ბასკებმა მიგვაჩვიეს, რომ ყოველწლიურად განახლებული შემადგენლობით მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან და შედეგიანადაც. იმედიანადაა შენგელიაც, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტს უთხრა - გუნდში ბევრი ახალწვეულია, მათგან მეორეხარისხოვანი თამაში კი არა, წინა პლანზე გამოსვლა გვინდაო.
"გუნდისთვის თითოეული კალათბურთელი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა წინ რთული სეზონი გაქვს და მაღალ მიზნებს ისახავ. გვაქვს ნიჭი, რაც ჩვენს პლუსად უნდა ვაქციოთ".
"ბასკონიაში" ახალი მწვრთნელია - პაბლო პრიჯონი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ სწორედ "ბასკონიას" ღირსებას იცავდა.
"პრიჯონი გენიოსი იყო, როგორც კალათბურთელი და მჯერა, რომ ასეთივე იქნება, როგორც მწვრთნელი, - ამბობს შენგელია. - ვარჯიშები NBA-ს სტილშია. ძალიან მომწონს. დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას, თუმცა ინდივიდუალურადაც ბევრს ვვარჯიშობთ".
ქართველი კალათბურთელი ამ ზაფხულს ყველა კომპონენტზე ინდივიდუალურად მუშაობდა, თუმცა იყო ერთი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია:
"როდესაც მაღალი დონის გუნდში ხარ, მუდმივად უნდა ზრუნავდე თამაშის გაუმჯობესებაზე. ამ ზაფხულს დიდი დრო დავუთმე საშუალო დისტანციიდან ტყორცნებს. ამას უშუალოდ მატჩებისას იხილავთ".
შენგელია ევრობასკეტზე თელ-ავივის ჯგუფში თამაშობდა. ამბობს, რომ საქართველოს "ძალიან კარგი" გუნდი ჰყავდა და იმაზე წინ უნდა წასულიყო, ვიდრე ეს რეალურად მოხდა.