ბეჟანიშვილმა "ილინოისის" რეკორდულ მატჩში 10 ქულა ასპროცენტიანი სიზუსტით ჩააგდო

AutoSharing Option
გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოის ფაითინ ილინიმ” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო და მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მარცხი გააჩნია. ეს არასაკონფერენციო მატჩებია და ილინოისელებიც ასე იოლად ამიტომ აგროვებენ მოგებებს. დეკემბერში კი NCAA-ში კონფერენციების ჩემპიონატები დაიწყება და დიდი მტკიცება არ უნდა, რომ ისევე, როგორც Big Ten-ის კონფერენციის სხვა გუნდების, ილინოისელთა შედეგიანობაც იკლებს.

თავად განსაჯეთ, მიმდინარე სეზონში ამ კონფერენციის 5 გუნდი დაუმარცხებელია, ხოლო სამს ("ილინოისს" მათ შორის) მხოლოდ 1 წაგება გააჩნია. ასეთ შედეგიანობას მოწინავე გუნდები იმ მარტივი მიზეზით ვერ შეინარჩუნებენ, რომ
დეკემბრიდან Big Ten-ის კონფერენციაში ერთმანეთთან მოუწევთ შერკინება.

ახლა კი, როცა არასაკონფერენციო თამაშებია, გუნდებს ოპონენტები ურთიერთმოლაპარაკებით, წინასწარ ჰყავთ შერჩეული. თუნდაც გასულ მატჩში, “ილინოის ილინი” NCAA-ის მეორე დივიზიონის გუნდს – “ლინდენვუდს” შეხვდა და რა გასაკვირია, რომ 52 ქულით –117:65 გაანადგურა. ამერიკელებს ხომ ყველანაირი სტატისტიკის დათვლა უყვართ და ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ “ილინოისისთვის” რეკორდი გამოცხვა.

2 ზედიზედ მოგებულ მატჩში ჩაგდებული ქულების მაქსიმალური ჯამი აქამდე 229 ქულა იყო, როცა 1993 წელს ილინოისელებმა “ამერიქან უნივერსითი” და “ჩიკაგო სტეიტი” დაამარცხეს. ბეჟანიშვილის გუნდმა კი “ლინდენვუდს” ხომ 117 ქულა ჩაუგდო, წინა შეხვედრაში “ჰემპტონი” 120:71 ჰყავდა დამარცხებული და ამ 2 მატჩის ჯამში მოგროვებული 237 ქულით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ბეჟანიშვილმა "ლინდენვუდთან" სასტარტო ხუთეულში, 20 წუთი ითამაშა და 10 ქულა ისე მოაგროვა, ბურთი არ აუცელია. გიორგიმ 4-დან 4 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულას ქართველმა ფორვარდმა 4 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. 24 ქულით ილინოისელთაგან საუკეთესო იყო გუნდის ბომბარდირი აიო დოსუმნუ.

“ილინოისს” მორიგ არასაკონფერენციო მატჩში უკვე სერიოზული მეტოქე ეყოლება – ACC კონფერენციის წარმომადგენელი “მაიამი ჰარიქეინსი”, რომელსაც 3 დეკემბერს დაუპირისპირდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული