ესპანეთის ჩემპიონატი: შენგელია დაშავდა, შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური დარჩა. ბექა ბურჯანაძის "დელტეკო" ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" და გიორგი შერმადინის "უნიკახას" კი პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვთ. 32-ე ტურში სამივე ქართველის, პლუს, ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული უკანახაზელის – თად მაკფადენის გუნდებმა ითამაშეს.

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბურგოსს" უმასპინძლა და 87:79 გაიმარჯვა. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბასკებს მეტოქე ბოლომდე გაუძალიანდა და გამარჯვება იოლად არ მოსულა.

ვიტორიელთა რიგებში 12 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ. ამ დროში მან 7 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. თოკოს ერთ-ერთ
ეპიზოდში თანაგუნდელმა ბურთი ალეი უპისთვის აუგდო, თუმცა მეტოქე უხეშად დაეჯახა და ქართველმა ფორვარდმა მოედანი სახედასისხლიანებულმა დატოვა - მან ცხვირი დაიზიანა. შეგახსენებთ, რომ თოკომ ამ სეზონში ცხვირის ტრავმის გამო არაერთი მატჩი ითამაშა ნიღბით.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი არგენტინელი პატრისიო გარინო გახდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელ მეტ ჯენინგს არ უთამაშია.

გიორგი შერმადინის "უნიკახამ" "მურსიასთან" სტუმრად 76:78 წააგო. ეს მატჩი მალაგელებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც ბექა ბურჯანაძის "დელტეკოსთვის", "მურსია" ხომ ბექას გუნდის უშუალო კონკურენტია და მასთან ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ამ მოგებით მურსიელებმა გასავარდნ ზონას დააღწიეს თავი.

გიორგი შერმადინმა "უნიკახაში" 21 წუთში 10 ქულა მოაგროვა, რასაც 2 მოხსნა მიამატა. მალაგელთა ბომბარდირის, კაილ ვილტიერის 21 ქულა "მურსიას" სნაიპერის, ასკია ბუკერის 25-მა ქულამ დაჩრდილა.

დასანანი მარცხი იწვნია ბექა ბურჯანაძის "დელტეკომ", რომელიც სტუმრად "ფუენლაბრადას" ძლევასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დათმო – 69:70.

ბექა ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ამ დროში მან 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. "ფუენლაბრადას" გამარჯვება უკრაინის ნაკრების ცენტრმა ვიაჩესლავ კრავცოვმა განაპირობა – 21 ქულა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელის, თად მაკფადენის "ხუვენტუდმა", რომელიც პლეი-ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, ფასეული გამარჯვება მოიპოვა – უშუალო კონკურენტი "მანრესა" 86:70 დაამარცხა.

მაკფადენმა 16 წუთი ითამაშა და 9 ქულა ჩააგდო.

ბექა ბურჯანაძის "დელტეკოს", ისევე, როგორც "ესტუდიანტესს", 10 მოგების წილ 22 წაგება აქვს. ისინი ესპანეთის ჩემპიონატში მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე ადგილებს ინაწილებენ. ლიგიდან ბოლო ორი, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტეადგილოსნები ვარდებიან. ბექას თანაგუნდელებს დარჩენილ ორ ტურში თუნდაც ერთი გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ, რომ ლიგაში ადგილი შეინარჩუნონ. თუმცა მეტად რთული კალენდარი აქვთ: 18 მაისს "ბარსელონას" ესტუმრებიან, 26 მაისს "რეალს" მიიღებენ.

შენგელიას "ბასკონია" მეორე-მესამე ადგილებს "ბარსასთან" ინაწილებს. ორივეს 25 მოგება (7 წაგება) აქვს. ბასკები უახლოეს მატჩს 18 მაისს თად მაკფადენის "ხუვენტუდთან" სტუმრად გამართავენ.

"ხუვენტუდს" 17 მოგება, 15 წაგება აქვს და მეშვიდე ადგილზეა (პლეი-ოფში 8 გადის), მეცხრეადგილოსან "მანრესას" მხოლოდ ერთი მოგებით უსწრებს.

შერმადინის "უნიკახას" 19 მოგება, 13 წაგება აქვს და დარჩენილ ორ ტურში რომც მოინდომოს, მეხუთიდან მეოთხე ადგილზე ვერ ავა, ვერც მეექვსეზე ჩამოქვეითდება…


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული