ევრობასკეტი 2017: კოკოშკოვმა ესპანეთს მოუგო, სლოვენია ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
სლოვენიამ ესპანეთის საევრობასკეტო 13-მოგებიანი სერია შეწყვიტა. თან როგორ - მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან მეტოქისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი არ მიუცია, თითქოს მოქმედი ჩემპიონი კი არა, სადღაც ფინეთის ჯგუფის აუტსაიდერი ყოფილიყოს.

ქვემოთ ვიტყვით ვინ იყოჩაღა, რა კომპონენტებში ჰქონდათ უპირატესობა სლოვენიელებს, მაგრამ მთავარი, რისი წყალობითაც ფინალში გავიდნენ - შემართება იყო. იგორ კოკოშკოვის შეგირდები მატჩის სათამაშოდ საოცრად კონცენტრირებულები გამოვიდნენ, მოედანზე კი არ დადიოდნენ, დაფრინავდნენ. სხვანაირად ვერც გადაახტებოდნენ გაცილებით ტანმაღალ, NBA-ში გამოწვრთნილ გასოლებსა და რუბიოს.

გუშინ ტორეადორების დღე არ იყო, მათ "იჩ-ებმა" უჩვენეს კლასი -
დონჩიჩმა, პრეპელიჩმა, დრაგიჩმა... და კოკოშკოვმა.

გადამწყვეტი: პირველ ტაიმში სლოვენიელებს ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ორი რამ მაინც განსაკუთრებული იყო: სამქულიანი რამდენიც სტყორცნეს, იმდენი ჩააგდეს. იყო ფარიდან ასხლეტილი სამიანებიც.

მეორე - ფარქვეშეთი საოცრად კარგად დაიცვეს. ზონები იმდენად კარგად იყო გადაკეტილი და იმდენად საიმედოდ იდგნენ მეფარეები, რომ ძმები გასოლები სამწამიანიდან ქულებს იშვიათად აგროვებდნენ. შესაბამისად, პირველი ტაიმი სლოვენიის ოთხქულიანი გამარჯვებით დასრულდა (49:45).

დიდ შესვენებაზე, ალბათ, იგორ კოკოშკოვმა შეგირდები კიდევ უფრო შეაგულიანა, კალათბურთელებიც დარწმუნდნენ, რომ ესპანელთა ძლევა რეალური იყო და მესამე პერიოდიდან გაორმაგებული ენერგიით შეუტიეს. საწყისი ოთხი ქულა იაკა ბლაჟიჩმა ელვისებური გარღვევით აიღო, ისე, რომ მას ვერც ერთი ესპანელი ვერ დაეწია.

სამქულიანების წვიმა კვლავ გაგრძელდა, ხოლო 10, 15, 20-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად ესპანელები თამაშის ტემპსა და სტრატეგიას არ ცვლიდნენ. უფრო სწორად, ვერ ცვლიდნენ. სლოვენია მშვენივრად იდგა სამწამიანთან ზონაში, ხოლო პერიმეტრზე ზედმეტად ავიწროვებდა უკანახაზელებს. შესაბამისად, მაღლებიცა და ტანდაბლებიც საშუალო და შორი მანძილიდან ტყორცნების იმედად იყვნენ. ვერ აგდებდნენ.

სტატისტიკა არ ტყუის: ესპანელებმა 27-დან მხოლოდ 7 სამიანი ჩააგდეს, მაშინ, როდესაც სლოვენიამ 25-დან 14 ტყორცნა გამოიყენა პერიმეტრიდან. ერთმა გუნდმა მეორეს 7-ით მეტი სამიანი ჩაუგდო, რაც ჯამში 21 ქულაა. სხვაობაც დაახლოებით ასეთი იყო (+20) - 92:72. ასეა, უმაღლეს დონეზე თამაშის ბედს ხშირ შემთხვევაში სწორედ პერიმეტრი წყვეტს. რა თქმა უნდა, თუ ფარქვეშეთიც კარგად გაქვს დაცული.

გმირი: გორან დრაგიჩი და ლუკა დონჩიჩი ესპანელებმა ვერ გააჩერეს.

ისინი ტყორცნებსაც ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით აგდებდნენ და რაც მთავარია, გუნდს ათამაშებდნენ: თავისუფალ ზონებს პოულობდნენ, ფარისკენ მიიწევდნენ და ხან თავად აგდებდნენ, ხან პერიმეტრზე ამოჰქონდათ ბურთი სამქულიანებისთვის, ხან ფარქვეშ ისეთ პასს "დახატავდნენ", კანფეტს რომ უწოდებენ - გაფცქვნა არ სჭირდებოდა, ისე შეჭამდა კაცი.

შედეგად:
დრაგიჩი - 15 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.
დონჩიჩი - 11 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი.
სლოვენია - პირველად ევრობასკეტის ფინალში.



ევრობასკეტი 2017. 1/2-ფინალი
ესპანეთი-სლოვენია 72:92
19:25, 26:24, 12:24, 15:19
ესპანეთი: პ. გასოლი (16), რუბიო (13), მ. გასოლი (12 + 10 მოხსნა), სან-ემეტერიო (6), ნავარო - სასტარტო; როდრიგესი (9), ვ. ერნანგომესი (6), ხ. ერნანგომესი (5), სასტრე (3), ორიოლა (2).
სლოვენია: დრაგიჩი (15), რენდოლფი (15), ვიდმარი (12), დონჩიჩი (11 + 12 მოხსნა + 8 პასი), ბლაჟიჩი (7) - სასტარტო; პრეპელიჩი (13 + 5 შეცდომა), ნიკოლიჩი (7), დიმეცი (7), ზაგორაცი (5), რებეცი, ჩანჩარი.

დღეს
სერბეთი-რუსეთი 22:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ ვითომ კომენტატორებმა "ბრავო,ბრავოოო"-ს ღრიალი რომ შეამცირონ, არ შეიძლება? მთელი თამაში შეიძლება "ბრავოს" ყვირილი?! ხმას დაუწევ - დარბაზის ხმა იკარგება და ყურება უმუღამოა, აუწევ და ეგრევე ბღავილი,- "ნახეეეეთ, ბრავოოოოოო!"
რა უბედურებაა!
Gela
17:20 15-09-2017
0
არადა კაცო კოკოშკოვმა ამოწურა თავის რესურსი საქართველოს ნაკრებშიო :)))
ნოდარი
15:00 15-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული