თორნიკე შენგელიას კლუბი მოულოდნელად დამარცხდა, ბურჯანაძის გუნდმა პირველად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბევრისთვის მოულოდნელად, შინ დამარცხდა თორნიკე შენგელიას "ბასკონია". წინა ტურში "უნიკახამ" შინ "ტენერიფესთან" წააგო და თითქმის წარმოუდგნელი იყო, რომ ამჯერად ევროლიგის წარმომადგენელ ამბიციურ "ბასკონიას" დაამარცხებდა. თუმცა ბასკებმა გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ "უნიკახასთან" ბოლო წამებზე 77:78 დათმეს.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთიც ითამაშა. ამ დროში მან 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მეთ ჯენინგმა კი შეხვედრაში 16 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მატჩის გმირი კი მალაგელი ჯოშ ადამსი გახდა, რომელმაც 23 ქულას
მოუყარა თავი და "უნიკახას" გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიამ", რომელსაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამარჯვება არ ჰქონდა, პირველი 2 ქულა მოიპოვა. კანარისკუნძულელები მესამე ტურში სტუმრად "მანრესას" შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით – 75:74 დაამარცხეს.

მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომლის პირველი ნახევარი სტუმრებმა 7 ქულით მოიგეს. სწორედ 7 ქულით იმარჯვეს მანრესელებმა მესამე პერიოდში და ბოლო ათწუთეულში ყველაფერი ახლიდან დაიწყო. გადამწყვეტი პერიოდი კანარისკუნძულელებმა 19:18 მოიგეს და შეხვედრაც სათავისო ანგარიშით დაასრულეს.

გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც 25 წუთი ითამაშა. ამ დროში 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო.

"ბასკონიას", ისევე, როგორც შერმადინის "ტენერიფესა" და ბურჯანაძის "გრან კანარიას", სამი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს. 13 ოქტომბერს ბასკურ დერბიში ბასკონია სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული