შეგახსენებთ, რომ სლოვენიას საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი (2008-2013 წლებში) წვრთნის.
"სინამ ერდემ დოუმის" დარბაზში პირველი მეოთხედის წაგების (20:22) მიუხედავად, ტაიმი მაინც სლოვენიამ 9-ქულიანი უპირატესობით, 56:47 მოიგო. მესამე პერიოდში სერბებმა ხუთი ქულა გაქვითეს, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ დარჩენილ დროში სლოვენიის ნაკრები უკეთესად გაისარჯა და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.
მანამდე გამართულ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა რუსეთს მოუგო – 93:85 და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
2017 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ტურნირს, რომელშიც ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები გამოდიოდა, ისრაელმა, რუმინეთმა, თურქეთმა და ფინეთმა უმასპინძლეს, პლეი–ოფები კი სტამბოლში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა და საბოლოოდ ევრობასკეტზე მე–17 ადგილი დაიკავა.
ამიერიდან კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება.