ევრობასკეტი 2021-სთვის თბილისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი სპორტული და არამხოლოდ სპორტული მოვლენის მოწმენი გავხდით, ევროპის 2021 წლის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნების ვინაობა მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის ბორდის წევრებმა დაასახელეს და საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, ვისაც ეს უდიდესი პატივი ერგო, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

"ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა, რადგან ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ!

საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც
მონაწილეობას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც მასპინძელს, ამჯერად შესარჩევი ეტაპის მატჩების ჩატარება აღარ მოუწევს და ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით წარდგება.

საქართველოსთვის ევროპის 2021 წლის კალათბურთის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის მინიჭება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა:

იმან, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა;

იმან, რომ საქართველოში კალათბურთი ტრადიციული სპორტის სახეობაა და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების დროს სპორტის სასახლე სრულად ივსება და რამდენჯერმე დაფიქსირდა ფიბას რეკორდი - ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების დროს თბილისში ყველაზე მაღალი დასწრება იყო!

იმან, რომ კალათბურთის ფედერაციას მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აბსოლუტურად ყველა უწყება, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ევროპირველობის საორგანიზაციო საკითხებში ჩართვა მოუწევს.

ჩვენ ორგანიზატორებს მივეცით გარანტია, რომ 2021 წლის კალათბურთის ჩემპიონატისთვის თბილისში, დიღმის ახალი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება ახალი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის მიმართ გააჩნია.

სრული მხარდაჭერაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, აღნიშნულ საკითხში პირადად არის ჩართული საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ასე წარმატებით წარადგინა საქართველო კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტისა და ბორდის წევრების წინაშე", - აღნიშნა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპირველობას წარმატებით უმასპინძლებს და ჩვენი ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე არაერთ გამარჯვებას მოიპოვებს.

15 ივლისს, მიუნხენში გამართული კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის სხდომაზე გაირკვა იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. საქართველომ ბორდის წევრების მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ევროპირველობის ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. სულ ევროპირველობის მასპინძლობისთვის იბრძოდა 7 ქვეყანა: გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და საქართველო. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღეს: საქართველომ, გერმანიამ, იტალიამ და ჩეხეთმა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გასამართი პლეი-ოფის მატჩების მასპინძელი გერმანია იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გილოცავთ! ტრანსპორტი თუ არ მოწესრიგდა დიღომში ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა პრობლემები შეექმნება ქართველ და უცხოელ ქომაგებს?
თემო
16:46 16-07-2019
0
მეტრო უნდა მივიდეს მაგ სასახლემდე, ისე იქნება დიდი სამანქანო საცობი და დომხალი.
Leonti
15:27 16-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული