ქართველების საოცარი მატჩი ყატარში: ბერიშვილის 42 ქულა და ცინცაძის 16 პასი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატში ზეშედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდისთვის იღბლიანი გამოდგა უშუალო კონკურენტ "ალ ვაკრასთან" მატჩი, რომელშიც ბერიშვილის წყალობით "ალ შამალმა" 109:80 იმარჯვა.

მიხეილმა მოედანზე გატარებულ 38 წუთში 42 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა სნაიპერმა 9-დან 8 ორქულიანი, 8-ვე სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. ბერიშვილმა ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 50-ს გაუტოლდა და რა გასაკვირია, რომ ის მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ
(MVP) აღიარეს.

ბერიშვილმა ბურთების უმეტესობა გიორგი ცინცაძის პასებით ჩააგდო. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მოედანზე 38:51 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 16 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა. ცინცაძემ 7-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 29 შეადგინა, რაც სტუმართა რიგებში ბერიშვილის შემდეგ მე-2 მაჩვენებელი იყო.

"ალ შამალმა" ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და 9 მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ "ალ სადთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბალი დონეა სამწუხაროდ მაგ ქვეყნის ლიგაში
Динамовец
15:30 22-01-2020
0

სიახლეები პოპულარული