სანდრო მამუკელაშვილმა კონფერენციის ჩემპიონობა დაკარგა და NCAA-ის საგზური მოიგო

AutoSharing Option
დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში სანდრო მამუკელაშვილმა Big East-ის ტიტული დათმო. ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი კონფერენციის საჩემპიონო მატჩში ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლმა” ბოლო წამებზე – 72:74 წააგო სრულიად NCAA-ის მოქმედ ჩემპიონ “ვილანოვასთან”, რომელმაც თავის მხრივ ზედიზედ მესამედ მოიგო Big East-ის ჩემპიონის ტიტული.

1 კვირის წინ, კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში სეტონჰოლელებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს “ვილანოვა” და მამუკელაშვილისთვის ის მატჩი კარიერაში საუკეთესო იყო (12 ქულა, 18 მოხსნა). სანდრომ ამჯერადაც შესანიშნავად ითამაშა – განსაკუთრებით კვლავ ფარზე გარჯით გამოირჩა და 14 მოხსნა მოაგროვა. მთლიანობაში კი
ქართველ ფორვარდს 7 ქულა, 14 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. სანდრომ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. “სეტონ ჰოლს” კი ტრადიციულად მაილს პოუელმა ულიდერა, რომელმაც ამჯერად 25 ქულა მოაგროვა.

ტიტულის გარეშე დარჩნილმა “სეტონ ჰოლმა” საჩუქარი მაინც მიიღო და ესაა NCAA-ის ჩემპიონატის საგზური. მოგეხსენებათ, კონფერენციების ჩემპიონატების დასრულების შემდეგ საუკეთესო 68 გუნდი სრულიად სტუდენტური ლიგის ჩემპიონატში ინაცვლებს და ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტს ავლენენ. NCAA-ის ჩემპიონატში ავტომატურად ხვდება 32 კონფერენციის გამარჯვებული, ხოლო დანარჩენ 36-ს სპეციალური კომისია არჩევს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც გუნდებმა სეზონის განმავლობაში აჩვენეს.

სანამ NCAA-ის ჩემპიონატი 1/32 ფინალიდან დაიწყებოდეს, 8 გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობს და ტურნირის ბოლო 4 საგზურს ეუფლება. საკვალიფიკაციოს შემდეგ მონაწილეთა რიცხვი 64-ამდე ივსება და ეგრედ წოდებული “მარტის სიგიჟე” 1/32 ფინალიდან იწყება. საპლეიოფო რაუნდები ერთ მოგებამდეა და ჩემპიონი გახდება ის გუნდი, რომელიც ზედიზედ 6 მატჩს (1/32, 1/16, 1/8, 1/4, 1/2 და ფინალს) მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა შარშან 2 რაუნდი გაიარა და ეგრედ წოდებულ Suite Eight-ში გასასვლელი ბრძოლა “კანზასთან” წააგო. წლეულს ამ შედეგის გაუმჯობესება “სეტონ ჰოლისთვისსოლიდური მიღწევა იქნება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული