ფიბას ხისტი პასუხი: ფედერაციის პრეზიდენტებმა ევროლიგას შეუტიეს

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ოპერატიულად გამოეხმაურა ევროლიგის წინადადებას და უარყო მისი მიერ შეთავაზებული ახალი კალენდრის პროექტი. FIBA-ში მიაჩნიათ, რომ ევროლიგა კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს.

"ფედერაცია გაეცნო ე. წ. "კალენდრის შეთავაზებას". ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც აშკარად დესტრუქციული ტაქტიკის ელემენტს. ამასთან, ევროლიგის მისწრაფება - მოახდინოს ამ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტის პროვოცირება, ევროკომისიის გამოძიების საგანი გახდება.

ევროლიგა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტამდე ორი თვით ადრე გამოვიდა წინადადებით. მასში წამოყენებულია იდეა - ეროვნული ნაკრებების ყველა ტურნირი ჩაატიონ ივლისის ოთხ კვირაში, რაც გულისხმობს ევრობასკეტებისა და თვით
ოლიმპიური თამაშების ვადების შეცვლას. ეს, უბრალოდ, არასერიოზულია და მიუღებელი", - წერია საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

* * *
ამასობაში, ესპანეთის, თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, გერმანიისა და რუსეთის საკალათბურთო ფედერაციების პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც დაადასტურეს, რომ ევროლიგის კალათბურთელებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ყველა შესარჩევ მატჩზე გამოიძახებენ, - იტყობინება FIBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.

აგრეთვე, ფედერაციები ითხოვენ - გადაიტანონ ევროლიგის რეგულარული სეზონის ორი ტური, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარების გამო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ზონაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტური 23-27 ნოემბერს გაიმართება, 23-24 ნოემბერს კი ევროლიგის მე-9 ტურის მატჩებია. შესარჩევის მესამე და მეოთხე ტურების ჩატარების თარიღია - 2018 წლის 22-26 თებერვალი, ევროლიგის 23-ე ტური კი 22-23 თებერვალს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული