საქართველოს ნაკრებისა და "იბეროსტარ ტენერიფეს" ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.
ლიგა ენდესის ოფიციალურმა საიტმა ცნობა გიორგი შერმადინისათვის ტურის MVP-ის სტატუსის მინიჭების შესახებ სეზონში უკვე მეოთხედ გაავრცელა. ბუნებრივია, ამ მიღწევით გიორგი ლიგის ლიდერია.
განვლილ ტურში "იბეროსტარმა" საკუთარ კედლებში დაამარცხა "ესტუდიანტესი" - 76:59. გიორგიმ პარკეტზე 25:24 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 21 ქულა და 14 მოხსნა მოუტანა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 იყო, რაც ტურში საუკეთესო აღმოჩნდა.
"იბეროსტარი" 12 მოგებითა და 6 მარცხით ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.