საბერძნეთში მოგებულ ევროსათასო მატჩში ბურჯანაძემ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
დღეს ევროლიგა იწყება. ამ ტურნირის ორგანიზატორმა, ფიბა-სთან დაპირისპირებულმა ულებ-მა კი გუშინ თავისი მეორე საკლუბო ტურნირი, ევროთასის გათამაშება დაიწყო, რომელშიც ბექა ბურჯანაძის “გრან კანარია” ასპარეზობს. კანარელებმა პირველი ტურის მატჩი საბერძნეთის ქალაქ პატრაში, “პრომითეასთან” გამართეს და 86:75 გაიმარჯვეს.

შეხვედრა მასპინძლებმა უკეთესად დაიწყეს და მესამე პერიოდის ბოლომდე ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდა, რომელ გუნდს უფრო მაღალი კლასის კალათბურთელები ჰყავს. “კანარიამ” შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა, შეტევაში კი მიზანი გაისწორა და საბოლოოდ 86:75 იმარჯვა.

ქართველმა ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა. იგი მოედანზე
მეორე პერიოდის ბოლოს გამოვიდა, მეორე ტაიმში კი მოედანზე აღარ გამოჩენილა. მწვრთნელი ბექას ბოლომდე ენდობა და რომ არა გარკვეული მიზეზი, აუცილებლად ათამაშებდა.

ჯეიკობ ვაილიმ 22 ქულა ჩააგდო და კანარელთა ბომბარდირი გახდა. მან ქულების უმეტესობა მეოთხე პერიოდში მოაგროვა. მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა ენდრიუ ალბისიმ მატჩი 17 ქულითა და 6 პასით დაასრულა. მატჩის ბომბარდირი მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი იან მილერი გახდა – 27 ქულა.

ამ 2 გუნდის გარდა, ევროთასის D ჯგუფში არიან იტალიური “დოლომატი”, ფრანგული “ნანტრი 92”, ხორვატიული “ცედევიტა” და თურქული “ბურსასფორი”. შემდეგ მატჩს ბურჯანაძის გუნდი შინ “ნანტრისთან”, 7 ოქტომბერს გამართავს.

რაც შეეხება გათამაშების ფორმატს, ევროთასში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. 2 წრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავა და 16 კვალიფიცირებული გუნდი ასევე 4 ჯგუფში გადანაწილდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული