ბურჯანაძე იზოლაციაში ვარჯიშობს და ესპანეთის ტოპ-კლუბებს კანარის კუნძულებზე ელოდება

AutoSharing Option
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულების კონტურები გამოიკვეთა და მონახაზი ასეთია: პლეი ოფში 12 გუნდი გავა, რომლებიც კანარის რომელიმე კუნძულზე შეიკრიბებიან 10 ივლისამდე ჩემპიონს გამოავლენენ. ესპანური ლიგის ხელმძღვანელობამ გუნდების ხელმძღვანელებთან ონლაინ-კონფერენცია გამართა და ბოლო ვადად 31 მაისი დაითქვა, როცა გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. მანამდე კი პლეი ოფის შესაძლო მასპინძელ “გრან კანარიას” ქართველი ლეგიონერი სპეციალური პროგრამით სახლის პირობებში ვარჯიშობს და გასართობ საშუალებად ონლაინ-თამაშები აქვს. ბექა ბურჯანაძე, ისევე როგორც “გრან კანარიას” 12-ივე წევრი მკაცრ კარანტინში არიან და იმედი აქვთ, ესპანური ლიგა გაგრძელდება და
მათი კლუბი პლეი ოფის ყველა შეხვედრას ლას პალმასში უმასპინძლებს. ბექა ბურჯანაძეს გრან კანარიის კუნძულზე შევეხმიანეთ და ესპანური ლიგის ცხელ-ცხელ ამბებთან ერთად მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მომავალ ევრობასკეტზე ვესაუბრეთ…

განსაკუთრებული სამზადისი დერბისთვის და შეჩერებული ესპანური ლიგა

14 მარტს, შაბათს, პრინციპული მატჩი გველოდა გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტართან” და ჩვენი გუნდი, “გრან კანარიაც” განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დერბისთვის. მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატში 2 გუნდია კანარის კუნძულებიდან და სწორედ მათი შერკინება უნდა გამართულიყო 14 მარტს და როგორც ორშაბათს შევიტყვეთ, ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ხელმძღვანელობამ ახალი დიზაინის ფორმები შეგვიკერა, რომლითაც პირველად სწორედ “ტენერიფესთან” უნდა გვეთამაშა, მაგრამ ამ შეხვედრას ჩატარება არ დასცალდა. 11 მარტს გავიგეთ, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდებოდა, ხოლო მეორე, თუ მესამე დღეს შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ასე რომ, 12-13 მარტის შემდეგ ვარჯიშები შეწყდა და გუნდის ყველა წევრი გადავედით საკუთარ სახლებში, კარანტინში.

სავარაუდო გამოსავალი: პლეი ოფი კანარებზე 12 გუნდით?

20 აპრილს იყო ონლაინ-კონფერენცია, რომელზეც ესპანეთის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ხელმძღვანელობა ACB ლიგის ყველა გუნდის მენეჯერს და პრეზიდენტს სეზონის შესაძლო გაგრძელება-დასრულებაზე ესაუბრა. 31 მაისს არის დედლაინი, ანუ ბოლო ვადა, როცა უნდა გადაწყდეს, ამ სეზონში გაგრძელდება თუ არა ჩემპიონატი. შესაძლო სცენარებს შორის ყველაზე რეალურია, რომ მიმდინარე ცხრილში 12 საუკეთესო გუნდი შეიკრიბება კანარის რომელიმე კუნძულზე და მაქსიმუმ 10 ივლისამდე დაასრულებს ჩემპიონატს. ერთ-ერთი კანდიდატი ჩვენი ქალაქი ლას პალმასია და იმედია, თუ სეზონი გაგრძელდა, ჩვენს გუნდს შეარჩევენ მასპინძლად და ესპანეთის ჩემპიონატს შინაურ არენაზე დავასრულებთ, სადაც წარმატების მიღწევის მეტი შანსი გვექნება.

გრან კანარია – გეგმები და რეალური შანსები

სეზონის დასაწყისშიც და ალბათ ახლაც, სანამ თამაშები შეწყდებოდა, ჩვენი გუნდისგან უფრო მეტს მოელოდნენ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გრან კანარიას შემადგენლობის 95 პროცენტი თავისი მთავარი მწვრთნელიანად სეზონის მსვლელობის დროს შეიცვალა. არ იყო ადვილი ახალი წევრების შეთამაშება და ამისთვის არცთუ ცოტა დრო დაგვჭირდა. ამ ბოლოს მართლა კარგად ვთამაშობდით, 2-3 მოგება გვქონდა ზედიზედ და კარგი შანსი იმისა, რომ კიდე უფრო მოგვემატებინა და ამიტომაც ძალიან გვეწყინა სეზონის (იმედია, დროებით) ჩაშლა. გუნდის მიზანს რაც შეეხება, თავიდანვე პლეი ოფში, ანუ 8 საუკეთესოს შორის მოხვედრა და რომელიმე ევროტურნირზე გასვლა იყო. ეს მიზანი ძალაში რჩება, თუმცა სეზონი თუ გაგრძელდა, დიდი ალბათობით 12 საუკეთესო გავა პლეი ოფში.

მიღწეულზე არ ვჩერდები

ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა მოიგოს. როგორც ყოველთვის, ის მიზანი მაქვს, საკუთარი თამაში მატჩიდან მატჩამდე გავაუმჯობესო. ასე რომ, არასდროს არ ვარ კმაყოფილი და ვთვლი, რომ ყოველთვის შეიძლება უფრო მეტის მიღწევა.

გაფრთხილება ყველა გრანკანარელს: არ დატოვოთ კუნძული

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფრენები არ იყო შეწყვეტილი და შეიძლებოდა მგზავრობა, გუნდის წევრები გაგვაფრთხილეს, რომ არავის არ გვქონდა კუნძულის დატოვების უფლება. შესაბამისად, ყველანი გრან კანარიაზე ვართ, საკუთარ სახლებში, მკაცრად ვიცავთ კარანტინის პირობებს და ველოდებით ჩემპიონატის გაგრძელებას.

ველო-ტრენაჟორი და სავარჯიშო ინსტრუქცია ყველას

სავარჯიშო პროგრამა გვაქვს, რომელიც გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა შეგვიდგინა. თორმეტივე კალათბურთელს დაგვირიგეს ველო-ტრენაჟორი, რათა ფიზიკური ფორმა შევინარჩუნოთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელია, როცა ბურთთან შეხება არ გვაქვს, არ ამოვარდე ფორმიდან, თუმცა მაქსიმუმს ვაკეთებ და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებით ვცდილობ კომპენსირება მოვახდინო. ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის და თუკი სეზონი გაგრძელდა, რისი დიდი იმედიც მაქვს, თამაშებს მოუმზადებელი არ შევხვდები.

საქართველო უფრო უსაფრთხოა

სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე და პატარა გოგონა აქ არ არიან. სწორედ მაშინ, როცა აპირებდნენ საქართველოდან ესპანეთში წამოსვლას, 1-2 დღით ადრე იფეთქა კორონავირუსმა და დაიწყო ესეთი მასშტაბის პანდემია. მაშინ გული კი დამწყდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, მათი უსაფრთხოებისთვის, ნამდვილად ჯობდა დარჩენა და იმ მგზავრობის თავიდან არიდება, რაც მათ ლას პალმასამდე ელოდათ სხვადასხვა თვითმფრინავებსა და აეროპორტებში. სამწუხაროდ, ძალიან მიჭირს, რომ აქ მარტო ვარ, თუმცა თბილისში უფრო დაცულები არიან და ესაა მთავარი.

კანარის კუნძულებზე კორონავირუსი ვერ ბობოქრობს

კანარის კუნძულებზე არაა ისეთი საგანგაშო ვითარება, როგორც მადრიდში, ბარსელონაში და კონტინენტური ესპანეთის სხვა დიდ ქალაქებში. სწორედ ამიტომაც გადაწყდა, რომ თუ ესპანეთის ჩემპიონატი გაგრძელდა, ეს მოხდება კანარის კუნძულებზე. პროცენტულად ესპანეთში ყველაზე ნაკლები ინფიცირებული კანარის კუნძულებზეა, რომელებიც აფრიკის კონტინენტთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე პირენეის ნახევარკუნძულთან, რომელზეც ესპანეთი მდებარეობს.

გართობა ონლაინ-ვიდეოთამაშებია

წავიკითხე დუდა სანაძის ინტერვიუ და მართლაც, მე და ის ყოველდღიურად ვთამაშობთ ინტერნეტის საშუალებით. ძირითადად Playstation-ის Call of Duty-ია ჩვენი ინტერესის სფერო და თამაშში ხშირად თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძეც გვიერთდებიან. ასე რომ, კომპიუტერული თამაშები საუკეთესო საშუალებაა იზოლაციაში დროის გასაყვანად.

თადარიგი პროდუქტების შესაძენად

მიუხედავად იმისა, რომ აქ არაა რთული ვითარება, პროდუქტების მომარაგების მხრივ თადარიგი უნდა დაიჭირო. ვცდილობ, ერთ გასვლაზე იმდენი პროდუქტი შევიძინო, მთელი კვირა რომ მეყოს. თანაც, თუ ადრიანად არ გახვედი მარკეტში, დღის მეორე ნახევარში დახლების უმეტესობა დაცარიელებულია. ეს ეხება ხორცის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს და სხვა ძირითადი მოთხოვნილების საქონელს.

საქართველოს ნაკრების პოტენციალი

საქართველოს ნაკრებს მართლაც დიდი პოტენციალი გააჩნია. 2 ურთულესი მატჩი მოვიგეთ ისე, რომ არაერთი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და თანაც, სატურნირო თვალსაზრისით სანერვიულო არაფერი გვქონდა. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ვართ და მოგეხსენებათ, ევრობასკეტის საგზური განაღდებული გვაქვს. ასეთ ვითარებაში შვეიცარიის და განსაკუთრებით სერბეთის დამარცხება ხაზს უსვავს ქართულ, მებრძოლ ხასიათს, რომ არასდროს არ ვნებდებით და ყველა თამაშზე გასამარჯვებლად გავდივართ. ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შანსი, ასეთ მატჩებში დამეცვა ჩვენი ქვეყნის სახელი და დავხმარებოდი საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოპოვებაში.

ევრობასკეტის მოლოდინში

სამწუხაროდ, ევრობასკეტმა 1 წლით გადაიწია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს . მთავარია, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ვმასპინძლობთ ამ უდიდეს ტურნირს, რომლის წინა 4 ჩემპიონატის ჩატარება საზღვარგარეთ გვიხდებოდა. უმნიშვნელოვანესია, ევრობასკეტის დაწყებამდე ყველა მოთამაშე ტრავმის გარეშე მივიდეს, სხვა მხრივ კი ჩვენი პოტენციალი უსაზღვროა და მჯერა, საკუთარი ქომაგების თვალწინ მეტი შემართებით ვითამაშებთ და ვასახელებთ საქართველოს. მთელი გულით, მოუთმენლად ველი ევროპის ჩემპიონატს და მჯერა, ასეა ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარი.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული