შენგელიამ ალავას თასი შერმადინს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის გუნდებმა ახალი სეზონისთვის მზადება ერთმანეთთან მატჩით დაასრულეს. შენგელიას “ბასკონია” და შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარი” ერთმანეთს ალავას თასის ფინალში შეხვდნენ. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ბასკონიელთა გამარჯვებით – 78:75 დასრულდა. ალავას თასი ვიტორიული კლუბის ქართველმა კაპიტანმა – თორნიკე შენგელიამ ჩაიბარა.

შენგელიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28:36 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი
4-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბასკონიამ პირველი მეოთხედი 16:27 წააგო, შემდეგ კი ჩამორჩენის აღმოფხვრა დაიწყო და სტუმრები ბოლო წამებზე “გატეხა”. წარმატებაში მცირე წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა. მისი მონაგარი 5 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი იყო.

შედეგიანად გაისარჯა ტენერიფელთა ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი. ის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:43 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 3 შეცდომა ჰქონდა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

“ტენერიფეს” რიგებში შეუჩერებელი იყო ფინეთის ნაკრების სნაიპერი სასუ სალინი, რომელმაც 9-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მოუგროვდა, ბრაზილიელმა ახალწვეულმა მარსელიონი უერტასმა კი 10 შედეგიანი პასი ჩამოარიგა, რასაც 6-6 ქულა-მოხსნა წაამატა.

ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს მომავალ კვირას აიღებს. 25 სექტემბერს ტენერიფელები "ბილბაო ბასკეტს" უმასპინძლებენ, 27-ში "ბასკონია" "ესტუდიანტესს" დაუხვდება, 26-ში კი "სარაგოსას" გაეჯიბრება ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია", რომელიც დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას დღეს, მალაგაში, "უნიკახასთან" გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული