ბეჟანიშვილის 12 ქულა და 8 მოხსნა – "ილინოისმა" "მიჩიგანთან" ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ილინოისელები სტუდენტური ლიგის მიმდინარე რეიტინგის საუკეთესო 5-ეულის წარმომადგენელ "მიჩიგანს" შეხვდნენ და 71:62 დაამარცხეს. "მიჩიგანი" "ილინოისის" თანაკონფერენციელია, თუმცა ეს თამაში არ გახლდათ Big Ten-ის შიდასაჩემპიონატო. კონფერენციების ჩემპიონატები სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს.

თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. რეიტინგის მოწინავე გუნდის დამარცხება გამორჩეული საქმეა. თანაც, ილინოისელებს 2013 წლის შემდეგ საუკეთესო 5-ეულის წარმომადგენელი დამარცხებული არ ჰყავდათ. გასახარია, რომ ამ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი სწორედ ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. გიორგი ბეჟანიშვილი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო და საკვანძო ფიგურა გახლდათ.

ქართველმა ფორვარდმა 35 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეორე ტაიმის მნიშვნელოვან მომენტებში გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა, ჯერ მეტოქეს დაუფარა, შემდეგ ცალი ხელით ეფექტური შესვლის მერე ჩატენა და ბოლოს მნიშვნელოვანი მოხსნა მოიპოვა მეტოქის ფარზე. როცა გიორგიმ ჩატენა, მან "ილინოისის" 10-ქულიანი უპირატესობა აღადგინა ფავორიტთან მატჩში.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები კოფი კოკბერნი (19 ქულა, 10 მოხსნა) და აიო დოსუნმუ (14 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ. სხვათა შორის, ამ მატჩში კოკბერნს, უფრო ზუსტად კი, მატჩის ერთ-ერთ არბიტრ ლიუის გარისონს უსიამოვნო ინციდენტი მოუხდა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კოკბერნმა მორიგი, თუმცა ძალიან საკვანძო ბურთი ჩააგდო და სიხარულის აღსანიშნავად მოქნეული ხელი მსაჯს თავში მოარტყა (ნახეთ ვიდეო). გარისონი იატაკზე დაეცა და ის მოედნიდან დამხმარეების გარეშე გავიდა. გარისონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სერიოზული ტრავმა არ მიუღია, თუმცა გამოკვლევებისთვის ჰოსპიტალში დატოვეს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული