა კი სწორედ საჯარიმოებში მოიკოჭლეს. ოდნავ უკეთესად რომ ესროლათ, აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. მათ 20-დან მხოლოდ 10 საჯარიმო გამოიყენეს.
13 სექტემბერი
საბერძნეთი-რუსეთი 69:74
24:17, 13:14, 16:20, 16:23
საბერძნეთი: კალათესი (25 + 7 პასი), პრინტეზისი (19), სლუკასი (7 + 6 შეცდომა), პაპანიკოლაუ (6 + 7 მოხსნა), პაპაიანისი (2) - სასტარტო; ბურუსისი (10 + 7 მოხსნა), მანძარისი, პაპასი, თ. ანტეტოკუნმპო, პაპაპეტრუ, არგავანისი.
რუსეთი: შვედი (26 + 7 შეცდომა), მოზგოვი (15 + 10 მოხსნა), ვორონცევიჩი (8 + 12 მოხსნა), ხვოსტოვი (7), კულაგინი (7) - სასტარტო; ფრიძონი (11), კურბანოვი, ანტონოვი, ზუბკოვი.
***
სტატისტიკა არ ტყუის: თელ ავივში, საქართველოსთან მატჩის წინ იტალიის ნაკრების თავკაც ეტორე მესინას იტალიელმა ჟურნალისტებმა ტანმაღალ კალათბურთელებზე ჰკითხეს - რას აპირებთ ძლიერი ქართველი ცენტრების წინააღმდეგო...
- რა ვუყოთ, რომ მაღალი მეფარეები არ გვყავს, ფეხებში წყალს ვერ დავუსხამთ... - ასეთი იყო მესინას პასუხი.
იტალიას ფარქვეშ საქართველომაც აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში სერბეთთან სამწამიან ზონაში ძალიან დაიჩაგრა. თავად განსაჯეთ: მოხსნებში სერბეთის ნაკრებმა 44:19 იმარჯვა, ხოლო ფარქვეშიდან ჩაგდებულ ქულებში - 44:18. ასეთი უპირატესობის გაბათილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ პერიმეტრზე რობინ ჰუდები გყავს ჩამწკრივებული. სერბებმა იტალიელებს პერიმეტრიც სათანადოდ გადაუკეტეს. მესინას შეგირდებმა მხოლოდ 8 სამიანი გამოიყენეს (29-დან), რაც სერბეთის დარი დაბალანსებული გუნდის დასამარცხებლად საკმარსი არ აღმოჩნდა.
გმირი: ბოგდან ბოგდანოვიჩმა 22 ქულას მოუყარა თავი, თუმცა სერბეთში ერთი კალათბურთელის გამოყოფა ძალიან რთულია. სალვებმა კარგად დაბალანსებული, გუნდური თამაშით მიაღწიეს წარმატებას. ნახევარფინალში კი სწორედ თავისნაირ რუსეთს დაუპირისპირდებიან...
მანამდე ესპანეთი-სლოვენიაა.
13 სექტემბერი
იტალია-სერბეთი 67:83
17:18, 16:26, 15:15, 19:24
იტალია: ბელინელი (18), დატომე (15), მელი (7), ჰაკეტი (5), კუზინი (2) - სასტარტო; ბარნსი (9), არადორი (4), ბილია (4), ფილოი (3), აბასი, ბალდი როსი.
სერბეთი: ბოგდანოვიჩი (22), ლუჩიჩი (11), კუზმიჩი (9 + 7 მოხსნა), იოვიჩი (6), ბირჩევიჩი - სასტარტო; მაჩვანი (13), მილოსავლევიჩი (10), მარიანოვიჩი (10 + 7 მოხსნა), მიჩიჩი (2), გუდურიჩი, შტიმაცი.
1/2 ფინალი
14 სექტემბერი
22:30 ესპანეთი-სლოვენია
15 სექტემბერი
22:30 სერბეთი-რუსეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"